Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ემსახურე საქართველოს": ოშკის დაცვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესახებ საქართველო-თურქეთის შეთანხმების გამო, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ემსახურე საქართველოს" საქართველოს პრეზიდენტს და თურქეთის პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნა. მოძრაობა ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და მუსლიმანი მოქალაქეების რელიგიური მემკვიდრეობისადმი პატივისცემასა და ყურადღებას ამახვილებს თურქეთის ტერიტორიაზე X საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის, ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებაზე. საზოგადოებრივი მოძრაობა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესი, მაგრამ ხელმოსაწერად გამზადებულ დოკუმენტში არარსებული მეჩეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება და ახლის აშენების უფლების მოპოვება ნაცვალგების პრინციპის დარღვევაა და სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობის სფეროს. ”ემსახურე საქართველოს” შეფასებით, საბოლოო ხელშეკრულება პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს, არათანაზომადი პირობები კი, სახიფათო პრეცედენტს შექმნის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებით, ოშკის კულტურული ძეგლი მისი ღირებულებით სცილდება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესის ფარგლებს და წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს, ამიტომ მისი დაცვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით.
XS
SM
MD
LG