Accessibility links

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ფართოვდება. ამჯერად მას „ეროვნული ფორუმი“ შეუერთდა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და იმ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს, რომლებიც მის კოალიციაში ვერ მოხვდნენ. ბიზნესმენი მათ მაჟორიტარული წესით არჩევნებისას საერთო კანდიდატზე შესაძლო შეთანხმების ვარიანტს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ის გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ფურცლების საშუალებით აკეთებს. გაზეთი, მილიარდერი ბიზნესმენის სიტყვებზე დაყრდნობით, იმასაც იტყობინება, რომ ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს. როგორ ხვდებიან ბიზნესმენის ინიციატივებს კოალიციის წევრები და ექსპერტები?

„რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, თავიანთ პოლიტიკურ გუნდებთან ერთად, და ამჯერად უკვე „ეროვნული ფორუმი“ - ასეთია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის დღესდღეობით არსებული შემადგენლობა. „ეროვნული ფორუმი“ კოალიციას 6 თებერვალს შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთმოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ, წინადადებით კი თავად ბიძინა ივანიშვილმა მოგვმართა, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ეროვნული ფორუმის” წევრმა რეზო შავიშვილმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ”ეროვნული ფორუმი” კოალიციის მუშაობაში ინტენსიურად ჩაებმება:

რევაზ შავიშვილი

რევაზ შავიშვილი

”საბოლოო წინადადება ჩვენ ბატონ ბიძინასგან მივიღეთ და ამ წინადადებას დავთანხმდით. ვისაუბრეთ დეტალებზე, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვან საკითხებზე არ გვისაუბრია. ამ ეტაპზე ყველა საკითხი შეთანხმებულია. ინტენსიურ ერთობლივ მუშაობას ვაპირებთ, ყველა საკითხი გადაწყდება ერთმანეთთან შეთანხმებით და ვნახოთ, რა იქნება. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს რეზო შავიშვილი.

”ეროვნული ფორუმის” კოალიციაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მედიაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე განცხადება გავრცელდა. გაზეთ ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა, ბიზნესმენი იმ პარტიებს მიმართავს, რომლებიც კოალიციაში ვერ გაერთიანდნენ, თუმცა არ არიან ბიზნესმენისთვის იდეოლოგიურად მიუღებელნი. ბიძინა ივანიშვილი მათ მაჟორიტარული წესით არჩევნებისას საერთო კანდიდატზე შესაძლო შეთანხმების ვარიანტს სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში, ხელს არ შევუშლით მათ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატების წარდგენისას. მსგავს შემთხვევაში მივაღწევთ შეთანხმებას საერთო კანდიდატზე, აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ბიზნესმენის ამ განცხადებას მიესალმება კოალიციის ახალი წევრის, ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი რეზო შავიშვილი და რადიო თავისუფლებასთან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს:

”აუცილებელია, რომ ოპოზიციას ყველა ოლქში ჰყავდეს თითო გავლენიანი კანდიდატი, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც წლებია უკვე არჩევნების პრობლემად რჩება. გავიხსენოთ თუნდაც საბურთალოს რაიონში განვითარებული მოვლენები, სადაც პირადად ვიყრიდი კენჭს. ოპოზიციური ხმები თითქმის ორჯერ მეტი იყო გამარჯვებული კანდიდატის ხმებზე და იმის გამო, რომ ოპოზიციამ გაყო ხმები, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომელსაც, წესით, არ უნდა მოეგო ის არჩევნები”, - მიაჩნია რეზო შავიშვილს.

”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით საღ და რაციონალურ წინადადებად მიიჩნევს. როგორც ”ინტერპრესნიუსი” კახა კუკავას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, ეს არის მისაღები და საინტერესო ფორმა ოპოზიციის თანამშრომლობის, რომელიც დეტალიზებული შეთანხმების სახეს მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც დღეს მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ქუჩის აქციებს შეეხება. როგორც ბიძინა ივანიშვილი გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ფურცლებზე ამბობს, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს:

"იმ შემთხვევაში, თუ 20 და 30 პროცენტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევაში ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით. დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ. კანონით განსაზღვრული ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენს ხმებს".

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მილიარდერი ბიზნესმენი ქუჩის აქციებზე ალაპარაკდა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნულ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე ნიშანდობლივ მომენტად ასახელებს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რა გახდა მსგავსი განცხადების გავრცელების მიზეზი, რამაზ საყვარელიძე ასეთ პასუხს იძლევა:

”ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არჩევნებისადმი უფრო რეალისტური გახდა. არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არჩევნები არ მთავრდება არჩევნების დღეს და ადამიანებს აქვთ თავიანთი ხმების დაცვის როგორც კონსტიტუციური უფლება, ასევე შესაძლებლობა. და ამ შესაძლებლობის გამორიცხვა რეალისტურ პოლიტიკად არ შეიძლება შეფასდეს.”

თუკი ქუჩის აქციების თემას გავაგრძელებთ, აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანებისა და მისი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შესახებ. ბიძინა ივანიშვილისთვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელ პარტნიორად სწორედ იმის გამო რჩება, რომ ის პრეზიდენტისა და ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ ქუჩიდან ხედავს. ეს ერთი ფაქტიც საკმარისია საიმისოდ, რომ ჩვენ თავი შევიკავოთ მასთან ურთიერთობისგან, ამბობს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში.

შესწევს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილ კოალიციას უნარი, რომ ხელისუფლებას რეალური ოპონირება გაუწიოს? რამაზ საყვარელიძე აღნიშნულ კითხვაზე პასუხად ოპოზიციური „რვიანის“ მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ კოალიციამ შეიძლება გაცილებით პოზიტიური შედეგი აჩვენოს:

”ეს განსხვავებული სიტუაციაა იმ პერიოდისგან, როდესაც, ოპოზიციური „რვიანის“ სახით, თითქმის იგივე შემადგენლობა ცდილობდა შეექმნა გაერთიანება. განსხვავებულია იმით, რომ მაშინ იქ ყველა თანაბარ სიტუაციაში იყო, დღეს კი ლიდერი გამოიკვეთა და მიმაჩნია, რომ ასეთი სტრუქტურირება უფრო გამართლებულია და საქმესაც მეტად გამოადგება”, - იმედოვნებს რამაზ საყვარელიძე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG