Accessibility links

logo-print
22 იანვარი, კვირა
არასოდეს დამიწერია დღიური და არც ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავწერდი, მაგრამ მარინა ვაშაყმაძემ მოლაპარაკების ხელოვნების ისეთი ცოდნა გამოამჟღავნა, რომ შეუძლებელი იყო უარის თქმა, თან ეს კვირა შედარებით თავისუფალი მაქვს. ვნახოთ, რა გამოვა...

დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. 22 წლის წინ გარდაიცვალა. სასაფლაოზე ავედით და მერე მის რამდენიმე მეგობარს დავურეკე მოსაკითხად. რაც დრო გადის, ამ საოცარი თაობის სულ მეტი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, მე-20 საუკუნის სამოციანელები. მათ ურთულეს ვითარებაში შეინარჩუნეს ღირსება, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, ჭეშმარიტი ფასეულობები, ქვეყნისა და საკუთარი საქმის სიყვარული. ტოტალიტარული რეჟიმი ათწლეულების მანძილზე ცდილობდა, გაენადგურებინა ყველაფერი, რაც პიროვნულ ან ეროვნულ თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული, რეჟიმი ანადგურებდა და ასახლებდა უამრავ ადამიანს, ატერორებდა დანარჩენებს და ცდილობდა, ამოეძირკვა თავისუფლების იდეები, ჩაენაცვლებინა ისინი ფსევდო-ფასეულობებით და სწორედ მაშინ, როდესაც რეჟიმმა ჩათვალა, რომ საბოლოოდ „გამოიყვანა“ ახალი, საბჭოთა ადამიანი, სამოციანელთა თაობამ თავისუფლების იდეები გააცოცხლა და გაამდიდრა, რომ შემდეგი თაობებისათვის გადაეცა.

23 იანვარი, ორშაბათი
დილით ოფისში მივედი. ადენაუერის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივი პროექტის დეტალები უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, კარგი პროექტი გამოდის, უსაფრთხოების საკითხებზე გერმანულ-ქართული დიალოგი. კონცეფცია კარგადაა შედგენილი, არაა ზოგადი და ფოკუსირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის თემებზე, მათ შორის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი კონფერენცია ან, თუნდაც, რამდენიმე კონფერენციის ერთობლიობა, არამედ იქცეს გარკვეულ პროცესად. ალბათ, კარგი იქნება მუდმივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეხვედრიდან შეხვედრამდე იმუშავებს და ანგარიშს და რეკომენდაციებს მოამზადებს. ქართველ მონაწილეთა სავარაუდო სია გვაქვს, დღეს რამდენიმე მათგანს ვხვდები.

საღამოს ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე - გარდაიცვალა საოცრად თბილი და განათლებული ადამიანი მზია მიქელაძე.

24 იანვარი, სამშაბათი
ანკა და ნინუცა სამსახურში და სკოლაში ჩამოვარიგე. მოგვიანებით GFSIS-ში (საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრი - რედ.) სტუდენტებს უნდა შევხვდე. კარგი ჯგუფი შემხვდა, ნაკითხები, დამოუკიდებლად აზროვნების სურვილი აქვთ და თემატიკა აინტერესებთ. ახლა უსაფრთხოების თემაზე მოხსენებისათვის ემზადებიან. ვნახოთ, რა მდგომარეობაში აქვთ თეზისები.

დღეს რეიგანის ცენტრის სამუშაო გეგმის დეტალებსაც უნდა გადავხედო. გვინდა, რომ თებერვლის ბოლომდე დარეგისტრირდეს და მარტში უკვე ამუშავდეს. სამუშაო გეგმა კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიცვლება პროცესში. მაკას და გიორგის ძალიან კარგად უმუშავიათ! დეკემბერში ვაშინგტონში ორგანიზაციის სავარაუდო პარტნიორებს შევხვდი და ვფიქრობ, რომ ამ ხალხთან თანამშრომლობა კარგად აეწყობა.

საღამოს მეგობრები მოვიდნენ სტუმრად, ჩემი სოფო მათ გვერდით მიუსკუპდა და სიბრძნეებს აფრქვევდა.

25 იანვარი, ოთხშაბათი
დილიდან დაგროვილ წერილებს ჩავუჯექი. კარგი, გასაგებია, რომ ამერიკიდან მოსული იმეილები აქ ჩვენი დროით გამთენიისას მოდის, მაგრამ საქართველოდანაც რომ ღამის 3-4 საათზე მოსული წერილებია „ინბოქსში“? დიდი რაოდენობით „ბუებია“ საქართველოში!

