Accessibility links

logo-print
რუსეთის პრესის მიმოხილვა გაზეთ ”იზვესტიაში” გამოქვეყნებული ერთი სტატიით დავიწყოთ. ”Ту-22М3 -ისგან ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მკვლელს შექმნიან. ბომბდამშენს მთელ ელექტრომოწყობილობას შეუცვლიან“, წერს გაზეთი ”იზვესტია”.

რუსეთის საჰაერო ძალები არსებულ შორ მანძილზე ბომბდამშენს Ту-22М3 -ს ზემაღალი სიზუსტის იარაღად აქცევს. ამისათვის მას მთელ ელექტრობას გამოუცვლიან და, სავარაუდოდ, საკრუიზო რაკეტით ხ-32 აღჭურავენ. ახალ კომპლექტაციასთან ერთად მანქანა კიდევ ერთ ასოს დაიმატებს, M-ს, და გახდება ТУ-22МЗМ-ი.

”თქვენ გახსოვთ, რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ТУ-22 და ТУ-22М? ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული თვითმფრინავებია, ზუსტად ასეთი ამბავია აქაც”,- უთხრა გაზეთ ”იზვესტიას” ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელმა, რომელიც მოდერნიზაციის პროცესში მონაწილეობს.

რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ახალი თვითმფრინავის პილოტებს 2-3 თვიან გადამზადების კურსს გაატარებენ რიაზანის შორეული ავიაციის სასწავლო ცენტრში.

როგორც ”იზვესტიას” რესპონდენტმა უთხრა, გადამზადება სტანდარტული პროცესია - პილოტებმა ელექტრონული ხელსაწყოები და იარაღის მართვის ახალი სისტემები უნდა აითვისონ, ასევე შეისწავლონ ნავიგაცია და თვითმფრინავის გარშემო არსებული ვითარების კონტროლი.

”იზვესტიას” რესპონდენტისვე სიტყვებით, 2020 წლამდე იგეგმება 30 Ту-22М3-ის მოდერნიზაცია. როგორც გაზეთი იტყობინება, ასეთი მოდერნიზაცია მთლიანად თვითმფრინავის ღირებულების 30-50%-ს შეადგენს.

როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი კონსტანტინ სივკოვი ამბობს, 30 თვითმფრინავი მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ ერთი ამერიკული ავიამზიდი გამოიყვანოს მწყობრიდან და მისი თანმხლები რამდენიმე ხომალდი ჩაძიროს.

სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტის ალექსანდრ კონოვალოვის შეფასებით, რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა სახმელეთო სამიზნეების განადგურება, რადგან თანამედროვე რუსულ ტაქტიკურ რაკეტებს დაბალი სიზუსტე და მოქმედების მცირე რადიუსი აქვთ.

”საქართველოში ჩვენ Ту-22М3 მხოლოდ იმიტომ დავკარგეთ, რომ თავდასხმის განსახორციელებლად ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებულ ზონაში მოხვდა და ამ ზონიდან გამოღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია”, - დასძენს კონოვალოვი ”იზვესტიასთან” საუბარში.

პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ პუტინის დაპირებით, მსოფლიო ბანკის doing business-ის რეიტინგში რუსეთი 100 საფეხურით აიწევს და 120-დან მე-20 ადგილზე გადაინაცვლებს, წერს ”ვედომოსტი”.

პუტინის ეს ახალი გეგმა, იმ განუხორციელებელ გეგმასთან შედარებით, რომელიც ერთიანი შიდა პროდუქტის გაორმაგებას გულისხმობდა, საკმაოდ რეალისტურად ჟღერსო, წერს გაზეთი და ამის მაგალითად რამდენიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოჰყავს, რომელმაც მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში (2004- დან 2009 წლამდე), პოლიტიური ნების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის რეიტინგში 112-დან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
” როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა ამას? ძალიან მარტივად. ამისათვის საკმარისია მშენებლობისთვის ნებართვის გაცემის ვადების შემცირება, ტვირთის გაფორმების და განბაჟების გამარტივება და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება”, - წერს ”ვედომოსტი”.

სწორედ ამას სთავაზობს პუტინი, წერს გამოცემა და იქვე დასძენს, რომ ამ იდეას შესაძლოა მართლაც ძალიან გაეხარებინა ბიზნესმენები, პუტინი ხელისუფლებაში 12 წლით რომ არ იმყოფებოდეს. ”სწორედ მან შექმნა და გააძლიერა იმ სტიმულების სისტემა, რამაც მკვეთრად გააუარესა ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი და გარემო, როდესაც ყველა დონის ჩინოვნიკი საკუთარ თანამდებობას განიხილავს საკუთარი გამდიდრების წყაროდ”, ნათქვამია „ვედომოსტის“ სტატიაში - ”დავეწიოთ საქართველოს”.

იმისათვის, რომ ბიზნესს ბიუროკრატიული ტვირთი მოხსნას, პუტინს მოუწევს დაარღვიოს ადმინისტრაციული რესურსით გამდიდრების სისტემა და კონკრეტული ჩინოვნიკები და მათი მეგობრები შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვოს. ამდენად, ”საქართველოს დაწევა ინვესტკლიმატით გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პურტუგალიასთან გატოლება შიდა პროდუქტის მაჩვენებლით“, ნათქვამია „ვედომოსტის“ სტატიაში.
XS
SM
MD
LG