Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმართლის მთქმელი სერბი იურისტი ქალი თანამემამულეებს იწვევს


ნატაშა კანდიჩი
ნატაშა კანდიჩი
მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიას სამკვდრო-სასიცოცხლო ომები გადახდა თავს. ამ ომებზე როცა ლაპარაკობენ, სერბ სამხედროებს ახსენებენ, როგორც ქვეყნის მთლიანობის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დამცველებს. განსაკუთრებით ბევრი სისხლი დაიღვარა ბოსნია-ჰერცეგოვინაში და საკუთრივ სერბიის შემადგენლობაში მყოფ კოსოვოში, ალბანელებით დასახლებულ ოლქში, რომელიც გამოყოფას, დამოუკიდებლობას ცდილობდა. სერბიამ საერთაშორისო სასამართლოს გადასცა მთავარი სამხედრო დამნაშავეები, მაგრამ მაინც ითვლება, რომ ბელგრადი საკუთარ წარსულის ცოდვებს თვალს არ უსწორებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, დეიზი სინდელარმა, შექმნა სერბი იურისტის, ნატაშა კანდიჩის პორტრეტი. კანდიჩი სახიფათო გზას დაადგა - გადაწყვიტა, რომ თავისი ქვეყანა აიძულოს თვალებში შეხედოს ისტორიულ სიმართლეს.

ნატაშა კანდიჩი უხიფათოდ არ ცხოვრობს, მას მოკვლითაც ემუქრებიან და მის მიმართ სამტრო კამპანიებიც არაერთხელ მოუწყვიათ. მაგრამ ის სამსახურში მაინც უდრეკად დადის ავტობუსით. 60 წლის იურისტი ამბობს, რომ ასე, გარეთ, უფრო იოლია გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი, მტერი და მოყვარე. კანდიჩისთვის, რომელმაც ბოლო ორი ათწლეული გაატარა ომის მსხვერპლთა უფლებების დაცვასა და სერბიის მთავრობისადმი მოწოდებაში, თვალი გაუსწოროს წარსულის დანაშაულებს, დიალოგის სურვილი ყოველგვარ შიშზე უფრო ძლიერია:

„მე უფლებადამცავი ვარ და ეს არის ჩემი არჩევანი ცხოვრებაში. ერთხელ შემეშინდა, როცა კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რადგან მთავრობა მედიასა და უბრალო ხალხს ჩემ წინააღმდეგ აქეზებდა იმის გამო, რომ კოსოვოს სუვერენიტეტს ვუჭერდი მხარს. მაგრამ ახლა არ მეშინია. უბრალოდ, ძალიან შეშფოთებული ვარ სერბიაში შექმნილი ვითარებით.“

1992 წელს კანდიჩმა ბელგრადში „ჰუმანიტარული სამართლის ცენტრი“ დააარსა, ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი პირველი ასეთი ორგანიზაცია ყოფილ იუგოსლავიაში, რომელიც მშვიდობასა და შერიგებას ემსახურება. ეს ჯგუფი აგროვებს მასალებს გაუპატიურების, წამების და მკვლელობის თაობაზე ყოფილ იუგოსლავიაში ომების დროს, 1992-დან 1999 წლამდე. კანდიჩს მიეწერება 1995 წელს ბოსნიაში, სრებრენიცაში, ბოსნიელი მამაკაცებისა და ბიჭების მასობრივი ხოცვა-ჟლეტისას სერბიის უარყოფითი როლის შესახებ მასალების მოძიება. მან გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ კლავს სერბთა შეიარაღებული ჯგუფი, „სკონპიონები“, ექვს ბოსნიელ მაჰმადიან მამაკაცს. ეს ვიდეომასალა იყო სრებრენიცის ორგანიზატორების, ადგილობრივ სერბთა ლიდერების, რადოვაი კარაჯიჩისა და მისი სამხედრო მეთაურის რადკო მლადიჩის ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. კანდიჩი იძიებდა და აგროვებდა კოსოვოს ომის დროს, მეოცე საუკუნის ბოლო წლებში, ალბანელი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებსაც. სერბიის არმია ამ ქვეყნის შემადგენლობაში შემავალ ოლქში, კოსოვოში, ეთნიკური ნიშნით დევნიდა მოსახლეობას. ხალხი გაუსამართლებლად ისჯებოდა, აგრეთვე იძარცვებოდა, რაც ეთნიკური წმენდის კამპანიად შეფასდა. ამას მოჰყვა ნატოს ავიაციის მიერ სერბიის დაბომბვა, კოსოვოს ოლქიდან არმიის განდევნის მიზნით, და მიზანი მიღწეული იქნა. შემდეგ სერბიამ ერთობ უხალისოდ წარმართა 2003 წელს საომარ დანაშაულებში ეჭვმიტანილთა პროცესები, რომლებზეც უნდა დამტკიცებულიყო სერბთა მხრივ სისასტიკის ფაქტები. „ამნესტი ინტერნეშნლის“ თანამშრომელი შონ ჯონსი, რომელიც ბალკანეთის საქმეებს იკვლევს, ამბობს, რომ ნატაშა კანდიჩმა დიდი როლი შეასრულა ალბანელების დაყოლიებაში, ჩვენება მიეცათ სერბი თავდამსხმელების წინააღმდეგ:

