Accessibility links

logo-print
რუსული პრესა ოპერატიულად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრას. „სააკაშვილი მოწონებულია ვაშინგტონის მიერ“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „გაზეტა.რუ“-ს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, რომელშიც დაწვრილებითაა გადმოცემული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადებები. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და პირველივე აბზაცში ციტირებს პრეზიდენტ ობამას, რომელმაც საქართველოს მსოფლიო პოლიტიკის პასუხისმგებელი მოთამაშე უწოდა და რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა. სტატიაში ასევე გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტებს მედიასთან შეხვედრისას არ უხსენებიათ რუსეთი და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით უთქვამთ რამე, თუმცა რედაქცია მკითხველს იმასაც შეახსენებს, რომ შეხვედრამდე „თეთრი სახლის“ პრეს-მდივანმა ჯეინ კარნიმ ჟურნალისტები დაარწმუნა იმაში, რომ აშშ კვლავინდებურად მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „გაზეტა.რუ“-ს ცნობით, ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილსაც ჟურნალისტებისთვის განუცხადებია, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაწყებული ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ინტერესების საზიანოდ არ ხდება. „არ მაქვს უკმაყოფილების საბაბი და დღევანდელმა შეხვედრამ ეს ნათლად აჩვენაო“, უთქვამს მიხეილ სააკაშვილს.

ასევე საქართველოსა და მის ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება „კომსომოლსკაია პრავდას“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „ალა ჯიოევა თავის ინაუგურაციაზე მოსაწვევებს არიგებს“. გაზეთის ერთადერთი რესპონდენტი, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა, აცხადებს, რომ მისი, როგორც ახალი პრეზიდენტის, ინაუგურაცია 10 თებერვალს გაიმართება: „10 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მივმართე განცხადებით, რომლითაც მოვითხოვე ჩვენ შორის მიღწეული წერილობითი შეთანხმების შესრულება, თუმცა კოკოითიმ ეს წერილი რეაგირების გარეშე დატოვა. გარკვეული დროის შემდეგ მივწერე მეორე წერილი, რომელშიც პირდაპირ განვაცხადე, რომ, იგნორირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებდი ინაუგურაციის თარიღი თავად გამომეცხადებინა.“ ალა ჯიოევამ „კომსომოლსკაია პრავდას“ ისიც უთხრა, რომ კოკოითის ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერის, კრემლის მიერ ცხინვალში მივლენილი შუამავლის ვინოკუროვისგან კარგს არაფერს ელის: „მათ შეუძლიათ სამხრეთი ოსეთი სისხლში ჩაახრჩონ, რათა მოპარული და ხალხის უბედურების ხარჯზე ნაშოვნი ფული შეინარჩუნონ. ასე რომ, თუ სისხლი დაიღვრება, ეს მათი სცენარით დატრიალებული ტრაგედია იქნება.“

საქართველოზე, უფრო სწორად, საქართველოში დანერგილ ერთ სიახლეზე წერს გაზეთი „ნოვიე იზვესტია“. სტატიაში „პოლიცია მუქთად არ მუშაობს“ გაზეთის თბილისელი კორესპონდენტი წერს ამერიკული სამაშველო სამსახურის „911“-ის ქართულ ანალოგზე, „112“-ზე, რომლის მომსახურება, ამერიკულისგან განსხვავებით, ფასიანი იქნება. საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი შინაარსის შეტყობინება მობილური კავშირის ოპერატორებისგან უკვე მიიღეს. მოკლე ტექსტური შეტყობინების მიხედვით, სახანძრო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის გამოძახების შესაძლებლობაში იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში ხუთ ლარზე მეტს ხარჯავენ, 20-დან 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. გაზეთის ვარაუდით, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა, ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ახალი ფორმატით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - „112“ - მიმდინარე წლის ივნისიდან ამუშავდება.
XS
SM
MD
LG