Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“112” – „იძულებით ფასიანი“ სამაშველო სამსახური


საზოგადოების ნაწილი აქტიურად აპროტესტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, "112"-ის მომსახურების საფასურის გადახდის წესს, რომლის მიხედვითაც, მობილური აპარატის ყველა მფლობელს, თუკი თვეში ხუთ ლარზე მეტს დახარჯავს, ავტომატურად 20 თეთრი დაექვითება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება 4 თებერვალს კანცელარიის წინ შეკრებილმა ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა გააპროტესტეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ კი საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები ფასიან სამაშველო სამსახურზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის წინ მუყაოსგან გამოჭრილ ტელეფონებზე ძაფით დაკიდებული ასევე მუყაოს 20-თეთრიანები ჩამოჭრეს და ჩაყარეს იმპროვიზებულ ყულაბაში, წარწერით, „საქართველოს მთავრობა“. მოგვიანებით მათვე ხმის გამაძლიერებლით მთავრობის წევრებს მიმართეს:
გადასახადები აღარ ჰყოფნით ბატონ მერაბიშვილსა და ბატონ გილაურს, რის გამოც ხალხის ჯიბეებში დაიწყეს ქექვა და იქიდან 20 და 50 თეთრის ამოღება...

„მოვუტანეთ მათი (მთავრობის) ყულაბა, რომელიც დღითი დღე იზრდება. გადასახადები აღარ ჰყოფნით ბატონ მერაბიშვილსა და ბატონ გილაურს, რის გამოც ხალხის ჯიბეებში დაიწყეს ქექვა და იქიდან 20 და 50 თეთრის ამოღება. ბატონებო, გთხოვთ იმყოფინოთ ის თანხა, რაც ბიუჯეტში შემოდის და ნუ აყაჩაღებთ მოსახლეობას!“

ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების თქმით, საქართველოს მთავრობის N489 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები კერძო პირებს 20 თეთრს, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრს ჩამოაჭრიან ანგარიშიდან, სხვა არაფერია, თუ არა უკანონობის დაკანონება. ასე ფიქრობენ ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი პაპელიშვილი და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეები:

„აღნიშნული დადგენილება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, ვინაიდან არშემდგარ სატელეფონო საუბარში გვერიცხება ეს გადასახადი. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და მოვუწოდებთ ბატონ ნიკა გილაურს ეს კანონი გაიწვიოს უკან.“

სიახლეს უარყოფითად შეხვდა თბილისელთა დიდი ნაწილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სულ საქართველოში მობილური ქსლის აბონენტთა რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს აღემატება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თანხის დაქვითვის მაუწყებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ყველა მათგანმა მიიღო. თბილისელთა მსგავსად, თანხის ჩამოჭრა, როცა აბონენტს არ უსარგებლია სერვისით, საკუთრების უფლების უხეშ ხელყოფად მიაჩნიათ უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.
დებულება „112“-ის საქმიანობის შესახებ მთავრობამ დაამტკიცა და იქვეა განსაზღვრული რა პირობებითა და რა საფასურად მოახდენს ეს სამსახური ოპერირებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლს ვერ ვხედავ...

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა საჩივრით და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების აბონენტებისათვის თანხის ყოველთვიური ჩამოჭრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, თუმცა პასუხად კომისიის წარმომადგენელმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის უფლებამოსილებაში არ შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების შეცვლა:

„მინდა განვმარტო, რომ დებულება „112“-ის საქმიანობის შესახებ მთავრობამ დაამტკიცა და იქვეა განსაზღვრული რა პირობებითა და რა საფასურად მოახდენს ეს სამსახური ოპერირებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლს ვერ ვხედავ.“

ამგვარი განმარტების მიუხედავად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივარზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ გამოუქვეყნებია. მისი შინაარსიდან გამომდინარე, „კონსტიტციის 42-ე მუხლი“ სარჩელის სასამართლოში შეტანასაც არ გამორიცხავს. ორგანიზაციაში არალოგიკურად მიაჩნიათ ის, რომ „112“-ზე დარეკვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციათა გაერთიანებული სამსახურების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, მობილური ოპერატორები იძულებული არიან აბონენტებს არარსებული სერვისის საფასური გადაახდევინონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG