Accessibility links

უზენაესი სასამართლო 13 თებერვალს ბრალს წაუყენებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრს


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ განზრახული აქვს 13 თებერვალს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის. სასამართლო მიიჩნევს რომ თავის უარით მონაწილეობა მიეღო ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ კორუფციული საქმის გამოძიებაში, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეურაცხყო სასამართლო. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი უზენაესი სასამართლოს წინაშე 19 იანვარს წარდგა სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის ბრალდებით. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გილანი დაიბარა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მიმართა შვეიცარიას თხოვნით, განაახლოს პაკისტანის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციაში ბრალდების საფუძველზე 1990-იან წლებში აღძრული საქმის განხილვა. პრემიერ-მინისტრ გილანის აზრით, რომელიც მან სასამართლოშიც გამოთქვა, პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის გასამართლება დაუშვებელია პრეზიდენტის პოსტთან დაკავშირებული იმუნიტეტის გამო. პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნასირ ალ მულკის თანახმად, მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, როგორც სახელმწიფოს მეთაური იმუნიტეტით სარგებლობს, უზენაეს სასამართლოს აქვს უფლებამოსილება დააყენოს გილანის პასუხისმგებლობის საკითხი. „წინასწარი მოსმენების საფუძველზე, ჩვენ დავრწმუნდით, რომ საქმე შემდგომ გამოძიებას საჭიროებს“, - განაცხადა პაკისტანელმა მოსამართლემ და დასძინა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გაეგზავნა მოთხოვნა, გამოცხადდეს 13 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადვოკატის აიტზაზ ეშანი ადასტურებს ამგვარი მოთხოვნის არსებობას, თუმცა დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს შესაბამისი ორდერის მიღების შემდეგ, ისინი იფიქრებენ მის გასაჩივრებაზე.
XS
SM
MD
LG