Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სირიის პრეზიდენტს


დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მიხაილ ფრადკოვთან ერთად დამასკში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი დამოუკიდებლად აპირებს სირიაში ვითარების სტაბილიზაციისა და რეფორმების გატარების მიღწევას და ამის გამო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ლავროვსა და ფრადკოვს ასადთან პირისპირ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. 6 თებერვალს ბაჰრეინში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა: ”გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებზე დასავლეთის მიერ გამოთქმული შეფასებები, ვიტყოდი, ულამაზოდ ჟღერს, სადღაც ისტერიკის ზღვარზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთი ისტერიული განცხადებებით პირველ რიგში ცდილობენ გადაფარონ არსი იმისა, რაც მოხდა და რაც ხდება. არსი კი ის არის, რომ სირიაში ძალადობის ერთზე მეტი წყარო არსებობს. ასეთი რამდენიმეა. არ შეიძლება რეზოლუცია უბრალო ლოზუნგად დარჩეს. მასში უნდა აისახოს პრაქტიკული ზომები ამა თუ იმ პოზიციის რეალიზაციისთვის. თანაავტორების სურვილი იყო ეიძულებინათ რეჟიმი შეეწყვიტა ძალადობრივი მოქმედება და არ დაეკისრებინათ რაიმე განსაკუთრებული, კონკრეტული პასუხისმგებლობა შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომლებიც რეჟიმს ებრძვიან. ასეთი რეზოლუციით უშიშროების საბჭო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მონაწილის მხარეზე დადგებოდა. ასე რომ, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვინმესთვის გადაებრალებინათ მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გადაეტანათ შეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედებებიდან. ისინი იარაღსა და რჩევებს, აგრეთვე სხვა სახის მხარდაჭერას უცხოეთიდან იღებენ. ეს იყო მათთვის უშიშროების საბჭოში კონსნენსუსის მიღწევაზე მნიშვნელოვანი, რაც სრულიად რეალური იყო. რა თქმა უნდა, დამასკიდან ჩვენს დაბრუნებამდე მოცდაზე უარის თქმა, აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა იყო. გაეროს წესდებით, ვეტოს უფლების გამოყენება მსოფლიოს მოწყობის განუყოფელი ნაწილია”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არ სურს დამასკში მისიის შესახებ ლაპარაკი და რომ მის არსს მხოლოდ 7 თებერვალს გაუმხელს თავად ბაშარ ასადს.
XS
SM
MD
LG