Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტების შეხვედრის და თოვლის კვირა


გასული კვირის მთავარი მოვლენა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და, პირველ რიგში, მისი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. 30 იანვარს, თეთრ სახლში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი საქებარი სიტყვა მიუძღვნა დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებისთვის. ობამამ თქვა, რომ განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და რომ საქართველო ”დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელს” არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა წლების შემდეგ მისაბაძ მაგალითად იქცეს:

„ვფიქრობთ, პროგრესის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში სხვა სახელმწიფოები იტყვიან, თუ საქართველომ შეძლო ასეთი გარდაქმნა, მაშინ ამას ჩვენც შევძლებთო. (საქართველო) პასუხისმგებლობით მოქმედი მოთამაშეა როგორც მსოფლიო სარბიელზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.“

ბარაკ ობამამ პირადად მიხეილ სააკაშვილიც შეაქო და თქვა, რომ საქართველომ ”უზარმაზარი ნაბიჯები” სწორედ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გადადგა. თუმცა წარმატებული რეფორმების შედეგებს შენარჩუნება სჭირდება და ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მომავალი არჩევნების ხარისხზე:

„ასე რომ, მინდა დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე შესრულებულია, მაგრამ ასევე მოველი სამართლიანსა და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რაც იქნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე გატარდა.“

ვაშინგტონში ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა 1 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის წინ შეაჯამა:
ახლა ქვეყანა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს და ეს ეტაპი გულისხმობს ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას და არა პერსონიფიცირებას...

„დიდი მადლობა ასეთი მოპყრობისთვის... ჩვენ უკან არათუ მხოლოდ ხელცარიელები არ ვბრუნდებით, არამედ ბევრი რამ გვაქვს წასაღები...“

სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს მთელი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ საქართველოში. განსაკუთრებით ბევრს მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავდა ბარაკ ობამას თუ ჰილარი კლინტონი მიერ ნათქვამი სიტყვები ხელისუფლების გადაცემის შესახებ. ქრისტიან-დემოკრატმა პარლამენტარმა ლევან ვეფხვაძემ, მაგალითად, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვებიდან ის აზრი გამოიტანა, რომ სააკაშვილი დასავლეთს ”წარსულ ეტაპად” მიაჩნია:

”ახლა ქვეყანა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს და ეს ეტაპი გულისხმობს ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას და არა პერსონიფიცირებას და ახალი მესიების ძიებას. ამიტომ, თუ ჩვენ ვაპირებთ თანამედროვე ქვეყნის აშენებას, უნდა ავირჩიოთ გზა, რომელზეც ჩვენი კეთილისმსურველები საუბრობენ. თუკი სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას გადაწყვეტს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთი ერთზე დარჩება რუსეთთან, რადგანაც მისი უმთავრესი პარტნიორებისთვის მისი ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება.”

„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე სააკაშვილის გაპრემიერმინისტრების შემთხვევაში შეერთებული შტატების მხრიდან ”შეშფოთებას” არ მოელის, რადგანაც ეს ნაბიჯი კონსტიტუციასთან შეუსაბამო არ იქნება, მაგრამ ის მაინც ვარაუდობს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება სასურველი არ იქნება არც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და, შესაბამისად, არც დასავლეთისთვის. მან თქვა, რომ, მსოფლიოში ხანგრძლივი მმართველობის არაერთი მაგალითის არსებობის მიუხედავად, დასავლეთისთვის ყოველთვის მიუღებელია, როცა ერთი და იგივე პოლიტიკოსი დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, მმართველ პოსტზე.
ამ კანონებში კი პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ საფასურის ოდენობას მთავრობა ადგენს. ზოგადად მსგავსი საფასურის დადგენა მთავრობის ფუნქციებში არ შედის...


საქართველოს მოსახლეობის ნაწილის სამსჯელო გასულ კვირას მობილურ ტელეფონებზე მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა, რომლებიც აბონენტებს ამცნობდნენ, რომ მათ ანგარიშიდან ”112”-ის მომსახურების საფასური 20 ან 50 თეთრი ჩამოეჭრათ. აღსანიშნავია, რომ ”112” ჯერ არ შექმნილა. ბევრს ასევე გაუჩნდა შეკითხვა: რატომ უნდა გადაიხადონ ეს საფასური აბონენტებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ „112“-ის მომსახურებით არ სარგებლობენ და, საერთოდ, რატომ უნდა იყოს მსგავსი მომსახურება ფასიანი?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ილია ჭანტურაია აღნიშნავს, რომ ეს დადგენილება სამართლიანობის კუთხით კითხვებს მართლაც აჩენს, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით მთავრობასთან დავას აზრი არა აქვს, რადგან მის მიღებამდე რამდენიმე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა:

”ეს დადგენილება პრეამბულაში ადგენს, რომ ის მიღებულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის თანახმად და თვით ”112”-ის შექმნის შესახებ კანონის თანახმად. ამ კანონებში კი პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ საფასურის ოდენობას მთავრობა ადგენს. ზოგადად მსგავსი საფასურის დადგენა მთავრობის ფუნქციებში არ შედის. სწორედ ამიტომ შეიტანეს კანონში წინასწარ ცვლილება, რომ სამართლებრივად ვერავინ მოსდავებოდა.”

მიუხედავად ამისა, პროტესტი ამ გადასახადს მაინც მოჰყვა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება 4 თებერვალს კანცელარიის წინ შეკრებილმა ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა გააპროტესტეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ კი საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის წინ მუყაოსგან გამოჭრილ ტელეფონებზე ძაფით დაკიდებული ასევე მუყაოს 20-თეთრიანები ჩამოჭრეს და ჩაყარეს იმპროვიზებულ ყულაბაში, წარწერით - „საქართველოს მთავრობა“. მოგვიანებით მათვე ხმის გამაძლიერებლით მთავრობის წევრებს მიმართეს:

„გადასახადები აღარ ჰყოფნით ბატონ მერაბიშვილსა და ბატონ გილაურს, რის გამოც ხალხის ჯიბეებში დაიწყეს ქექვა და იქიდან 20 და 50 თეთრის ამოღება...
მოვუტანეთ მათ (მთავრობის) ყულაბა, რომელიც დღითი დღე იზრდება. ბატონებო, გთხოვთ იმყოფინოთ ის თანხა, რაც ბიუჯეტში შემოდის და ნუ აყაჩაღებთ მოსახლეობას!“

პოლიტიკის გარდა, გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ამინდიც იყო. თოვლი და ყინვა მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. დიდთოვლობამ სვანეთისა და სამეგრელოს ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ათობით ათასი აბონენტი საქართველოში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლოს გამოიდარა. სინოპტიკოსების ცნობით, ორშაბათიდან აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისშიც უნდა გამოიდაროს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG