Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესა ველოსიპედებითაც გავრცელდება


თბილისის ქუჩებში პრესის გამავრცელებელი პირველი ველოსიპედი გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ პრესის ჯიხურების ნაწილი აიღო, გაზეთები და ჟურნალები მოძრავი ურიკებით ვრცელდებოდა, დღეიდან კი მას ველოსიპედიც დაემატა. 7 თებერვალს ამ ველოსიპედმა რუსთაველის გამზირზე ჩაიარა. გაზეთებს სიმბოლურად სპეციალურ უნიფორმაში ჩაცმული გაზეთების რედაქტორები და სხვა ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამირებას.

წითელ ველოსიპედზე დამაგრებული ურიკა და სტენდი გაზეთებით და ჟურნალებითაა სავსე და ქუჩაში მოძრაობს. იდეა ისაა, რომ ახლა ადამიანები კი არ მივლენ ერთ კონკრეტულ ადგილას პრესის საყიდლად, არამედ პრესა მივა თავის მკითხველთან. პრესის გამავრცელებელი ასეთი ველოსიპედები თბილისის არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ გარეუბნებშიც ივლიან. თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ლექსო ჯიქიას იმედი აქვს, რომ გაზეთების გაყიდვის ეს ფორმა გაამართლებს - თავისუფალი პრესა თავისუფლად მივა მკითხველამდე:
იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის შესაძლებლობების მატებასთან ერთად, გაზეთებიც უკეთ გაიყიდება...

“ჯერჯერობით ეს ერთი ველოსიპედია, რომელიც ახლახან ჩამოვიტანეთ ჩინეთიდან და მალე კიდევ რამდენიმეს ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ ამ ველოსიპედებმა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში არ იმოძრაონ და პერიფერიებშიც გავიდეთ და იქაც მივაწვდინოთ ხალხს პრესა. როცა ჯიხურების პროცესი დასრულდა, ხალხში ნიჰილიზმი გაჩნდა, ყველას ეგონა, რომ პრესა ხელმისაწვდომი აღარ იქნებოდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ პროექტმა გამოაცოცხლა ეს პროცესი”...

გაზეთებით დატვირთულ წითელ ველოსიპედს ქუჩაში გამვლელები ყურადღებით აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი გამყიდველი იხსენებს, რომ თავიდან ხალხს ურიკების გამოჩენაც გაუკვირდა.
ველოსიპედი პრესის გასავრცელებლად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00
გადმოწერა

”მე მიყვარს პრესა” - ამ წარწერიანი უნიფორმა სპეციალურად ჩაიცვა
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმაც, რომელიც ამბობს, რომ პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღების შემდეგ გაზეთების ტირაჟი მნიშვნელოვნად შემცირდა. პრესას, ამბობს ლაშა ტუღუში, ორ ფრონტზე უწევდა თავის გადარჩენისათვის ბრძოლა - ეკონომიკურ კრიზისთან და ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან:

”ძალიან სერიოზული დანაკლისი იყო მართლაც პირველ დღეებში - ტირაჟები დაწეული. და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ერთ თვეში თბილისში პრესის გავრცელების სისტემის ნახევარი დაანგრიეს”...

რაც შეეხება გაზეთების გაყიდვას მოძრავი ველოსიპედით, ტუღუში ფიქრობს, რომ ორიგინალური და ეფექტური ჩანაფიქრია, რომელიც ხალხს უბიძგებს, იკითხონ მეტი - ეს ლოზუნგი 7 თებერვლის ერთგვარი აქციის მთავარი მესიჯი იყო:
ობიექტური ინფორმაცია კი დემოკრატიულობის ერთ-ერთი ფაქტორია...

”იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის შესაძლებლობების მატებასთან ერთად, გაზეთებიც უკეთ გაიყიდება. ისედაც გვიჭირდა საზოგადოებისათვის პრესის მიწოდება და დღეს ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ”, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

პრესის გამავრცელებელი პირველი ველოსიპედის პრეზენტაციაზე ცნობილი სახეებიც იყვნენ მიწვეულები, თუმცა, როგორც ჩანს, სიცივის გამო ბევრი მათგანი აქციაზე არ გამოჩენილა. პრესის გამავრცელებლების უნიფორმა
გია ხუხაშვილმაც მოირგო:

”მე მიყვარს პრესა და, საერთოდ, თავისუფალი სიტყვა. ობიექტური ინფორმაცია კი დემოკრატიულობის ერთ-ერთი ფაქტორია და ჩვენთვის თავისუფალი სიტყვის დაცვა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია.“

გია ხუხაშვილის აზრით, კიდევ უფრო ეფექტური იქნება,თუ გაზეთების გამყიდველები ქუჩაში საგაზეთო სტატიების სათაურებსაც ხმამაღლა გაუწევენ რეკლამირებას. უახლოეს მომავალში გაზეთების დამტარებელი წითელი ველოსიპედები თბილისის რამდენიმე უბანში გამოჩნდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG