Accessibility links

გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობები თუ ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა?


ქუთაისში გადატანილი პარლამენტის სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში ჟურნალისტები ინდივიდუალური ვიდეოკამერებით, სავარაუდოდ, ვეღარ იმუშავებენ. საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტი მუშაობს ახალი რეგლამენტის პროექტზე, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული. მომავალ პარლამენტში შეიქმნება სპეციალური მედიაცენტრი, საიდანაც ჟურნალისტებს სასესიო დარბაზში მომუშავე იმ 8 კამერისათვის თვალყურის დევნება შეეძლებათ, რომლებიც ოპერატორებსა და მათ ვიდეოკამერებს ჩაანაცვლებენ. როგორ ხვდებიან აღნიშნულ ინიციატივას ჟურნალისტები და რა არგუმენტს უპირისპირებს მათ უკმაყოფილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი?

პარლამენტის სასესიო დარბაზში ინდივიდუალური ვიდეოკამერით გადაღების შესაძლო შეზღუდვის ინფორმაციის გავრცელებისთანავე მედიის წარმომადგენლებში გაჩნდა ეჭვი, რომ ახალი წესი, რომელიც რეგლამენტით იქნება დარეგულირებული, საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის მოიგონა, რომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სასესიო თუ საკომიტეტო დარბაზებში გადაიღონ ისეთი კადრები, როგორიც, მაგალითად, კენჭისყრის დროს სხვისი პულტებით სარგებლობა ან, უფრო ზუსტად, სხვა დეპუტატების ნაცვლად ხმის მიცემაა მაშინ, როდესაც ისინი დარბაზში საერთოდ არ იმყოფებიან, ან, მეტიც, შეიძლება დარბაზშიც იმყოფებიან, მაგრამ რატომღაც მათ ნაცვლად ღილაკს გვერდით მჯდომი დეპუტატი აჭერს თითს. აღნიშნული ფაქტების ამსახველი კადრები რამდენიმე ხნის წინ ”პალიტრა ტვ” - იმ გაავრცელა. სათქმელია ისიც, რომ არცთუ ისე იშვიათად ჩნდება ტელევიზიით ნახევრად ცარიელი სასესიო დარბაზის კადრები მაშინ, როდესაც პარლამენტი მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავს.

რუსუდან მაჩაიძე გაზეთ ”რეზონანსის” საპარლამენტო კორესპონდენტია. მას პარლამენტში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ ახალი რეგლამენტი, რომელიც ჟურნალისტების მუშაობის ახალ წესს დაარეგულირებს, ჟურნალისტების საქმიანობაში უხეში ჩარევაა.

”ის, რასაც არ იღებს ოფიციალური კამერა, მას ინდივიდუალური კამერა აფიქსირებს”, - ამბობს რუსუდანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. - ”ოფიციალურ კამერას არ აინტერესებს, მაგალითად, როგორ იქცევიან დეპუტატები, როგორ მიმდინარეობს კენჭისყრა, ვინ ვის მაგივრად აჭერს პულტს ხელს და ა.შ. აი, სწორედ ამ ყველაფრის გადაღება შეუძლია იმ ინდივიდუალურ კამერას, რომელიც შედის სხდომათა დარბაზში და როდესაც საკონსტიტუციო საკითხს იხილავს ორი ადამიანი, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი ადამიანი უსმენს ამ განხილვას და შემდეგ რამდენი ადამიანი დაფიქსირდება ტაბლოზე. დღევანდელი პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავალ პარლამენტში მუშაობა. რა გარანტია აქვთ მათ, რომ ნამდვილად ისინი მოვლენ უმრავლესობაში? რატომ უდგენენ მომავალ პარლამენტს მუშაობის წესებს? რბილად რომ ვთქვათ, ეს, უბრალოდ, არაკორექტული საქციელია. თუკი უხეშად ვიტყვით, მაშინ ეს მედიისთვის ხელის შეშლის მცდელობად შეიძლება შეფასდეს”, - მიაჩნია რუსუდან მაჩაიძეს.

რუსუდანისგან განსხვავებულად ფიქრობს პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის მომავალ წესზე აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს კორესპონდენტი პაატა შამუგია. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალი წესის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას:

”ჩვენ შეიძლება ვეღარ გადავიღოთ, მაგალითად, სხდომათა დარბაზში მძინარე დეპუტატი, თუმცა ამას აქვს დადებითი მხარეც - ამ შემთხვევაში ჟურნალისტებისა და ოპერატორების ყურადღება გაიზრდება ინფორმაციის მიღების მიმართულებით და ნაკლებად იქნება სკანდალებზე ორიენტირებული. მიმაჩნია, რომ რვა კამერა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე. არ მგონია, რომ ამ ცვლილებამ ინფორმაციის შეზღუდვა ან დაბლოკვა გამოიწვიოს”, - ამბობს პაატა შამუგია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ჟურნალისტებს "გარანტიას აძლევს", რომ ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობაში გადაადგილება მათთვის სრულიად თავისუფალი იქნება. მისი მტკიცებით, ჟურნალისტების სამუშაო პირობები ახალ პარლამენტში გაცილებით კომფორტულ პირობებს შექმნის. ის პირობას დებს, რომ ჟურნალისტებისათვის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება. ინდივიდუალური ვიდეოკამერით გადაღების შეზღუდვის მიზეზად ის სასესიო დარბაზის ინტერიერს ასახელებს და ამბობს, რომ დიდი კამერებისათვის იქ საჭირო ფართი არ არის, თუმცა, მისივე მტკიცებით, ჟურნალისტებს არ აეკრძალებათ მცირე ზომის ვიდეოკამერებითა თუ ფოტოკამერებით მუშაობა:

”სხდომათა დარბაზში დამონტაჟდება რვა სტაციონარული კამერა. ამ რვა კამერით განხორციელდება ტრანსლირება მეორე არხის საშუალებით, ანუ ეს იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკუთრება. ამაზე ჩვენ შეგნებულად წავედით, რათა გამორიცხულიყო მოსაზრებები, რომ პარლამენტი მედიის საქმიანობაში ერევა, აკონტროლებს და ა.შ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკუთრება იქნება ის კამერები, რომლებიც განთავსდება დარბაზში, რეჟისორიც იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელი. სხდომათა დარბაზიდან წამოსული სიგნალი მივა პრეს-ოთახში. ვინაიდან სხდომათა დარბაზის მხოლოდ ერთ მხარეს კეთდება პრესის ლოჟა, იქ რომ დიდი ზომის კამერები შევუშვათ, ჯერ ერთი, ამის ადგილი არ არის და, მეორეც, მხოლოდ ერთი რაკურსიდან მოხდება დეპუტატებისა და სხდომათა დარბაზის გადაღება. რაც შეეხება მცირე ზომის კამერას, შემოიტანე და გადაიღე, რაც გინდა და როგორც გინდა. ამაში არავინ არ გზღუდავს”, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

მედიის უფლებების შეზღუდვად აფასებს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისათვის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჟურნალისტს უფლება აქვს საჯარო სხდომის თითოეული დეტალი დააფიქსიროს, აქედან გამომდინარე, დასვას კითხვა და საზოგადოებას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ამბობს ის.

”ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს საშუალება აქვს საჯარო სხდომების გაშუქების დროს ციფრული წესით მიიღოს აუდიო და ვიდეოფაილები, ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა გამორიცხავდეს ამავე დროს ინდივიდუალურ რეჟიმში ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვებას, როდესაც ჟურნალისტი ამას ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ მედიათავისუფლება ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ქვაკუთხედი”, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა მოუწევს რადიო ”ძველი ქალაქის” კორესპონდენტს თორნიკე ხურციძეს. შესაბამისად, მისთვის და მისი კოლეგებისათვის განსაკუთრებით ყურადსაღებია მოსალოდნელი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში:

”პარლამენტის სხდომებზე არაერთხელ გვახსოვს ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და არა მგონია, რომ თუნდაც ეს ყველაფერი დეტალურად ასახოს იმ კამერებმა, რომელსაც სხდომათა დარბაზში დაამონტაჟებენ”, - ამბობს თორნიკე ხურციძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს საჯარო გახადოს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესი და დაინტერესებულ მხარეებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG