Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბინაოდ დარჩენილი დევნილები საცხოვრებელს ითხოვენ


ზუგდიდის ყოფილი გრენქარხნის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 13 ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს. გასულ კვირაში აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველომ მათ შენობის დაცლა მოსთხოვა, რის შემდეგაც 4 ოჯახი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის დახმარებით, ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში გადაიყვანა. გადასახლებიდან რამდენიმე საათში დევნილები პირვანდელ საცხოვრებელში დაბრუნდნენ, რადგან, მათივე თქმით, საბავშვო ბაღის შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობები დახვდათ. გალიდან დევნილი მალვინა ღურწკაია ამბობს, რომ ბაღის შენობას არა აქვს კარ-ფანჯარა და არც ელექტროენერგია მიეწოდება.
შენობაში მცხოვრებმა 9 ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, თუ სად გადაასახლებენ. გალის მკვიდრი ჯამბულ არონია ამბობს, რომ ცდილობს იპოვოს საცხოვრებლად გამოსადეგი შენობა.

დევნილების თქმით, ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ საბავშვო ბაღში დროებით, 7-8 თვე მოუწევთ ცხოვრება, რადგან ზუგდიდში კორპუსების მშენებლობა იგეგმება, სადაც მათი ჩასახლება მოხდება.
ვითარებაში გასარკვევად, თუ სად გადაასახლებენ და რა პირობებში მოუწევთ ცხოვრება ყოფილი გრენქარხნის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რადიო თავისუფლება ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა.სამინისტროს პრესსამსახურის, კერძოდ, ლიკა ბასლანძის განცხადებით, დევნილებს არსებობისთვის ყველანაირ პირობებს შეუქმნიან, რამდენიმე თვეში კი მათ ზუგდიდში, ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ჩაასახლებენ. ცნობისთვის: ყოფილი გრენქარხნის შენობაში 45- მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. შარშან, აგვისტოში, ოჯახების ნაწილი ფოთის ახალ რაიონში გადაიყვანეს, ნაწილმა კი გადასახლებაზე უარი განაცხადა, ზუგდიდში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოტივით.
XS
SM
MD
LG