„უკიდურესად ძნელია ხმამაღლა განაცხადო, რომ ბოლო უნდა მოეღოს სერბიის ომის დანაშაულებათა მიმართ დაუსჯელობის განცდას. სერბიაში, მის მთავრობაში, პოლიტიკურ ელიტაში და სხვაგან ბევრია ისეთი, ვისაც არ სურს, რომ კანდიჩმა ეს აკეთოს. მან უკან არ დაიხია და იმოქმედა წინააღმდეგობის ძალიან რთულ ვითარებაში.“

კანდიჩის ბოლო ბრძოლაც ამავე ნიშნით წარიმართა. ჰააგაში მიცემული ჩვენების თანახმად, ნატაშა კანდიჩმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სერბიის სამხედრო შტაბის უფროსი ლიუბიშა დიკოვიჩი შეუფერებელია თანამდებობისთვის მის მამართ წაყენებული ბრალდების გამო, რომ არაერთი საომარი დანაშაულის ჩადენა, მათ შორის იჟბიცის ხოცვა-ჟლეტა - როცა 130 ეთნიკური ალბანელი დახოცეს - მოხდა მისი, როგორც მეთაურის, თვალწინ. კანდიჩი ამბობს, რომ დიკოვიჩი და მისი სამხედრო შენაერთები შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდნენ მკვლელობაში, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად. კანდიჩი მთავრობას მიმართავს: განა შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს გენერალი, რომელმაც ასეთი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად არაფერი იღონა?! სერბიის ოფიციალურმა პირებმა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა დრაგან შუტანოვაჩმა კანდიჩის ბრალდებას „საშინელი“ უწოდა, ხოლო სამხედრო დანაშაულების სასამართლოს პროკურორმა ვლადიმირ ვუკჩევიჩმა ანტისერბიულ საქმიანობაში დასდო ბრალი კანდიჩის „ჰუმანიტარული სამართლის ცენტრს“. თავად კანდიჩი ასეთი რეაქციის გამო გაკვირვებულია. მაგრამ მისი დაშინება არც ისე იოლია. ის თვლის, რომ თუკი სერბიას სურს ჰქონდეს მომავალი, წარსულს თვალი უნდა გაუსწოროს:

„თუ გვსურს ცვლილება, თუ გვსურს დემოკრატიული მომავალი, თუ გვსურს, რომ სერბია ევროკავშირის წევრი გახდეს, მაშინ გვჭირდება ახალი ხალხი, რომელიც წარსულის დანაშაულზე პასუხისმგებლობას იკისრებს, მაშინ ეს მომავალი უნდა დავაფუძნოთ მსხვერპლის მიმართ პატივისცემის საჭიროებაზე; უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი მიმართული იყოს მსხვერპლის, მისი ტანჯვის გაგებისა და მართლმსაჯულების საჭიროებისკენ.“

ნატაშა კანდიჩის ეს „არაპოპულარობა“ სერბიაში სრულ კონტრასტშია მის საერთაშორისო აღიარებასთან, არაერთ პრემიასა და ჯილდოსთან, რომლებიც მას უფლებადამცავი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, „ამნესტი ინტერნეიშნელისა“ და „ჰიუმან რაიტს უოჩისგან“ აქვს მიღებული.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG