Accessibility links

logo-print
”ერთი წელი ”თეთრ სახლში” - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე კვირას გამომცემლობა ”დიოგენეში” გაიმართა. წიგნი ფსევდონიმით გამოიცა. მასში მოთხრობილია საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები რვა ბავშვის ამბავი. თითოეული ისტორია რეალურია, შეცვლილია მხოლოდ სახელები. წიგნის ავტორი კი ერთ-ერთი ასეთი სახლის მენეჯერია. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება საოჯახო ტიპის სახლების მცხოვრებლებს, როგორია შესაბამისი სამთავრობო უწყებების ჩართულობა მათი პრობლემების დაძლევაში - წიგნის ავტორი ამ კითხვებზე პასუხის მოძიებას ცდილობს.

რატომ „თეთრი სახლი“? იმიტომ რომ 9 წლის გვანცამ საოჯახო ტიპის სახლს ასე შეარქვა. მიზეზი მარტივია - სახლის კედლები თეთრია. იმის გამო, რომ არ გვინდა ბავშვების ვინაობის გამჟღავნება, სიუჟეტში ვერ გავამხელთ იმას, თუ სად მდებარეობს ეს სახლი, ვერც იმას, თუ ვინ არის წიგნის ავტორი. უბრალოდ ვიტყვით, რომ მისი ფსევდონიმია „ანა მარი“. ის ერთ-ერთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც ბავშვთა უფლებებს იცავს და რომელიც ბავშვთა დიდი ინსტიტუციების საოჯახო ტიპის სახლებით ჩანაცვლების იდეის ფუძემდებელია. ანა მარი ”თეთრ სახლში” ერთი წლის განმავლობაში ე.წ. მენეჯერად მუშაობდა და სახლის დედობილ-მამობილს იმ რვა მოზარდის აღზრდაში ეხმარებოდა, რომლებიც, ასე ვთქვათ, არაკეთილსაიმედო ოჯახებიდან არიან. ბუბა, გუგა, ლიკა, ლიზა, თეკლე, თიკო, გვანცა - ეს ის მოზარდები არიან, რომელთა განსხვავებული ისტორიებიც ანა მარიმ ერთ წიგნში მოაქცია:


”როდესაც ვისმენდი მათ წარსულს და, პარალელურად, ერთად უამრავი პრობლემის გადაჭრას ვცდილობდით და თავს უამრავი ცხოვრებისეული ეპიზოდი გადაგვხდა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. მე ამ ყველაფერს ჩემთვის ვინიშნავდი და ვიწერდი. როცა რამდენიმე ამბავი დავწერე, ახლობლებს წავაკითხე. ძალიან დაინტერესდნენ ბავშვების პრობლემებითა და ცხოვრებით და მირჩიეს, რომ ამ ბავშვების ცხოვრება ფართო საზოგადოებასაც გაეცნო და გაეგო, რა რეალობაში უწევდათ მათ ცხოვრება. მგონია, რომ წიგნში ძალიან ბევრი საინტრესო მესიჯი იკვეთება - საზოგადოების დამოკიდებულება ამ ბავშვებისადმი, სტიგმა, ცრუ ტოლერანტობა”...

გადავინაცვლოთ რამდენიმე წლით უკან და საოჯახო ტიპის სახლების არსებობის ისტორიას გადავხედოთ: 2005 წელი. სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება და ის მიმართულია მიუსაფარ ბავშვთა ინსტიტუციების ლიკვიდაციისკენ. 2007 წელი. დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით იქმნება პირველი, 8 ბავშვზე გათვლილი, საოჯახო ტიპის სახლი. 2011 წელი. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, ბავშვთა დიდი ინსტიტუციები მცირდება და მათ საოჯახო ტიპის სახლები ენაცვლება. იქ მოზარდები 18 წლის ასაკამდე რჩებიან. სახლებში დედობილ-მამობილები მუშაობენ და ისინი მაქსიმუმ 8-10 ბავშვის აღზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ბავშვები ასევე იმყოფებიან სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ. თვეში სამი დღის განმავლობაში, თუკი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს აქვს ამის სურვილი, ის სახლში მიჰყავთ.

ანა ჭაბაშვილი, ფილოლოგი

ანა ჭაბაშვილი, ფილოლოგი

”ასეთი ტიპის 70 სახლის აშენება იგეგმება. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 30-მდე სახლია უკვე გახსნილი. იქ ხუთი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად ცხოვრობს დედობილ-მამობილი, შაბათ-კვირას კი ე.წ. ბიძა ან დეიდა მოდის. ეს საქმე რომ დავიწყეთ, გვინდოდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად ყოფილიყო, მაგრამ როცა გავიდა თვეები და წლები, მივხვდით, რომ ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, თავისი ბედნიერებით და უბედურებით, თავისი კომიკური და ტრაგიკული ისტორიებით და ჩვენ ამას შევეგუეთ და მივხვდით, რომ ეს ასე უნდა იყოს, ეს ცხოვრებაა”, - ამბობს ანა მარი.

თიკო 8 წლის გოგონაა. მისი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გამორჩეული ისტორიაა მთელ წიგნში:”თიკოს ჩვენს სახლში მოყვანიდან ორი დღის შემდეგ ჩვენმა ერთ-ერთმა შვილობილმა, ლიკამ, დილაუთენია დაიჩივლა დედობილთან, თიკო ლოგინში შემომიწვა და მოფერება მომინდომა, რაზეც უარი ვუთხარი და ლოგინიდან გამოვაგდეო”, - ასე აღწერს ანა მარი თიკოს ამბავს წიგნის ერთ-ერთ ნაწილში, სახეწლოდებით ”მსხვერპლი”. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თიკო ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ის სასწრაფო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. საქმეში სასამართლოც ჩაერია, თუმცა მოძალადე დამნაშავედ არ ცნეს. წიგნის ავტორი საზოგადოებისა და შესაბამისი უწყებების გულგრილობაზე საუბრობს. ამჟამად თიკო ერთ-ერთ დიდ საბავშვო ინსტიტუციაში ცხოვრობს: ”ის არის ძალადობის მსხვერპლი. ამ ბავშვის ბედ-იღბლით გულისხმიერად არავინ დაინტერესდა. იმ ადამიანებმა, ვისაც ეს შეუძლიათ და ვისი პასუხისმგებლობაც არის, უნდა დასვან საკითხი და თუკი იკვეთება ძალადობის ფაქტი, საქმე უნდა აღიძრას, ეს იქნება დედის, მამის, ბიძის თუ ძმის წინააღმდეგ და ეს უნდა ვთქვათ ხმამაღლა”, - ამბობს ანა მარი.

ეს არის წიგნი, რომელიც დაგვაფიქრებს არა მხოლოდ სხვისი შვილების ცხოვრებაზე, არამედ ჩვენს შვილებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან ჩვენი შვილები სხვებს, ამბობს არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი. ის წიგნის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, სადაც კარგად ჩანს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი თანატოლების ურთიერთობის დეტალები. ის საზოგადოების მხრიდნ აგრესიულ და გულგრილ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

”აქ მოყვანილ ისტორიებში ჩანს ჩვენი შვილები საკლასო ოთახებში როგორ ექცევიან ამ ბავშვებს, როგორ დასცინიან იმის გამო, რომ ისინი მათხოვრობდნენ, როგორ დასცინიან, რომ მათი მშობლები არიან ღატაკები, რომ მათ არ აცვიათ ისე, როგორც სხვებს, და არ აქვთ სახლები. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის წაკითხვამდე საზოგადოების დიდ ნაწილს წიგნის მთავარი გმირების და მათ გვერდით ცხოვრების ეშინიათ. არ უნდათ, რომ ეს ბავშვები მათი შვილების გვერდით იზრდებოდნენ. წიგნის წაკითხვის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს შიში ქრება და ადამიანებს ამ ბავშვების აღარ ეშინიათ”, - ამბობს აჩიკო თალაკვაძე.

ეს არ არის იდეოლოგიური პოზიციიდან დაწერილი წიგნი, ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ამას წიგნის უმთავრეს ღირსებად მიიჩნევს, თუმცა, მისი თქმით, წიგნი სხვა განსაკუთრებული ღირსებითაც გამოირჩევა:

ანა მარის წიგნის პრეზენტაცია

ანა მარის წიგნის პრეზენტაცია

”წიგნში არ არის ტენდენციურობა, აქ არ არის რომელიმე მიდგომის ან თვალსაზრისის გაუმართლებელი ბატონობა. ეს შეზავება ტრადიციის, რელიგიისა და ლიბერალიზმის მართლაც გამოარჩევს წიგნს. როდესაც ამ წიგნს კითხულობ, სულ გაქვს იმის განცდა, რომ ეს არ არის კაბინეტში დაწერილი წიგნი. ეს ამ ადამიანებთან თანაცხოვრებაში დაწერილი წიგნია”, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

„- იცი, მე დედა მომიკვდა.
- ძალიან ვწუხვარ, გვანცა, - ვპასუხობ ცოტა არ იყოს დაბნეული.
- ვიცხოვრებ შენს თეთრ სახლში! - მეუბნება ის.
- კარგი, რამდენიმე დღეში შევხვდებით...“

ეს დიალოგი გვანცასა და ანა მარის შორის რომ შედგა, მაშინ ანა მარიმ ჯერ არ იცოდა, წიგნს თუ დაწერდა. გვანცასა და წიგნის დანარჩენ გმირებს ანა მარის წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, ის ყველაზე მეტად სწორედ მათ შეფასებას ელოდება.
XS
SM
MD
LG