Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევმა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მისმა მხარდამჭერმა საინიციატივო ჯგუფმა ცხინვალში დღეს სხდომა გამართა და ახლა კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით არის დაკავებული. რუსული მედიის ცნობით, მედოევმა პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რესპუბლიკაში წესრიგს დაამყარებს და ჯანსაღ ძალებს გააერთიანებს. თბილისსა და ცხინვალში მედოევს კარგად იცნობენ. დე ფაქტო რესპუბლიკაში ლუდვიგ ჩიბიროვის პრეზიდენტობის დროს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. კოკოითის გამარჯვების შემდეგ მედოევი მოსკოვში ჯერ სპეციალურ წარმომადგენლად გაუშვეს, მოგვიანებით კი, როცა რუსეთმა თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, იგი ელჩად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს მისთვის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავს, თბილისშიც და ცხინვალშიც მიიჩნევენ, რომ 25 მარტის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მედოევი კრემლის ფავორიტი იქნება.ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბიბილოვის შემდეგ კრემლი ფსონს მედოევზე დადებს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, მედოევს კოკოითის გარემოცვასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

დედით ქართველი მედოევის რეიტინგი ცხინვალში მაღალი არ არის. ზოგიერთი ცხინვალელი წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ მისმა დარეგისტრირებამ შესაძლოა ახალი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, რადგან მედოევს დიდი ხანია დე ფაქტო რესპუბლიკაში არ უცხოვრია და 10 წლიანი ცხოვრების ცენზი არ გააჩნია. თვითაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატს ბოლო 10 წელი რესპუბლიკაში უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები. ამ მოტივით წინა არჩევნებზე ოპოზიციის ლიდერს ძამბოლათ თედეევს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, თუმცა ამ მოსაზრებას ზოგიერთი ცხინვალელი ექსპერტი არ იზიარებს. მათი აზრით, მედოევს ცენზის პრობლემა არ აქვს, რადგან დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მედოევის გამოჩენამდე კრემლის უკვე ყოფილმა ფავორიტმა ანატოლი ბიბილოვმა უარი თქვა მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე და სხვა კანდიდატებსაც, რომლებიც პირველ ტურში კენჭს იყრიდნენ, იგივეს გაკეთება შესთავაზა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ მედოევი საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა. დიმიტრი მედოევი ამჟამად ცხინვალში იმყოფება. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, მას მოსკოვიდან დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ვლადისლავ გასუმიანოვიც ჩამოჰყვა. ვლადისლავ გასუმიანოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონებს შორის და უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილეა. ამ სამმართველოს თავმჯდომარე კი სერგეი ვინოკუროვი გახლავთ, მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ახლო მეგობარი. გასუმიანოვი თანამდებობაზე 2009 წლის მაისში დაინიშნა კავკასიის მიმართულების კურატორად. იგი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანია. მედოევის და გასუმიანოვის ერთად გამოჩენამ ცხინვალში ყველა დაარწმუნა, რომ იგი კრემლის ფავორიტია. გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ მედოევს გამარჯვების მცირე შანსი აქვს, რადგან კრემლის პოლიტიკით ცხინვალში ბევრი ადამიანია უკმაყოფილო.

ანატოლი ბიბილოვის მსგავსად, დიმიტრი მედოევსაც კრემლში იგივე ადამიანები ლობირებენ. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ვინოკუროვის და გასუმიანოვის ხელშეწყობით წინა არჩევნების შედეგების გაუქმება და ჯიოევას წინააღმდეგ მოქმედება რესპუბლიკის ამომრჩევლებში პროტესტს იწვევს და, მათი აზრით, მედოევიც ბიბილოვის ბედს გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG