Accessibility links

logo-print
პირველი ექსპერტი: შეხვედრა შეხვედრად, მაგრამ ყურადღება მაინც იმაზე უნდა გამახვილდეს, რამდენ ხანს დაჰყვეს აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებმა ოვალურ კაბინეტში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იმდენს ხანს ჩერდები აშშ-ს პრეზიდენტის ოთახში, რამდენადაც მნიშვნელოვანი ხარ. სწორედ ამიტომაა აუცილებელია ოვალურ კაბინეტში "ყოფნის" ანალიზი...

მეორე ექსპერტი: ამ მხრივ, სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ობამამ თითი დაუქნია, თავში წამოუთაქა (დიპლომატიური პრინციპით: "ციც, რეგიონის ავტოკრატო") და 15 წუთში გამოუშვა.

პირველი ექსპერტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არანაირი თითის ქნევა არ ყოფილა, მით უმეტეს "ციც" და რაღაც მსგავსი; არც ვიცი, საიდან მოგაქვთ ეს ტერმინები! პრეზიდენტებმა საათზე მეტხანს ისაუბრეს! თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? ერთი საათი - პლანეტის დირექტორთან! თან მაშინ, როცა რეგლამენტით მხოლოდ ოცი წუთი იყო განსაზღვრული.

მეორე ექსპერტი: იყო წამოთაქება, იყო! ერთი საათი - თქვენს ოცნებებშია!

პირველი ექსპერტი: ბოდიში მოიხადეთ - საათი და ხუთი წუთი! ასეთი რამ ტეტჩერსაც არ ღირსებია თავისი ზეობის ხანაში! ხოლო თქვენს ოცნებებზე, ძალიან გთხოვთ, ნუ ამალაპარაკებთ...

მეორე ექსპერტი: ოპოზიციის მიტინგების რაოდენობაზეც იგივეს ამბობდით - რუსთაველზე ასი ათასი კაცი იდგა და თქვენ კი ამტკიცებდით, ორი ათასი კაცი ძლივს შეიკრიბაო. სირცხვილია.

პირველი ექსპერტი: სირცხვილი ისაა, კითხვა რომ არ იცით ინგლისურად. ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე შავით თეთრზე წერია, რამდენ ხანს გასტანა პრეზიდენტების შეხვედრამ.

მეორე ექსპერტი: მეცინება! "15 წთ. 02. წმ" - აი, რა წერია იქ!

პირველი ექსპერტი: საბავშვო ბაღში ვართ. მითითებულია (ინგლისური აქცენტით) "ეურთი საათი და ქიუთი თსუთი"! გაახილეთ თვალები!

მეორე ექსპერტი: ხალხი მაინც არ მოტყუვდება.

პირველი ექსპერტი: ხალხის მაგივრად ნუ ლაპარაკობთ. "შავი ხვრელი" მაინც არ გაგიგიათ?

მეორე ექსპერტი: რა შუაშია?

პირველი ექსპერტი: იმ შუაშია, რომ დრო არც არსებობს. გია დვალისთვისთვის, მაგალითად, სულ ერთია პრეზიდენტები ერთი საათით შეხვდნენ ერთმანეთს თუ თხუთმეტი წუთით!

მეორე ექსპერტი: ხელები შორს ფიზიკის ინსტიტუტისგან! მართლაც მეცინება, წუთებს რომ ითვლით; სახეზე მაინც შეგეხედათ სააკაშვილისთვის! ძლივს ახერხებდა ღიმილს... წარბებიც ნერვიულად აქაჩულ-დაქაჩული... თან ეს ბარძაყებიც... უიმე... ვერ შეამჩნიეთ, რა უცბად წამოხტა? არ უნდოდა იქ გაჩერდება, სადაც ყური აუწიეს!

პირველი ექსპერტი: (ირონიით) ნასკებიც ხომ არ ჰქონია ჩაგორგოლავებული? (მკაცრად) სირცხვილია, რეებზე ვლაპარაკობთ, რა დონის ხართ, ვინ ხართ! კარგ ხასიათზეც იყო და ლაღადაც იღიმებოდა... პირდაპირ ვიტყვი: ასეთი ეფექტური - გარეგნობის კუთხით - ჩვენი პრეზიდენტი იშვიათად ყოფილა. სად დაინახეთ ეს წამოხტომა, ვერ ვხვდები! წამოდგა ძალიან ჩვეულებრივად, ტაქტიანად და თბილად... აბა, ხომ არ მიეწებებოდა იმ სავარძელს!

მეორე ექსპერტი: ვინ დააცლიდა მანდ მიწებებას! სულ პანღურებით შეიყვანეს და პანღურებითვე გამოაგდეს!

პირველი ექსპერტი: (შეუბრალებელი ცინიზმით) თქვენი ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ მიაღწევთ მაგ პანღურების მეათედსაც კი! თუმცა, ცხადია, არანაირი პანღურები არ ყოფილა. პირიქით, იყო უდიდესი მოფერება, უდიდესი დიპლომატიური ალერსი...

მეორე ექსპერტი: მაშინ ის მითხარით, ამისთანა რა დამსახურება აქვს ვერა ქობალიას, რომ მას ობამასთან ერთად გადაუღეს ფოტო?

პირველი ექსპერტი: რა დამსახურება აქვს და... ააყვავა ამ გოგომ ქართული ეკონომიკა! თან გამართულად ლაპარაკობს ინგლისურად და არ შეგვარცხვენს უცხოელებთან! ბოღმებო! შურიანებო!

მეორე ექსპერტი: მეცინება!

პირველი ექსპერტი: მე თქვენზე!
XS
SM
MD
LG