Accessibility links

logo-print

თეთრ სახლში გაიმართა ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა

მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პირველად უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტების წინაშე გააკეთეს განცხადებები. ბარაკ ობამას თქმით, ის მოხარული იქნება საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის განვითარებაში დაეხმაროს, დიალოგის მაღალ დონეზე გამართვის გზით, „მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობის შესახებ“. სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ობამას თქმით, შეერთებული შტატებისთვისაც და საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება.

ოქტომბერში, აშშ-ის მხრიდან ძლიერი დიპლომატიური ბიძგის ფონზე, საქართველომ შეწყვიტა წინააღმდეგობა და დათანხმდა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ირგვლივ აშშ-ის მხრიდან გამოჩენილ ინტერესს ანალიტიკოსების ნაწილი ამ კონტექსტსაც უკავშირებს და მას თბილისის მხრიდან გამოვლენილი თანამშრობლობის დაფასებად აღიქვამს.

ობამამ ახსენა საქართველოს 20-წლიანი დამოუკიდებლობა და ვარდების რევოლუციიდან გასული 8 წელიწადი. „საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია", თქვა ობამამ და დასძინა, რომ საქართველო, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის თავისი მოდელით, მთელი რეგიონისთვის ქმნის მაგალითს. მსოფლიო ასპარეზზე საქართველო „პასუხისმგებლობის განცდის მქონე მოთამაშეს“ წარმოადგენსო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ობამას თქმით, ის სააკაშვილს უმცირესობების და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

ობამას განცხადებით, აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას საიმისოდ, რომ ის საბოლოოდ ნატოს წევრი გახდეს. მან საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ როლის გამო, რომელსაც ის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ასრულებს. ობამას თქმით, ნატოს მიღმა მყოფ ძალებს შორის თბილისი ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე ერთგულად შეაქვს წვლილი ამ მისიაში - და ამ წვლილის გამო, მან მნიშვნელოვანი მსხვერპლიც გაიღო.

გავრცელებული ვარაუდით, ნატოს სამიტზე, რომელიც მაისში, ჩიკაგოში უნდა გაიმართოს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი წამოიჭრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში მოახლოებული არჩევნებიც ახსენა. „მსურს აღვნიშნო, რომ ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც წარსულში ჩატარდა და მოველი, რომ იქ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები გაიმართება. ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, განამტკიცებს იმ რეფორმებიდან ბევრს, რომლებიც უკვე გატარდა“ - თქვა ბარაკ ობამამ.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ყოფნაო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველა დონეზე ავლენს. სააკაშვილმა ილაპარაკა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის გაწეულ დახმარებაზე - თუმცა ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი არ წამოუჭრია.

აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების მიწოდების თემა კვლავ გაურკვეველი რჩება. გასული წლის მიწურულს აშშ-ის კონგრესმა მიიღო თავდაცვითი სფეროს ხარჯების აქტი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ეხებოდა საქართველოსთან სამხედრო თანამშრობლობის „ნორმალიზაციას“, მათ შორის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით. თუმცა ობამამ, აქტზე ხელმოწერისას, საქართველოს შესახებ მუხლი იმ პუნქტებს შორის მოაქცია, რომელთა შესრულება შესაძლოა არ იყოს სავალდებულო.

საქართველოს პრეზიდენტმა ობამას მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივის გამოკვეთის გამო. „ეს ჩემს ქვეყანას ბევრ დამატებით აქტივობას მოუტანსო“ - თქვა სააკაშვილმა.

საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე სააკაშვილმაც ისაუბრა. „წელს ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც სხვა პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური სისტემა დაიწყება, უფრო მეტად საპარლამენტო მთავრობით. და როგორც მართებულად აღნიშნეთ, მომავალ წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს დემოკრატიას კიდევ უფრო განავითარებს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდება“ - თქვა სააკაშვილმა.

მიმდინარე თვეში როგორც აშშ-მა, ისე ევროსაბჭომ განაცხადეს, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი სათანადოდ არ პასუხობს "საარჩევნო სისტემაში არსებული უთანასწორობის აღქმას".

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბედნიერი“ ტოვებს ოვალურ კაბინეტს. „რაც გვსურდა, ის მივიღეთო“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG