Accessibility links

logo-print

ნატოს საიდუმლო ანგარიშმა პაკისტანი „თალიბანთან“ კავშირში ამხილა


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰინა რაბანი ხარის ვიზიტი ავღანეთში

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰინა რაბანი ხარის ვიზიტი ავღანეთში

დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა ნატოს სამხედრო ძალების საიდუმლო ანგარიში, რომლის თანახმადაც, ავღანეთში განლაგებულ საერთაშორისო ქვედანაყოფებზე განხორციელებული შეტევების ორგანიზებაში ექსტრემისტულ ორგანიზაცია „თალიბანს“ პაკისტანის სპეცსამსახურები უწევენ დახმარებას. საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ იცის „თალიბანის“ მაღალი რანგის ლიდერთა ადგილსამყოფელი და განაგრძობს მათით მანიპულირებას.

თუ როგორ მოხდა ნატოს სარდლობის საიდუმლო ანგარიშის გაჟონვა, უცნობია, თუმცა დოკუმენტის ცალკეული ციტატები ბი-ბი-სისა და გაზეთ „ლონდონ ტაიმსის“ გამოცემებში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, პაკისტანის დაზვერვის სამსახურს „მჭიდრო კავშირი“ აქვს ავღანელ მეამბოხეებთან, ხოლო პაკისტანის ხელისუფლება უშუალოდ ხელმძღვანელობს „თალიბანის“ ლიდერთა საქმიანობას. გაზეთების გზით გახმაურებული საიდუმლო ანგარიში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფი ამერიკის სამხედრო სარდლობის მიერ მომზადდა და ნატოს სარდლობას დეკემბერში გადაეცა. ბი-ბი-სის თანახმად, ანგარიში ეყრდნობა ტყვეობაში მყოფი „თალიბანისა“ და „ალ ყაიდის“ 4000-ზე მეტი წევრის დაკითხვის მონაცემებს. „პაკისტანმა იცის ყველაფერი, ისინი აკონტროლებენ ყველაფერს და ავღანეთში, კუნარში ხეზეც კი ვერ ავა კაცი, პაკისტანიდან შეუმჩნეველი რომ დარჩესო“, - აცხადებს ხსენებულ ანგარიშში „ალ ყაიდის“ ერთ-ერთი დატყვევებული მეთაური.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშში მოტანილ ფაქტებს „არასერიოზული“უწოდა და გაიმეორა, რომ ისლამაბადი „ავღანეთის შინაურ საქმეებში არ ერევა.“ მაგრამ პაკისტანელი ჟურნალისტი აჰმედ რაშიდი აცხადებს, ამ ანგარიშში ახალი არაფერია ნათქვამიო. „თალიბანისა“ და „ალ ყაიდის“ მეამბოხეებზე დაწერილი გახმაურებული სტატიების ავტორი აღნიშნავს, რომ ავღანელი მეამბოხეები ნამდვილად ღებულობენ დახმარებას პაკისტანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებისაგან.
ჩემთვის უთქვამთ მაღალი რანგის ამერიკელ გენერლებს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს მოახსენეს მათ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს იმის თაობაზე, რომ „თალიბანი“ პაკისტანიდან იღებდა დახმარებას. მაგრამ მაშინ ბუშმა უგულებელყო ეს მოხსენება...


„ეს ძალიან კარგად არის ცნობილი როგორც ნატოს, ისე აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლებისათვის. ჩემთვის უთქვამთ მაღალი რანგის ამერიკელ გენერლებს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს მოახსენეს მათ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს იმის თაობაზე, რომ „თალიბანი“ პაკისტანიდან იღებდა დახმარებას. მაგრამ მაშინ ბუშმა უგულებელყო ეს მოხსენება. ასე რომ, ჩემი აზრით, აქ არავისთვის არაფერია ახალი. მაგრამ ის ფაქტი, რომ მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა და ეს ყველაფერი ამ სიტყვებში აისახა, ჩემი აზრით, ნამდვილ ფურორს მოახდენს.“

აშშ-ის პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ უნახავს ბი-ბი-სის მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო ანგარიში, თუმცა ის კი დაადასტურა, რომ აშშ დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას იმ კავშირების გამო, რომელიც პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენლებსა და „თალიბანს“ შორის არსებობს. ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაიორმა ჯიმმი კომინგსმა დაადასტურა მსგავსი საიდუმლო ანგარიშის არსებობა. თუმცა დასძინა, რომ დოკუმენტი არ არის სტრატეგიული შეფასება და ის მხოლოდ დატყვევებული მეამბოხეების მოსაზრებათა კომპილაციას წარმოადგენს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვა აშკარად გააუარესებს დასავლეთის ქვეყნებისა და ისლამაბადის ურთიერთობას.

აღსანიშნავია, რომ ნატოს საიდუმლო ანგარიშის ზოგიერთი ინფორმაციის გაჟონვას დაემთხვა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰინა რაბანი ხარის ვიზიტი ავღანეთში. ისლამაბადის წარმომადგენელი ოთხშაბათს ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის.

ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც ქაბულს სურს პაკისტანის დახმარებით სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩააბას „თალიბანის“ მაღალი რანგის ლიდერები, ე.წ ქუეტა შურა. კატარში, სადაც „თალიბანის“ მოკავშირეთა ოფისი გაიხსნა, უკვე გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა ვაშინგტონისა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის. „თალიბანი“, მართალია, უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ იქვე აცხადებს, რომ დაწყებულ ბრძოლას „საოკუპაციო რეჟიმის“ წინააღმდეგ ბოლომდე მიიყვანს. დასავლურ მედიაში გაჟონილი ნატოს საიდუმლო ანგარიშის თანახმად, „თალიბანი“ დარწმუნებულია, რომ შესწევს ძალა კვლავ აღადგინოს კონტროლი ავღანეთზე 2014 წელს, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო სამხედრო ძალები დატოვებენ.
XS
SM
MD
LG