Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი და საქართველოს თავდაცვა


მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა

მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა

საუბარი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ახლებური თანამშრომლობის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის შემდეგ დაიწყო. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის საფუძველზე, პროცესის გასაგრძელებლად, 2 თებერვალს ბრიუსელში ერთმანეთს უკვე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა პირველი პირები შეხვდნენ. ფაქტია, რომ რუსეთი გაღიზიანებულია, ქართული მხარე კი ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუმცა ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები.

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია შეკითხვა - მიაწოდებს თუ არა ახლებური თანამშრომლობის ფარგლებში შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი ხასიათის შეიარაღებას. თუმცა ამგვარ პერსპექტივასთან მიმართებით უკვე გამომჟღავნდა მოსკოვის უარყოფითი რეაქცია. „ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შეიარაღების ნებისმიერ მიწოდებას სააკაშვილის რეჟიმისთვის. თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ის სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს კავკასიაში”, - უთხრა 2 თებერვალს ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.


ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს ვიქტორია ნულანდს დაუსვეს შეკითხვა - ადასტურებს თუ არა შეერთებული შტატები სამხედრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას საქართველოსთან და აპირებს თუ არა ვაშინგტონი მიაწოდოს საქართველოს, მაგალითად, მძიმე შეიარაღება.
შეკითხვის ავტორს, ჟურნალისტს, სახელად დიმას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეახსენებს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 30 იანვარს გამართულ შეხვედრას და უდასტურებს, რომ ”შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება” თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში:

”ეს თანამშრომლობა აგებულია წარმატებულ პროგრამებზე, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს, რათა დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში - ისევე როგორც ამას ჩვენ ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით ვაკეთებთ მსოფლიოში, საქართველოს მეზობელი ბევრი ქვეყნის ჩათვლით, - და დავეხმაროთ მათ თავდაცვის სფეროს მოდერნიზებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, რათა ხელი შევუწყოთ მათ საკუთარი თავდაცვის კუთხით... ასე რომ, ჩვენ ვლაპარაკობთ თავდაცვაზე. და ასევე, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ იმ მისიას, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ ISAF-ის ოპერაციაში, ავღანეთში, და დავეხმაროთ მათ, რათა დარჩნენ ნატოსთან შესაბამისობაში.”

ვიქტორია ნულანდის ამ განმარტებაში არ არის ნახსენები შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების შესაძლო მიწოდების პერსპექტივა და ეს აქცენტი არც პრეზიდენტ ობამას სიტყვებში გამოკვეთილა. „ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა; არის საკითხთა ფართო სპექტრი, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა 30 იანვარს პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


პრეზიდენტ ობამას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიმართულებები იგულისხმება ”საკითხთა ფართო სპექტრში”, თუმცა ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, რომ საუბარია ”სამხედრო უსაფრთხოების სფეროში” ორი ქვეყნის თანამშრომლობის ”ახალ, უფრო მაღალ დონეზე”, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უკეთ დაიცვას თავი.

ამ მიმართულებით ოპტიმიზმი გამოხატა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ლეონ პანეტასთან 2 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, თავდაცვის მინისტრიც აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ”სრულიად ახალ ფაზაში გადადის”. ბაჩო ახალაია სამომავლო პერსპექტივებს ასე ხედავს:

”თუკი ჩვენ აქამდე ფოკუსირებული ვიყავით იმ სამხედრო წვრთნებზე და იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ეთმობოდა ძირითადად ჩვენს იმ (სამხედრო) ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობენ ISAF-ის ოპერაციაში, ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ისეთი სახის დახმარებებზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება მთლიანად შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.”

ბაჩო ახალაია დეტალებს არ აკონკრეტებს და არსებითად ასევე ზოგადი ხასიათისაა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სამომავლო გაზრდილი დახმარება ”გულისხმობს თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.”

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები მიაწოდოს თავდაცვითი შეიარაღება საქართველოს. გავიხსენოთ, რომ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს პრობლემები შეექმნა შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, რაც, ვიკილიქსის მასალების მიხედვით, გარკვეულწილად, რუსეთისა და შეერთებული შტატების გადატვირთვის პოლიტიკას უკავშირდება. საუბარია ანტისარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე და ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა გასული წლის მარტში უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუკი საქართველოს ექნება შესაბამისი შეიარაღება ოკუპანტი რუსეთის მხრიდან სავარაუდო საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმის გარკვეული დროით მოსაგერიებლად, პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვამდე, ამას მხოლოდ მიესალმება სამხედრო სფეროს ანალიტიკოსი, სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. თუმცა მისთვის ცხადია, რომ უძვირესი ამერიკული ტექნიკის შესყიდვას ვერ გასწვდება საქართველოს შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი, რაც 2012 წელს დაახლოებით 660 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ტექნიკის მიწოდება ახლო მომავლის პერსპექტივა არ არის, რადგანაც ამას წინ უნდა უსწრებდეს ტექნიკის გამოყენების მცოდნე, შესაბამისი კადრების მომზადება და შეერთებული შტატებიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამაზე იზრუნებს.

პროცესის ამ თანმიმდევრობით განვითარებას ვარაუდობს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი ბაკურ კვაშილავაც. ის მოელის, რომ თანამშრომლობის გაღრმავება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ოფიცერთა შესაბამისი კონტინგენტის მომზადების გრძელვადიანი პროექტით დაიწყება. თუმცა მთელ ამ ისტორიაში ბაკურ კვაშილავა ყველაზე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა მოსკოვს:

”საუბრები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ უფრო ასახავს პოლიტიკურ გზავნილს რუსეთისთვის, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვართ ჩართულები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაში. რეალურად, რაც არ უნდა მასშტაბური თავდაცვითი იარაღი ჰქონდეს მატერიალურად საქართველოს, საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მოდის შეერთებული შტატების პოზიციიდან და არა იქიდან - აქვს თუ არა ქართულ ჯარს, ვთქვათ, ანტისარაკეტო თავდაცვა.”

სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ბაკურ კვაშილავაც მიიჩნევს, რომ თუკი მანამდე ვაშინგტონი რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებას ერიდებოდა, შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიდგომებში გარდატეხა იმ ფაქტმა შეიტანა, რომ ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში კვლავაც აპირებს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG