Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი აკრიტიკებს რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს სირიის შესახებ რეზოლუციაზე


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აკრიტიკებს რუსეთისა და ჩინეთის მიერ ვეტოს გამოყენებას სირიის შესახებ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დასაბლოკად. გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ბან კი მუნი ფიქრობს, რომ ვეტო „ასუსტებს გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლს“ მაშინ, როცა დამასკმა უნდა გაიგოს საერთო მოწოდება სირიის ხალხის წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელზეც კენჭი უყარეს სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს, პროექტს მიემხრო გაეროს უშიშროების საბჭოს 13 წევრი - ანუ ყველა, ჩინეთის და რუსეთის გარდა. გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი „დაუბალანსებელ სიგნალს“ უგზვნიდა სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რეზოლუციის პროექტს, მოითხოვენ სირიაში რეჟიმის შეცვლას და ოპოზიციას უბიძგებენ ხელისუფლების სათავისაკენ. გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრა გაიმართა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სირიის ჯარებმა ჭურვები დაუშინეს ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსს. აქტივისტების ცნობით, რომელსაც დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი. დღეს სირიის სახელმწიფო მედიაში უარყოფილი იყო ინფორმაცია, თითქოს სირიის ჯარებს ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა ჰომსში მრავალრიცხოვან მსხვერპლზე. მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათს მკაცრად გააკრიტიკა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჰომსში სისხლისღვრასთან დაკავშირებით. ობამას თქმით, ალ-ასადმა ბოლო უნდა მოუღოს "საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებას, უნდა გადადგეს და დაუყოვნებლივ გახადოს შესაძლებელი დემოკრატიული გარდაქმნა" ქვეყანაში. ჰომსში ძალადობის ფაქტი დაგმეს სხვა ქვეყნების ლიდერებმაც, მათ შორის საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალენ ჟუპემ.
XS
SM
MD
LG