Accessibility links

”რეზონანსი” დღეს წერს: ”ინგუში ხალხი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ 1044 წელს ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში ინგუშების მასობრივი დეპორტაცია გენოციდად იქნეს აღიარებული.” გაზეთის ცნობით, საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყება. კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს, რომ ინგუშების გენოციდის აღიარების შემთხვევაში, ”იმავე საკითხს არა მარტო სომხები, არამედ 1940-იან წლებში სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული მუსლიმანი მესხებიც დააყენებენ”. არეშიძის აზრით, პარლამენტმა ინგუშების დეპორტაცია არა გენოციდად, არამედ ”ეროვნულ ტრაგედიად” უნდა აღიაროს.

საქართველოსა და შეერთებული შტატების შეხვედრა კვლავ ხვდება ყურადღების ცენტრში. ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ნესტან კირთაძესთან. ის ამბობს: ”ობამასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ზუსტად იცოდა კონკრეტული სამსახურების პროტოკოლით გათვალისწინებული შედეგები, მათ შორის, ძირითადი სიგნალები 2012 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და სახელისუფლებო ცვლილების აუცილებლობაზე. განცხადებები, რომ უცებ სააკაშვილს სახე ეცვალა, ნირი წაუხდა და სახტად დარჩა, ლირიკაა. ასეთი რამეები პოლიტიკაში არ ხდება.”

ზოგიერთი გაზეთი აშუქებს 2 თებერვალს მოწყობილ აქციას, რომელიც 1992 წლის 2 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება. ერთ-ერთი მოკლულის დედამ, ჟანა რეხვიაშვილმა, ”ვერსიას” უთხრა: ”20 წელია დიდ უსამართლობასა და ტკივილში ვცხოვრობთ. გივიკოსთან ერთად სხვებიც დაიღუპნენ - ლევან თაქთაქიშვილი, გიზო ხატიაშვილი, კახა არსენაძე, გელა ხუციშვილი, ტრისტან ფერაძე და გურამ დოლიძე. და ვინ მოაწყო ეს სასაკლაო? სამხედრო საბჭოს უკანონო შეიარაღებამ.”

”ვერსია” პირველ გვერდზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების წლისთავს ეხმაურება: ”ალბათ, დადგება ჟამი სიმართლისა. იმედია, ის ადამიანები, ვინც ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკაში მოიყვანა და, აპოლიტიკურად რომ ვთქვათ, ”კაცად აქცია”, საკუთარ ვალს მოიხდიან მეგობრის, თანამებრძოლის, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სინდისის წინაშე და 3 თებერვლის ტრაგედიას ფარდას ახდიან.”

ისევ ”ვერსიაზე” შევჩერდები. დღევანდელ ნომერში ცესკოს თავმჯდომარესთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება. ზურაბ ხარატიშვილი ამბობს: ”2012 წლის არჩევნების მთავარი პრობლემაა არათანაბარი შესაძლებლობები პოლიტიკური ძალებისთვის!” ამავე ინტერვიუში ხარატიშვილი აგრეთვე აცხადებს: ”თუმცა თანაბარი შესაძლებლობები რომ ჰქონდეთ, თანაბარი ძალებიც უნდა იყვნენ. ანუ ტენდენცია პარტიების გამსხვილება უნდა იყოს და არა დანაწევრება.”

”დაპირისპირება ოპოზიციაში” – ”24 საათის” სათაურია. ავტორი წერს: ”ოპოზიციაში კვლავ განხეთქილებაა. ამჯერად პარტია ”თავისუფალი საქართველო” ”რესპუბლიკელებს” ერჩის. კახა კუკავა ფიქრობს, რომ ”რესპუბლიკელებს” ბიძინა ივანიშვილზე ექსკლუზივი აქვთ. თავად კუკავასა და მის ”თავისუფალ საქართველოს” ახალი კოალიციის ჩამოყალიბება სურთ.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ”ქართული აკადემიის” აჭარის წარმომადგენლობასთან არსებული უხუცესთა საბჭოს სახელით აქვეყნებს შოთა ზოიძე მიმართვას ქართველი ხალხისადმი. ტექსტი ეხება აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას. ”ეს იმას ნიშნავს, რომ 400 წლის შემდეგ სამაჩაბლოში პუტინის სახელობის ეკლესია აშენდეს!”, - წერს ავტორი. ამავე ტექსტში წაიკითხავთ: ”ხელისუფლებამ აჭარაში მწვანე შუქი რომ აუნთო ანტიეროვნულ იდეოლოგიას, არ ახალია. ჩვენში მუსლიმანური რელიგიის ხელოვნურად აღორძინება, რაშიც გამოყენებულია თურქეთის სახელმწიფოს ფინანსები, საეჭვო წარსულით შეკოწიწებული საქართველოს ხელისუფლების ხელდასხმით, აჭარლების საქართველოდან მოკვეთის პროლოგი გახლავთ”, - წერს ავტორი და მკითხველს მოუწოდებს აჭარლები ისევ ”თურქეთის უღლისთვის” არ გაიმეტოს. ამავე თემაზე ”ახალი თაობაც” წერს და ყოფილი ”რესპუბლიკელის”, მურმან დუმბაძის მსგავს პოზიციას აშუქებს.
XS
SM
MD
LG