Accessibility links

logo-print

ივანიშვილი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში აპირებს თავისი პარტიის პრეზენტაციას


”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში გეგმავს, საინიციატივო ჯგუფს კი, მომავალ კვირაში წარმოადგენს. ივანიშვილმა მის ამჟამინდელ პოლიტიკურ მოკავშირეთა ურთიერთობას ჰარმონიული და მეგობრული უწოდა და იმ ძალებს შორის, რომლებთანაც კონსულტაციებს აპირებს, დაასახელა ქალთა პარტია, ”მწვანეები,” სოციალ-დემოკრატები და პარტია ”სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიულ მოძრაობას” და კახა კუკავას ”თავისუფალ საქართველოს”, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ მათ ხელისუფლების რეალურ ოპონენტებად მიიჩნევს, თუმცა, ამ ძალებსა და მის კოალიციას განსხვავებული იდეოლოგია აქვთ. ”ჩვენ ვართ პროდასავლური იდეოლოგიის და ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ არჩევნებით ვაპირებთ, რასაც არ მიესალმებიან ქალბატონი ბურჯანაძე და კუკავას პარტია და ცდილობენ ხელისუფლების შეცვლა ქუჩიდან დაიწყონ” - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, შესაბამისად, თანამშრომლობა ალბათ ვერ მოხერხდება, თუმცა, ეს არ შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების და სხვა ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი კოალიცია ქუჩის აქციების დაწყებას არ აპირებს, თუმცა არჩევნების მასშტაბურად გაყალბებას არ შეურიგდება და ხმებს ყველა კანონიერი გზით დაიცავს.
XS
SM
MD
LG