Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაროვის ბრძანება მეამბოხეების მიმართ


დოკუ უმაროვი (მარჯვნივ)
დოკუ უმაროვი (მარჯვნივ)
ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ მეამბოხეებთან დაახლოებულმა ვებსაიტმა, „კავკაზცენტრმა“ პარასკევს გამოაქვეყნა ოთხწუთიანი ვიდეოჩანაწერი - ჯგუფ „კავკასიის საამიროს“ ლიდერის, დოკუ უმაროვის მიმართვა მებრძოლებისადმი, ბოლო მოუღონ თავდასხმებს რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობაზე.

უმაროვი ახსენებს „დღევანდელ მოვლენებს“, რომლებიც, მისი აზრით, ცხადჰყოფს, რომ სამოქალაქო მოსახლეობა არ ემხრობა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის „ჩეკისტურ“ რეჟიმს. „დღევანდელი მოვლენებით“, სავარაუდოდ, იგულისხმება საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რუსეთში მოჰყვა დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს.

უმაროვის შეფასებით, რუსეთის მოსახლეობა „სინამდვილეში არ ემხრობა პუტინს. ისინიც განიცდიან ამ უწმინდურების მიერ ექსპლუატაციას და მძევლები არიან ამ ჩეკისტური რეჟიმის ხელში. ამიტომ ვუბრძანებ ყველა სპეცჯგუფს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, ან გეგმავს სპეცოპერაციებს, რომ შეზღუდოს ისინი, თუ ოპერაციების შედეგად შესაძლოა, დაზარალდეს რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა“, - ამბობს ვიდეომიმართვაში დოკუ უმაროვი, რომლის ჯგუფიც, „კავკასიის საამირო“, მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას.

უმაროვს პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი მთელ რიგ ტერაქტებზე, მათ შორის 2011 წლის აფეთქებაზე მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა. უმაროვის სახელს უკავშირებენ აგრეთვე თვითმკვლელი ქალების მიერ მოსკოვის მეტროში 2010 წლის მარტში მოწყობილ აფეთქებებს, რომლებმაც 40 ადამიანი შეიწირა.

ახლა კი უმაროვი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მეამბოხეებს მათი რელიგია ავალდებულებს, არაფერი დაუშავონ რუსებს, რომლებიც არ მონაწილეობენ და არ ემხრობიან რუსეთის ხელისუფლების „ომს მუსლიმთა წინააღმდეგ“. რაც შეეხება ჯარისკაცებსა და უშიშროების ძალების წევრებს, მათზე თავდასხმა, უმაროვის თქმით, კვლავინდებურად გამართლებულია.

უმაროვის ბრძანება ისლამისტი მეამბოხეებისადმი, ბოლო მოუღონ სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს, ერთი თვით უსწრებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელთა შედეგადაც, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება ვლადიმირ პუტინი - ჩეჩნეთში და, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში მკაცრი კურსის პოლიტიკის მთავარი ავტორი.
XS
SM
MD
LG