Accessibility links

პოლიტიკური ტერორი თუ მონიტორინგი უსაფრთხოების მიზნით?


”ახალი მემარჯვენეების” წევრი ლევან კალანდაძე

”ახალი მემარჯვენეების” წევრი ლევან კალანდაძე

პოლიტიკური პარტია ”ახალი მემარჯვენეები” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანების გაუქმებას მოითხოვს. ბრძანების მიხედვით, ძალაში შედის დებულება ”კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც პოლიტიკურად აქტიური პირების და ამ პირებთან დაკავშირებული ადამიანების საბანკო ტრანზაქციების კონტროლს გულისხმობს. ”ახალი მემარჯვენეების” მსგავსად, ამ დოკუმენტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება, განსაკუთრებით მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ტერორის ნიშანია.

”პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა და მათთვის კონტროლის დაწესება აშკარად დისკრიმინაციული ხასიათისაა, დამახასიათებელია ტოტალიტარული რეჟიმებისათვის და უნდა შევაფასოთ პირადი ცხოვრების ხელყოფად, ადამიანებზე სახელმწიფო ზეწოლად და, გარკვეულწილად, დაშინების მცდელობადაც. ”ახალი მემარჯვენეები” გამოვდივართ წინადადებით, ეს რეგულაცია, რომელიც ეხება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური ფინანსური მონიტორინგის პრაქტიკას, გაუქმდეს”, - ასე გამოეხმაურა 3 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეების” წევრი ლევან კალანდაძე კომერციული ბანკებისათვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენისა და სპეციალური მონიტორინგის დაწესების ვალდებულების შემოღებას.

ლევან კალანდაძე შენიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში გარკვეული კატეგორიის პირებისათვის, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მართლაც ხორციელდება სპეციალური მონიტორინგი - მოწმდება მათი ფინანსური საქმიანობა, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებულ ყველა ადამიანს. დებულება კი, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 2010 წლიდან მოქმედებს, პოლიტიკურად აქტიური პირის სტატუსს ანიჭებს ასეთი პირის ოჯახის წევრებს და მასთან საქმით დაკავშირებულ ადამიანებს:

”მაგალითად, ჩემ გარდა პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული - ჩემი და, ძმა, მეგობარი, თუ მასთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. მე თუ ლექციას ვკითხულობ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულების ხელმძღვანელიც ჩაითვლება ჩემთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პოლიტიკურად აქტიურ პირად და მის მიერ განხორციელებული გარკვეული ფინანსური ტრანზაქციები დაექვემდებარება სპეციალურ მონიტორინგს. რამდენად ნორმალურია ეს?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხზე მოკლე განმარტება ფეისბუქის პერსონალურ გვერდზე გააკეთა. იგივე გაგვიმეორა სატელეფონო კომენტარში ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კახა ბარაბაძემაც. ეროვნული ბანკის განცხადებით, ხმაური გამოიწვია იმან, რომ იგივე რეგულაცია, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს, აქამდე, უბრალოდ, არავის წაუკითხავს. ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2011 წლის 20 დეკემბერს შევიდა და ტერმინი ”საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი” შეცვალა ტერმინმა ”კლიენტი”. ეს ცვლილება კი, ეროვნული ბანკის განცხადებით, არანაირად არ ცვლის და, მით უმეტეს, დამატებით ფუნქციას არ ანიჭებს არც ბანკებს დ არც მონიტორინგის სამსახურს.

დღის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”პოლიტიკურად აქტიური პირის ცნება და მის მიმართ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებები განსაზღვრულია 2010 წლის 23 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით და ამ დებულებას მიღების დღიდან ცვლილება არ განუცდია. თავის მხრივ, „პოლიტიკურად აქტიური პირის“ ცნება და შესაბამისი ვალდებულებებიც სრულად გამომდინარეობს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე–6 რეკომენდაციიდან და ევროკავშირის მე–3 დირექტივის მე–3 მუხლისა და მე–14 მუხლის მოთხოვნებიდან.

დეფინიციის შინაარსის მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ:
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, „პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.“

შესაბამისად, ამ კანონის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიურ პირად მოიაზრება სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საზღვარგარეთის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე მისი ოჯახის წევრი და მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. 2011 წლის 20 დეკემბრის ცვლილებებით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მთელ ტექსტში ტერმინი „საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი“ შეიცვალა ტერმინით „კლიენტი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში მითითებული პოლიტიკურად აქტიური პირების დეფინიციაში მოცემული თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკურ–პარტიული მოღვაწეების ნუსხა საქართველოს მოქალაქეებზე ვერ გავრცელდება.

აქვე ეროვნული ბანკი მოუწოდებს ბრალდებების ავტორებს, ვიდრე საჯარო განცხადებების გაკეთებას გადაწყვეტენ, ყურადღებით გაერკვნენ საკითხში, წაიკითხონ კანონმდებლობა, გაეცნონ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებებს. ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვით მიმართონ ეროვნულ ბანკს და დაუყოვნებლივ მიიღებენ კვალიფიციურ განმარტებებს.”

რატომ გააქტიურდა ეს საკითხი დღეს, თუ იგივე კანონი 2010 წლიდან მოქმედებს, და შეიცავს თუ არა ის რეალურ საფრთხეს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებული წრის ადამიანებისათვის? პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ამ საკითხმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეიძინა აქტუალობა. ზოგადად კი, ლორთქიფანიძეც ფიქრობს, რომ მსგავსი დებულებების არსებობა საზოგადოების ტოტალური კონტროლისკენაა მიმართული:

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არსებობს, სხვა თუ არაფერი, რომლის მიხედვითაც, პერსონალური მონაცემები - მათ შორის ჩემი საბანკო ანგარიშებიც - ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილია და თუ მე პოლიტიკურად ანგაჟირებული ვარ და კანონი რაღაც დათქმას მიწესებს, ეს კიდევ უარესი. ასე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გამოუკვეთონ პოლიტიკური მიზნები და მის მიმართ მონიტორინგი განხორციელდეს, ეს მონიტორინგი კი სულაც გამოძიებით დასრულდეს. ხელისუფლება აპირებს ტოტალურ კონტროლს ყველა ტრანზაქციაზე, არც ერთი თეთრი არ უნდა გაეპაროთ - ვის სად რამდენი უჯდება ანგარიშზე. მარტივია: ეს არის რეალურად ტერორი საზოგადოების წინააღმდეგ.”

შეგახსენებთ, რომ ცვლილების შეტანის შემდეგაც, დებულების მიხედვით, 2012 წელსაც კომერციული ბანკები ვალდებულები არიან გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას. და თუ ეს ასეა, მაშინ ბანკის თანამშრომელმა ბანკის ხელმძღვანელისგან უნდა მიიღოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა, დაადგინოს მისი ფულადი სახსრების წარმომავლობა და აწარმოოს ამავე პირის ყველა ფინანსური ტრანზაქციის გაძლიერებული მონიტორინგი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG