Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ალიანსში ”ეროვნული ფორუმის” შესვლას ეხმაურება. ”ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, რევაზ შავიშვილი, ”ახალ თაობას” ეუბნება: ”მე არ მახსოვს ერთი თვეც კი „ფორუმის“ არსებობის ექვსწლიან ისტორიაში, რომ პარტიის დაშლაზე ან რომელიმე ლიდერის წასვლაზე საუბარი არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭორი იყო ყოველთვის. დადასტურდა, რომ ეს მართლაც ჭორი იყო და არავითარი საერთო რეალობასთან არ ჰქონდა. ივანიშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე და მე. როდესაც შეთანხმება იქნა მიღწეული, შემდეგ შეხვედრას შემოუერთდნენ დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია.”

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს ”ეროვნული ფორუმის” კიდევ ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან: ”ამ შემთხვევაში აღარ არის საინტერესო, რას გვთავაზობდა ბატონი ბიძინა და რას ვთავაზობდით ჩვენ. მთავარია, შედეგი მიღებული გვაქვს, პარტია წარმოდგენილია სრულფასოვნად”. ამავე ინტერვიუში სანიკიძე ლაპარაკობს ”სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან” ”გარკვეული ტიპის ურთიერთობის” პერსპექტივაზე.

”რეზონანსის” ავტორი წერს: ”მაჟორიტარული წესით არჩევნებში საერთო კანდიდატი მათთან, რომლებიც ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის ეჭვს არ ტოვებენ, - ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გახმოვანებულმა ამ ცნობამ ზოგიერთ ოპოზიციურ სუბიექტს ივანიშვილთან ირიბად მაინც თანამშრომლობის იმედი გაუჩინა.”

ისევ ”ახალ თაობას” მივუბრუნდები. დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან. ის მომავალი არჩევნების შესახებ ამბობს: ”სააკაშვილი აუცილებლად წავა გაყალბებაზე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამიტომაც ხდება პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რომ თბილისი გაყალბებულ არჩევნებს არ მიიღებს და აქ გამოსვლები იქნება. მაგრამ სააკაშვილს თავისი პარლამენტის შესაკრებად ექნება ქუთაისი. ხელი არ შეეშლება. მთავრობის რეზიდენციაც ქუთაისში იქნება. აქედან გამომდინარე, თუ გაყალბებული არჩევნების ფონზე ქართული საზოგადოების პროტესტი სერიოზული არ იქნა, ამერიკა გააკრიტიკებს სააკაშვილს, თან თავისი პრობლემებით იქნება ძალიან დაკავებული, მაგრამ სააკაშვილს შერჩება პრემიერ-მინისტრობა. მაგრამ თუ ქართველების პროტესტი იქნება ძალიან ძლიერი, ბუნებრივია, ამერიკა, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებს, დადგება ხალხის მხარეს.”
”რეზონანსი” დღეს სიღარიბის სტატისტიკაზე წერს. ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძეს გაზეთისთვის უთქვამს: ”ექსპერტული გათვლებით, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს და ის უკვე წლებია სისტემატურად იზრდება.”

”24 საათი” წერს ”კავკასიური სახლის” პროექტზე - ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგზე” . პროექტის მხარდამჭერს, ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვს ”24 საათისთვის” უთქვამს: ”ნახეს, რომ საქართველო უკვე აღარ არის საბჭოთა კავშირი. ეს ყველაზე მთავარია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ მათ დარწმუნებას, რომ უშედეგო იქნება, თუ ქვეყანაში რეფორმები მხოლოდ უფროსის დავალებით გაკეთდება. ამისთვის თავისუფალი საზოგადოების მომზადებაა საჭირო. თავისუფლების გარეშე ქვეყნის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლებელია.”

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი ”ქართული ოცნების” მიზნებზე წერს. სტატიის დასასრულს წაიკითხავთ: ”ცხადია, რომ საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს სჭირდება ალტერნატიული, გამოკვეთილი სტრატეგია უპირველეს საკითხთან მიმართებაში, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია!.. რომელიც გამორიცხავს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მცდელობას და ორიენტირებული იქნება მშვიდობიანი, გამჭვირვალე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ, პარტნიორულ თანამშრომლობაზე! ეს სტრატეგია ”გასაგები” უნდა იყოს ამომრჩევლების უმრავლესობისთვის, ანუ ”მარტივი” და უბრალო ენაზე ასახსნელი.”
XS
SM
MD
LG