Accessibility links

logo-print

დიდთოვლობის შედეგად სამეგრელოსა და სვანეთის ნაწილი კვლავ პარალიზებულია


დიდთოვლობის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 27 ათასი აბონენტი. "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთანდილ დვალიშვილის განცხადებით, კომპანია ამ წუთებშიც აწარმოებს სამუშაოებს და ცდილობს ენერგომომარაგების აღდგენას, თუმცა, დვალიშვილის თქმით, არის სოფლები, სადაც დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის. ამიტომ კომპანიაში უჭირთ ვადების დასახელება, თუ როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონის ათასობით აბონენტს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნალექის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. გამგებლის, მამუკა ქარდავას ინფორმაციით, ამ დრომდე მთავარი გზების გაწმენდაზე მუშაობენ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან მისასვლელი პერიმეტრი არ ჩაიკეტოს. აქ უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია უკვე რამდენიმე დღეა სოფლებს არ მიეწოდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში, სადაც გამგებლის, მერაბ შელიას ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკაც კი შესვლას ვერ ახერხებს. დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად მუნიციპალიტეტს.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მარტვილის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი. მარტვილის გამგებელმა მამუკა დანელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლები თამაკონი, ტალერი, კიწია, ნოღა, გაჭედილი და მუხურჩა წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან პარალიზებულია.

წალენჯიხაში ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების გამო ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს: ხაიშს, ნაკრას, ფარს და ლახამულას. გამგებლის, შმაგი ნაკანის ინფორმაციით, სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება წუხელ აღუდგათ, თუმცა უხვი ნალექის გამო დღეს დილიდან ისევ გამოირთო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახლაც გადაუღებლად თოვს.
XS
SM
MD
LG