ცუდი ჩვევა მაქვს ამ წერილების და წასაკითხის დაგროვება, მერე უამრავი დრო მიაქვს პასუხის გაცემას და ზოგჯერ კონტექსტის გახსენებას. დღესაც საათნახევარი მოვუნდი პასუხებს და მერე კიდევ საათნახევარი - ახალი ამბებისა და ფოსტის იმ ნაწილის კითხვას, რასაც პასუხის გაცემა არ სჭირდება.
დღის მეორე ნახევარში ერთმანეთის მიყოლებით მაქვს ორი შეხვედრა და გვიან ტელეკონფერენცია რეიგანის ცენტრის თაობაზე.

26 იანვარი, ხუთშაბათი
მომავალ კვირაში დევიდ სმითი აწყობს აშშ-ის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით სემინარს GFSIS-ში, მთხოვს მივიდე გამომსვლელად. გერმანიის მარშალის ფონდი მეპატიჟება მიუნხენში მომავალ კვირას, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ „მრგვალ მაგიდაზე“. ერთი ხუთშაბათსაა, მეორე კი - პარასკევს და შაბათს, ასე რომ, ვასწრებ და ორივეს თანხმობას მივცემ, საინტერესო იქნება, თუმცა სერიოზულად უნდა მოვემზადო.
ამხანაგმა დამირეკა ერთ-ერთი ტელევიზიიდან და მელაპარაკა თავის იდეაზე. უნდა, რომ დოკუმენტური ფილმი გააკეთოს საბჭოთა დისიდენტებზე, უკვე მოელაპარაკა ბუკოვსკის და კიდევ რამდენიმე კაცს. ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა. დისიდენტებმა დიდი როლი ითამაშეს ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხებაში და ბევრი საინტერესო ექნებათ საამბობი. დეკემბერში ბუკოვსკი იყო ჩამოსული თბილისში, ჩვენს კონფერენციაზე, და ბევრი საინტერესო რამ მიამბო: როგორც იმ პერიოდზე, სანამ ლუის კორვალანში გაცვლიდნენ, ისე შემდგომ პერიოდზეც. საინტერესოა, რომ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელობასთან, განსაკუთრებით იმასთან, რაც დღეს ხდება რუსეთში და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქართველი დისიდენტების ვრცელი ინტერვიუები არ გვაქვს. მაგალითად მე არ მახსენდება, რომ ვინმეს მერაბ კოსტავასთან ჩაეწერა დიდი ინტერვიუ.

ვუყურე რესპუბლიკური პრაიმერის გუშინდელი დებატების ფრაგმენტებს. დიდი ალბათობით, მიტ რომნი მიიღებს ნომინაციას და არჩევნებში ობამას კონკურენტი იქნება.

27 იანვარი, პარასკევი
დღეს რამდენიმე შეხვედრა მაქვს. თოვს და მანქანები ნელა მოძრაობენ. დღეს მინდა, უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის სილაბუსის წერა დავიწყო, დიდი ხანია, შევპირდი ილიაუნის, დავწერ-მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვიცალე ვერასდროს.

ფოსტაში, სხვა წერილებთან ერთად, ერთი ჩემი ამერიკელი მეგობრის და კოლეგის იმეილი დამხვდა. თავისი შეხვედრების შესახებ მწერდა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაუბრია ჩიკაგოს სამიტის თემაზე. მოკლე პასუხის მიწერას ვაპირებდი, მაგრამ როცა წერა დავამთავრე და გადავხედე, სამ გვერდამდე მაინც გამოვიდა. დაიბნევა ის კაცი, ამხელა კომენტარები რომ მიუვა - რას მერჩოდაო, იფიქრებს...

საღამოს სავარჯიშოდ ვაპირებდი წასვლას კუს ტბაზე, მაგრამ ისეთი თოვლი წამოვიდა, რომ გადავიფიქრე და ბოლოს მეგობართან შევიკრიბეთ რამდენიმე კაცი. ვისკი დავლიეთ და ბევრი ვიდავეთ სხვადასხვა საკითხზე.

28 იანვარი, შაბათი
მომავალ კვირაში, ვაშინგტონში, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაა. მედიაში უკვე ბევრი რამ წავიკითხე ამ შეხვედრაზე - როგორც ძალიან საინტერესო, ისე თითქმის მკითხაობის ზღვარზე გასული შეთქმულების თეორიები. ვნახოთ, რა იქნება; ერთი რამისა კი მჯერა: ობამას სააკაშვილი იმისათვის ნამდვილად არ მიუწვევია ვაშინგტონში, რომ იმაზე დაითანხმოს, მოდი, ირანს ერთად შევუტიოთო, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს.

დღეს ეს დღიური უნდა მივუტანო რადიო „თავისუფლებას“. გადავხედე და არც კლასიკურ დღიურია და არც ჩანაწერები. უფრო მოკლე შეტყობინებათა ნაკრებს ჰგავს. ვეცდები, არ დავაგვიანო.

მოგვიანებით ჩემს სტუდენტობის მეგობრებს უნდა შევხვდე - საუკუნეა არ მინახავს!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG