Accessibility links

საბერძნეთის თავსატეხი


გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში

გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში

საბერძნეთის ფინანსური და სოციალური პრობლემები ღრმავდება. სამშაბათს ამ დიდძალი ვალების მქონე ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები ჩატარდა. მოსახლეობა მწვავედ აპროტესტებს იმ საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომებს, რომელსაც საბერძნეთისგან ევროკავშირი მოითხოვს.
სამშაბათს საბერძნეთში, პროფკავშირთა ორგანიზაციების ინიციატივით, საყოველთაო გაფიცვა მოეწყო საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის იმ ახალი ზომების გასაპროტესტებლად, რომელთა სასწრაფოდ გატარებასაც საბერძნეთისგან ევროკავშირი მოითხოვს. ბრიუსელი ამ ზომების შესრულებას აყენებს პირობად, რომელზეც დამოკიდებული იქნება დიდძალი ვალის მქონე საბერძნეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა ბანკების მხრიდან.

წვიმის მიუხედავად, ათენის ცენტრში ათასობით დემონსტრანტი გავიდა და კიდევ ერთხელ გამოხატა გულისწყრომა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოთხოვნილი საბიუჯეტო მომჭირნეობის ზომების მიმართ. არადა, საბერძნეთს უკვე მოუახლოვდა საბიუჯეტო ნაბიჯების გადასადგმელად დათქმული ვადა. ამასთან, საბერძნეთმა ბანკებთან თავისი ვალის ჩამოწერის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებაც უნდა დაასრულოს. მხოლოდ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ გამოუყოფენ ბანკები საბერძნეთს დახმარების მეორე პაკეტს, რომელმაც ქვეყანა დეფოლტისგან უნდა იხსნას.
საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 18 პროცენტია. ქვეყანა უკვე მეხუთე წელია რეცესიაში იმყოფება.

„არა - საჯარო მოხელეების გათავისუფლებას!“, „არა - მინიმალური სახელფასო ზღვრის გაუქმებას“, „უმუშევრობა, სიღარიბე, ქვეყნის გაღატაკება იმ შეთანხმებების ბრალია, რომლებიც ევროკავშირთან, სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაიდო“ - ასეთი ლოზუნგები ეწერა პლაკატებს, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს ეჭირათ. აქციის პარალელურად, საბერძნეთში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, სლოგანით: „საკმარისია. მეტის ატანა შეუძლებელია“.

გაფიცვის ფარგლებში უკიდურესად შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ სკოლები, სამინისტროები, საავადმყოფოები და ბანკები. მნიშვნელოვანი შეფერხებები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაში. საჰაერო მიმოსვლას გაფიცვა არ შეხებია.

პროფესიული კავშირების ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერი, იანის პანაგოპულოსი, საბერძნეთისთვის გამოტანილ „სასიკვდილო განაჩენს“ უწოდებს ხელმომჭირნეობის ახალ ზომებს, რომელიც უკვე დაკლებული ხელფასების კიდევ 20-30 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.
ხელმომჭირნეობის ზომებს აქტიურად ეხმაურება საბერძნეთის პრესაც. „მსხვერპლის გაღება ხელფასების და პენსიების შეკვეცით“, - წერს ერთ-ერთი ყოველდღიური გაზეთი. მერკელი და სარკოზი საბერძნეთს „ახრჩობენო“, - წერს მეორე.

ასეთ შიდაპოლიტიკურ ფონზე საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევანგელოს ვენისელოსი აცხადებს, დახმარების პაკეტის შესახებ სესხის საერთაშორისო გამცემებთან წარმოებული მოლაპარაკებები რთულია, მაგრამ უნდა გაგრძელდესო: „სამწუხაროდ, უნდა ვთქვა - წარმოებული მოლაპარაკებები ისეთი რთულია, რომ როგორც კი ერთ საკითხს დავხურავთ, მაშინვე მეორე წამოიჭრება ხოლმე. ურჩხულ ჰიდრასავითაა. ჰერაკლე კი არავინაა - ჰიდრას მარტოდმარტო ვერავინ დაუპირისპირდება. სწორედ ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, წვრილმანებზე გამოკიდებისა და გამომწვევი ქცევის გარეშე. საბერძნეთის მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, ეს პროგრამა სრული მასშტაბით უნდა დავანახვოთ და უნდა ვიაროთ იმ გამოსავლისკენ, რომელიც უკვე გამოვძებნეთ. ანუ დავრჩეთ ევროს მოქმედების ზონაში, დავრჩეთ ევროპაში და ვიბრძოლოთ დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად.“

ვენისელოსი ამ განცხადებით სამეულად წოდებულ ჯგუფთან - ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან - გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ გამოვიდა.

ეს სამეული საბერძნეთისგან სწორედ იმ ზომების გატარებას მოითხოვს, რომელსაც ასე აქტიურად აპროტესტებენ მოქალაქეები - პენსიების და ხელფასების შემცირებას და სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შეკვეცას. ეს არის პირობები, რომელთა შესრულებაც მოიტანს 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახმარების პაკეტის გამოყოფას.

ამასთან, საბერძნეთმა 20 მარტამდე ობლიგაციების სახით 14.5 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. ათენზე და მის კერძო საკრედიტო ორგანიზაციებზე სამეული ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებს - მოითხოვს, ქვეყნის ვალი ამჟამინდელი მაჩვენებლიდან - მთლიანი შიდა პროდუქტის 160 პროცენტიდან - 2020 წლამდე 120 პროცენტამდე ჩამოვიდეს.
შეთანხმება თებერვლის შუა რიცხვებამდე თუ არ იქნა მიღწეული, ათენი შესაძლოა უკვე მარტში დადგეს დეფოლტის წინაშე.

ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ სამშაბათს გამოვიდა განცხადებით, რომ საბერძნეთი ევროს მოქმედების ზონაში უნდა დარჩეს. ამ განცხადების ფონია ბაროზუს ერთ-ერთი მოადგილის სიტყვები, რომ ევროს მოქმედების ზონა გადაურჩება მისგან საბერძნეთის გამოყოფას.

„ჩვენ გვსურს საბერძნეთი ევროს მოქმედების ზონაში დარჩესო“, - უთხრა ბაროზუმ ჟურნალისტებს და დასძინა: „ევროზონიდან საბერძნეთის გამოყოფის საფასური ამ ქვეყნის მხარდაჭერაზე უფრო მაღალი იქნებაო“.

ბაროზუს განცხადებას წინ უსწრებდა ახალი ტექნოლოგიების სფეროში ევროკომისრის, ნილი კროესის მიერ ჰოლანდიაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთისთვის ნათქვამი სიტყვები - „ევროს მოქმედების ზონიდან ვინმეს გათიშვა კატასტროფა არ იქნებაო“. კროესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს საბერძნეთი კვლავ ძველ ვალუტას - დრაჰმას - დაუბრუნდეს, თუმცა იქვე განაცხადა, არ ვარ დარწმუნებული, რომ საბერძნეთი სწორი მიმართულებით მოძრაობსო.
XS
SM
MD
LG