Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ახალ საბიუჯეტო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 25 სახელმწიფო შეთანხმდა გაფორმდეს ახალი ფისკალური ხელშეკრულება, რომელმაც ევროს მოქმედების ზონას ფისკალური დისციპლინა უნდა დაუწესოს.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა - ჩეხეთის რესპუბლიკისა და ბრიტანეთის გამოკლებით - 30 იანვარს მიიღეს.

ხელშეკრულება ევროს მოქმედების ზონას ფისკალურ დისციპლინას უწესებს ეროვნულ კანონმდებლობებში უფრო დაბალანსებული საბიუჯეტო წესების შემოღებით.

ხელშეკრულებას ხელს ოფიციალურად 1-2 მარტს დანიშნულ სამიტზე მოაწერენ, ძალაში კი ის მას შემდეგ შევა, რაც 12 ქვეყანა მის რატიფიკაციას მოახდენს.

ეს პროცესი ხელშეკრულებას ამოქმედების საშუალებას მისცემს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ირლანდია ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვას გადაწყვეტს. ირლანდიის კონსტიტუცია საერთაშორისო ხელშეკრულებების სახალხო რეფერენდუმებზე გატანას ითვალისწინებს.

ბრიტანეთი, რომელმაც ეს ფისკალური შეთანხმება დეკემბერში გამართულ მსგავს სამიტზე უარყო, ევროზონის სამიტებს მომავალში დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება, ჩეხეთის რესპუბლიკა კი შესაძლოა ხელშეკრულებას უფრო გვიანდელ ეტაპზე შეუერთდეს. პრაღამ დოკუმენტის შესწავლისთვის უფრო მეტი დრო ითხოვა.

შეიქმნება მექანიზმი, რომელიც განაპირობებს „ავტომატური შედეგების“ ამოქმედებას

ხელშეკრულებაზე ხელმომწერები გამოდიან პირობით, რომ ეცდებიან დაბალანსებული ბიუჯეტების მიღწევას. ამასთან, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც განაპირობებს „ავტომატური შედეგების“ ამოქმედებას იმ შემთხვევაში, თუკი ესა თუ ის ქვეყანა სამიზნე მაჩვენებლებს დიდი სხვაობით ასცდება.

შეთანხმების დანერგვის დამოწმების უფლებამოსილება ევროპის სასამართლოს მიენიჭება.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრედერიკ რეინფელდტმა განაცხადა, რომ ტექსტით კმაყოფილია: „ეს შეგვიძლია ჩვენი გავლენის გაძლიერებად აღვიქვათ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

ახალი ხელშეკრულების გარდა, ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისზეც იმსჯელეს - განიხილეს ამ ქვეყნის ბანკროტად ქცევისგან გადარჩენის მეორე შესაძლო მცდელობა, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი პროგრამაში ოფიციალურად არ იყო ჩართული.

გერმანიის წარმომადგენლები გამოვიდნენ წინადადებით საბერძნეთის ბიუჯეტი ევროკავშირმა გააკონტროლოს - იმ კრიტიკის ფონზე, რომ საბერძნეთმა ვერ შეძლო დაპირებული რეფორმების და მკაცრი საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის გატარება.

ათენმა ეს შესაძლებლობა გამორიცხა - ის ეროვნულ სუვერენიტეტში ჩარევად მიიჩნია. ეს პოზიცია გაიზიარა სამიტის მონაწილე რამდენიმე ლიდერმაც.

საბერძნეთისთვის დახმარების მეორე პაკეტი მარტში უნდა შემუშავდეს, რათა ამ ქვეყანამ ბანკროტად ქცევა აიცილოს თავიდან. მაგრამ ათენი ჯერ ისევ აგრძელებს კერძო ბანკებთან მოლაპარაკებას, რათა მათ მისი დავალიანება ჩამოწერონ. ეს არის პირობა, რომელსაც ევროკავშირი საბერძნეთს დამატებითი დახმარების გამოყოფისთვის უყენებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG