Accessibility links

logo-print

"ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამასადმი


"ნიუ-იორკ ტაიმსის" დღევანდელ ნომერში ფასიანი რეკლამის ფორმით გამოქვეყნდა ქართველი ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასადმი, სახელწოდებით „საქართველო გზაჯვარედინზე“. წერილი ეძღვნება ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას. „... ვარდების რევოლუციიდან რვა წლის გასვლის შემდეგ ჩემს ქვეყანას მხოლოდ ორიოდე წარმატება თუ აქვს და ის კვლავ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაჯვარედინზე იმყოფება. პროგრესი, რომელიც პოსტ-რევოლუციურ წლებში აღინიშნა - იქნებოდა ეს ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურების, მცირემასშტაბიან კორუფციასთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით - შეფერხებულ იქნა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობის გამო. ამის ნაცვლად, გვაქვს სუპერ-ცენტრალიზებული, თითქმის ნეო-ბოლშევიკური მართვის სტილი - რომელმაც თავი დიდი ხნის წინ ამოწურა და მხოლოდ ქვეყნის განვითარებას კი არ აფერხებს, არამედ საკუთარ მიღწევებსაც უთხრის ძირს“. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ იმ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც მას საქართველოს მმართველი ელიტის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ აქვს, ის მაინც ოპტიმისტურად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი თეთრ სახლში დაპატიჟეს. „ვიცით, რომ ამ ოფიციალურ ვიზიტს სამი წელიწადი დასჭირდა“ - წერს ავტორი და განაგრძობს, რომ საქართველოს პოზიციები შეარყია პრობლემებმა, რომლებიც აღინიშნება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარების, ადამიანის და საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით - ისევე, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებულმა შეტევებმა და სასტიკმა კამპანიებმა, მედიისა და ბიზნესების პოლიტიკურმა შევიწროებამ, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების არაოფიციალური, ბუნდოვანი ფორმით მიღების პრაქტიკამ და ელიტურმა კორუფციამ. „თუმცა, ჩვენ ისიც ვიცით, რომ საქართველო, რომელიც ბევრი საფრთხის წინაშეა, არ უნდა დაისაჯოს მისი მმართველი ელიტის შეცდომების გამო - და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაც ამას მოწმობს. ამდენად, ახლა საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მეგობარს დაუდგა დრო - ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე - რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ინტენსიური დიალოგის ჩარჩოებში მოაქციოს და აიძულოს უარი თქვას უაღრესად უგუნურ მცდელობაზე, ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს საქართველოსთვის“.
XS
SM
MD
LG