Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ირანს შეეძლებოდა ბირთვული იარაღი ერთ წელიწადში განევითარებინა


ლეონ პანეტა
ლეონ პანეტა
იმ ვითარების ფონზე, როცა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ირანში ჩავიდნენ ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესამოწმებლად და როცა ირანს გაეროსა და ცალკეული რეგიონალური ბლოკების მიერ დაწესებული აქვს სანქციები მისი ბირთვული პროგრამის გამო, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, თეირანს რომ გადაეწყვიტა, ის შეძლებდა ბირთვული იარაღი ერთ წელიწადში განევითარებინაო.

ლეონ პანეტამ თავისი ეს განცხადება გააკეთა ტელევიზიით, როცა ის კვირას ტელეგადაცემა „60 წუთში“ გამოვიდა. როგორც გითხარით, მან განვითარების შესაძლებლობა ახსენა და ამისთვის ერთი წელიწადი ივარაუდა. რაც შეეხება ამგვარი იარაღის ამოძრავებას, მისი გადამტანის შექმნას, პანეტას აზრით, ამ საქმისთვის ირანს ორი ან სამი წელიწადი დასჭირდებოდა.
თუ მათ პროგრამის განხორციელება განაგრძეს და დაზვერვამ გვაცნობა, რომ ბირთვულ იარაღს ამზადებენ, მაშინ მივმართავთ ნებისმიერ ზომას, რომელიც საჭირო იქნება მათ შესაჩერებლად...

საერთაშორისო მეთვალყურეების ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით თეირანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ნოემბერში ბირთვულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მასალები, რის საფუძველზეც გამოითქვა ვარაუდი, რომ ადრე ირანი ცდილობდა ბირთვული იარაღი შეექმნა. ეს მასალები ეხებოდა წარსულ პერიოდს, როცა ირანს ბირთვულ პროგრამაში, ექსპერტების ვარაუდით, შეიძლებოდა სამხედრო ელემენტები ჰქონოდა. პანეტას თქმით, თუ ირანი ბირთვულ იარაღს დაეპატრონა, აშშ და მისი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი, ნებისმიერ ზომას მიმართავენ:

„თუ მათ პროგრამის განხორციელება განაგრძეს და დაზვერვამ გვაცნობა, რომ ბირთვულ იარაღს ამზადებენ, მაშინ მივმართავთ ნებისმიერ ზომას, რომელიც საჭირო იქნება მათ შესაჩერებლად.“

ირანის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ მასუდ ჯაზაიერიმ ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში ასე ილაპარაკა:

„ყოველგვარ მუქარასა და აგრესიას გამანადგურებელ პასუხს გავცემთ. ეს პასუხი მათ სანანებლად გაუხდის ასეთ საქციელს. იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, მაშინ გამოჩნდება, ვინ არის ის, ვის სიტყვასაც საქმე არ მოჰყვება: აშშ თუ ირანი.“

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ვიზიტის მიმართ. ცხადია, არა მგონია, რომ სასწაული მოხდება ერთ დღეში, მაგრამ, ხომ იცით, ნებისმიერი გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება...
როგორც გითხარით, ამ რიტორიკის მოწმე ხდება საერთაშორისო თანამეგობრობა მაშინ, როცა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია თეირანში იმყოფება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აქბარ სალეჰი ოპტიმისტურად იყო განწყობილი სააგენტოს მისიის თაობაზე:

„სულ მოკლედ გეტყვით, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ვიზიტის მიმართ. ცხადია, არა მგონია, რომ სასწაული მოხდება ერთ დღეში, მაგრამ, ხომ იცით, ნებისმიერი გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.“

კვირას ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ექსპერტების სტუმრობა ირანში გამოცდაა ამ უწყებისთვის. მისი თქმით, ირანი მასთან სრულად ითანამშრომლებს, თუ სტუმრები პროფესიულად იმოქმედებენ და არა როგორც „დასავლეთის იარაღი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG