Accessibility links

კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი ელენე ბოჭორიშვილი საქართველოში მკითხველმა მხოლოდ შარშან გაიცნო, კანადასა და საფრანგეთში კი მის წიგნებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. პარიზში 27-29 იანვარს გამართულ რუსული ლიტერატურის ფესტივალზე, სახელწოდებით „რუსენკო“, ელენე ბოჭორიშვილის წიგნების მთარგმნელმა ბერნარ კრაისმა სპეციალური პრიზი მიიღო, თავად ქართველი მწერლის მოთხრობების გამოქვეყნება რუსეთშიც გადაწყდა.

მიხაილ შიშკინი, ლიუდმილა ულიცკაია, ვლადიმირ სოროკინი, ანდრეი კურკოვი, ზახარ პრილეპინი - ეს იმ რუსულენოვანი მწერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსოფონიის ტრადიციულ შეხვედრაში ღებულობდნენ მონაწილეობას პარიზის მომხიბლავ გარეუბან “მარიე დე კრემლინ ბისეტრში.“ ელენე ბოჭორიშვილი, კანადაში მცხოვრები ქართველი მწერალი, რუსულენოვანი მწერლების ფესტივალს მესამედ ესწრებოდა, თუმცა ამჯერად, როგორც ელენე ბოჭორიშვილი ამბობს, პარიზში მის ჩასვლას ორი მიზეზი ჰქონდა:

ბერნარ კრაისი, მთარგმნელი

ბერნარ კრაისი, მთარგმნელი

„სულ ორი მიზეზით ჩამოვედი აქ - ჩემი წიგნის პრეზენტაციისა და ამ ფესტივალის გამო, რომელსაც ჰქვია „რუსენკო“. მეექვსე წელია, რაც ტარდება და უკვე სამჯერ გასცეს პრიზი საუკეთესო თარგმანისთვის. და ჩემი მთარგმნელი, ბერნარ კრაისი, ამ ფინალისტებს შორის მოხვდა. ეს, ალბათ, რაღაცას ნიშნავს, რადგან მაინც რუსული ლიტერატურის კონკურსია დ ა ქართველის წიგნი დაასახელეს იქ ფინალში გასულად.“

ფრანგულმა გამომცემლობა „ნაივმა“ ელენე ბოჭორიშვილის ორი წიგნი გამოსცა ზედიზედ - „ჟუჟუნა წვიმა“ და „მამაჩემის თავი.“ მოთხრობები ფრანგულად თარგმნა რუსული ლიტერატურის ცნობილმა სპეციალისტმა ბერნარ კრაისმა, რომელსაც თარგმნილი აქვს დოსტოევსკის, ტოლსტოის, ლესკოვის მოთხრობები. როგორც ბერნარ კრაისმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი სიამოვნებით დათანხმდა ელენე ბოჭორიშვილის მოთხრობების თარგმნაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ელენე გამორჩეული მწერალია:

„ მე ძალიან მომწონს ელენეს წიგნი „მამაჩემის თავი“, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა და, ასევე, „სოვკი“(საბჭოთა ადამიანი). ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ვთარგმნე. ასევე „სოვკი“ იყო ელენეს პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე და ძალიან გაოცებული დავრჩი, რადგან ეს არის ძალიან ორიგინალური ლიტერატურა და არაფერი მსგავსი არ მოიპოვება თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში. ვგულისხმობ, რომ ელენეს საკუთარი სტილი, საკუთარი წერის მანერა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური, ძალიან გამორჩეულია.“


ბერნარ კრაისს ელენე ბოჭორიშვილის წიგნის თარგმნა ფრანგმა გამომცემლობა „ნაივმა“ შეუკვეთა. ბერნარი იხსენებს, რომ ძალიან ღელავდა, როდესაც თარგმანი ელენეს გაუგზავნა გასაცნობად:

„ძალიან ვღელავდი, როდესაც ჩემი თარგმანი გავუგზავნე, რადგან ვიცოდი, რომ ელენე ფრანგულად ლაპარაკობს და კითხულობს. და, როგორც მივხვდი, მას მოეწონა თარგმანი და ასე დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა.“

როგორც ვთქვით, ელენე ბოჭორიშვილის მოთხრობების გმირები ქართველები არიან და მოქმედებაც საქართველოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი უკვე 20 წელია კანადაში ცხოვრობს და საქართველოში ჩასვლას იშვიათად ახერხებს. შესაძლოა ამის ბრალიცაა, რომ ელენე ბოჭორიშვილის მოთხრობა - „ოპერა“ - პირველად მხოლოდ შარშან გამოიცა საქართველოში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ რუსულად წერს, ელენე ბოჭორიშვილი თავს ქართველ მწერლად მიიჩნევს და ასეც გაეცნო 27 იანვარს პარიზში მისი წიგნის პრეზენტაციაზე მისულ აუდიტორიას.


„ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდე, ვისაც არ უნდა შევხვდე, სულ ამას მეკითხებიან, საქართველოში თუ ხართ გამოქვეყნებული, ძალიან რომ ქართველობთ და ასეთი გვარი რომ გვაჩუქეთ, ბოჭორიშვილი, რომელსაც ვერავინ იმახსოვრებს და ვერავინ ვერ იმეორებსო. როგორ მოხდა , რომ საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში უფრო გიცნობენ, ვიდრე საქართველოშიო. მე არ ვიცი, რატომ ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ეს ასეა.“

სხვათა შორის, ერთი შეხედვით არანაკლებ პარადოქსულია, რომ რუსულად დაწერილი ელენე ბოჭორიშვილის წიგნები ჯერ არც ერთხელ არ გამოუციათ რუსეთში. ამის მიზეზი, როგორც ელენე ამბობს, მისი ქართული გვარი და მისი გმირების ქართული ხასიათია. თუმცა რუსეთის წიგნის ბაზარი „აკრძალული“ ქართველი მწერლის წიგნებისთვის სულ მალე გაიხსნება: ერთ-ერთმა უდიდესმა რუსულმა გამომცემლობამ ერთბაშად გადაწყვიტა ელენე ბოჭორიშვილის ხუთივე წიგნის გამოცემა.

„რუსეთში სწორედ იმიტომ არ მქონდა გამოცემული, რომ ბევრი რუსი გამომცემლისათვის მე ვიყავი ქართველი და ვარ კიდეც ქართველი! მაგრამ ისიცაა, რომ არც ერთი რუსი გამომცემელი არ მიდის კანადაში რუსულენოვანი მწერლის საძებნელად. ეს კონტაქტი რატომღაც 15 წლის განმავლობაში ვერ შედგა. ახლა მე მყავს ლიტერატურული აგენტი. ძალიან ცნობილი აგენტია და იმ ქალმა მოახერხა, რომ ერთ თვეში დამემყარებინა კონტაქტი დიდ რუსულ გამომცემლობასთან, „აესტესთან“, რომელიც მარტში ხუთივე ჩემს წიგნს ერთად პირველად გამოსცემს.“

სულ მალე - ალბათ, რამდენიმე დღეში - კანადაში, მონრეალში, გამოვა ელენე ბოჭორიშვილის ახალი წიგნი, რომელსაც ორიგინალში ჰქვია „Только ждать и смотреть“. რუსულიდან ელენეს ახალი მოთხრობაც ბერნარ კრაისმა თარგმნა. თუმცა, როგორც ბერნარ კრაისმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსულენოვანი ქართველი მწერლისა და მისი მთარგმნელის შემოქმედებითი ურთიერთობა ამით არ ამოიწურება:

„მე ვთარგმნე ელენე ბოჭორიშვილის წიგნი, რომელიც თებერვალში გამოვა კანადაში, მონრეალში. მას ჰქვია „Только ждать и смотреть“. და ვთარგმნი მის ახალ წიგნსაც, რომელიც ელენეს ჯერ არ დაუსრულებია. ბოლომდე ვიმუშავებ მასთან ერთად, თუკი ენდომება“ (იცინის).

პარიზში, წიგნის პრეზენტაციაზე, ელენე ბოჭორიშვილს ბევრი შეკითხვა დაუსვეს რედაქტორისა და მწერლის ურთიერთობაზე, წერის პროცესზე, გმირებზე, შთაგონების წყაროზე. ელენეს საუბრიდან ყველაზე უფრო მეტად დამამახსოვრდა მისი ერთი ხატოვანი ფრაზა: „ჩემი გმირები კარებთან დგანან და მელოდებიან, როდის გავუღებ კარს. თუ მათ კარებთან დიდხანს ვაყურყუტებ და სახლში არ შეუშვებ, მაშინ ისინი უკან აღარასოდეს დაბრუნდებიანო.“ თუ ვინ დგას ამჟამად მწერალ ელენე ბოჭორიშვილის კარებთან და რომელი გმირი ელოდება თავის რიგს უკვდავებაში, ამ შეკითხვაზე პასუხს სულ მალე მიიღებს ფრანგი მკითხველი. რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ელენე ბოჭორიშვილის გმირები, ალბათ, მანამდე დარჩებიან უცნობი ქართველი მკითხველისათვის, სანამ თავად ქართველი გამომცემლები არ გაუღებენ საკუთარი გამომცემლობის კარებს კანადაში მცხოვრებ რუსულენოვან ქართველ მწერალს ელენე ბოჭორიშვილს, რომელსაც ფრანგმა ლიტერატორმა ბერნარ კრაისმა „ძალიან ორიგინალური და ძალიან გამორჩეული“ მწერალი უწოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG