Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იზრდება ძალადობა და პოლიტიკური კრიზისი


ტერაქტის შედეგად დანგრეული შენობა ბაღდადში
ტერაქტის შედეგად დანგრეული შენობა ბაღდადში
პოლიტიკური არასტაბილურობის კვალდაკვალ, ერაყში ძლიერდება ძალადობის ტალღა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომობილით მოწყობილი იერიშის შედეგად, კვირის დასაწყისში ერაყში 28 ადამიანი დაიღუპა. ერაყში ტრაგიკული ინციდენტების ზრდას ანალიტიკოსები უკავშირებენ ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გასვლას, რასაც თან დაერთო მძაფრი დაპირისპირება ქვეყნის შიიტურ და სუნიტურ პოლიტიკურ ძალებს შორის.

ქვეყნის მასშტაბით მომხდარი იერიშების შედეგად, ბოლო 30 დღის განმავლობაში ერაყში 340 ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი 50 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მსხვერპლს. მიმომხილველები ძალადობის ესკალაციას ბაღდადში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედ ერაყის მთავრობასა და ყველაზე დიდ პოლიტიკურ ბლოკს შორის ქიშპობა, თავის მხრივ, ხელ-ფეხს უხსნის ექსტრემისტებს, რომლებიც პოლიტიკური ქაოსიდან გამორჩენის მიღებას ცდილობენ. ერაყში ადრეც ყოფილა ასე. 2007 წელს პოლიტიკური დაპირისპირება კინაღამ სამოქალაქო ომამდე მივიდა, რისი თავიდან აცილებაც მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ძალების ჩარევის შედეგად მოხერხდა. მაგრამ ერაყის მთავრობა ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა. თანაც, საფრთხეების ზრდის კვალობაზე, იგი შიდადაპირისპირებით არის პარალიზებული.

ქვეყნის უდიდესი სუნიტური ბლოკი, „ირაყია“, ღიად უპირისპირდება პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის


ქვეყნის უდიდესი სუნიტური ბლოკი, „ირაყია“, ღიად უპირისპირდება პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის, რომლის ხელმძღვანელობით მოქმედ მმართველ კოალიციაში შიიტური რელიგიური პარტიები დომინირებენ.

„ირაყიას“ ლიდერი ლიად ალაუი ალ მალიკის მოუწოდებს გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს:

„ჩვენი აზრია, შეიქმნას ახალი მთავრობა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს, ანდა ეროვნულმა ალიანსმა (შიიტურმა ბლოკმა) დაასახელოს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შესწევს უნარი და აქვს საიმისო გამოცდილება სახელმწიფო საქმეებს გაუძღვეს, ანდა ეროვნული თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც წინა შეთანხმებების რეალურ და სრულ განხორციელებას უზრუნველყოფს.“

ერაყში პოლიტიკური კრიზისის ფონს ქმნის უნდობლობა, რამაც საზოგადოებაში აშკარად იჩინა თავი ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ. ალ მალიკიმ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი „ირაყიას“ გავლენიან წევრსა და ქვეყნის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, ტარიქ ალ ჰაშიმის, რომელიც ბაღდადიდან გაიქცა და ერაყის ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონს შეაფარა თავი. იქიდან კი ჰაშიმიმ თავად ნური ალ მალიკი დაადანაშაულა ავტორიტარიზმსა და „მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში აღების მცდელობაში.“

შესაბამისად, ახლა, როცა იმის ნიშანწყალიც არ ჩანს, ერაყის დაპირისპირებული შიიტური და სუნიტური პოლიტიკური ძალები უკან დახევას აპირებდნენ, ძნელი სათქმელია, როდის დადგება გადამწყვეტი მომენტი. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი: თუკი ერაყელი პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ ერთად მუშაობით გადაჭრან პრობლემები, შეიძლება დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ძალადობა ერაყში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG