Accessibility links

სირიაში მიმდინარე ძალადობის ფონზე რუსეთი და ჩინეთი თავიანთ ვეტოებს იცავენ


სირიის ოპოზიციური წყაროების ცნობით, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჰომსში დღეს, მთავრობის ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობა თავდასხმისას ვერტმფრენებს და ყუმბარებს იყენებს. მთავრობა ჰომსის დაცხრილვას უარყოფს და ძალადობაში „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს. ხელისუფლება ასევე „ტერორისტებს“ სდებს ბრალს ჰომსში გაზსადენის აფეთქების მოწყობაში. აქტივისტები ავრცელებენ ცნობას მთავრობის ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შემთხვევებზე სხვა ქალაქებში - ალეპოსა და ზაბადანიში, ისევე როგორც დედაქალაქ დამასკში. როგორც იუწყებიან, ამას სულ მცირე კიდევ 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ სირიის არმიის დეზერტირებმა უმაღლესი სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება, რომელმაც ქვეყანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობისგან უნდა „იხსნას“. ასეთ ფონზე რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ სწორი გადაწვეტილება მიიღეს, როცა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში ძალადობის შეწყვეტის და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოწოდებებს შეიცავდა. ამ ვეტოს გამო რუსეთს და ჩინეთს მწვავედ აკრიტიკებენ დასავლეთის ქვეყნები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა დასავლეთის რეაქციას „ისტერიის ზღვარზე მყოფი“ უწოდა. ლავროვმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტზე დათანხმება რომელიმე მხარეს დადგომა გამოვიდოდა სირიაში მიმდინარე „სამოქალაქო ომშიო“. აშშ-ის მხრიდან გამოთქმული ბრალდება, რომ მოსკოვი და პეკინი სირიის რეჟიმს მფარველობენ, ჩინეთმაც უარყო.
XS
SM
MD
LG