Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ციციშვილი - ექიმი


29 იანვარი, კვირა
კვირა დღეს ძირითადად ვისვენებ - 89 წლის ვარ და ასაკს მაინც თავისი მიაქვს. ვკითხულობდი, ტელევიზორს ვუყურებდი, მე და ჩემმა მეუღლემ ნარდი ვითამაშეთ. ერთხელ მოვიგე, ერთხელ წავაგე. ეგ იყო და ეგ...

ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი. მე ვარ ფანასკერტელი, ეს გვარი ათი საუკუნისაა. ჩვენი წინაპრები მეჭურჭლეთუხუცესები იყვნენ თამარ მეფესთან, დავით აღმაშენებელთან, გიორგი მეფესთან... შემდეგ იყო მხედართმთავარი ციცი. ამ ციციმ გადაიკეთა გვარი და ორი შტო მოდის ციციშვილების: ერთი ქარელის და მეორე - კასპის. ნიჩბისი გვქონდა ჩვენ, თავადებს. იმ მამულებიდან გამოიქცა ბაბუაჩემი, ჩამოვიდა თბილისში და მოხელესთან დაიწყო მუშაობა. ითაკილა მამამისმა, მივიდა მოხელესთან, მისცა ფული და უთხრა: ასწავლე და პეტერბურგში გააგზავნეო. პეტერბურგში ბაბუაჩემმა пажский корпус-ი დაამთავრა და პორუჩიკი გახდა. თბილისში რომ ჩამოვიდა (მაშინ თურქეთის ომი იყო), ჩამოიარა ბაკურციხეში და ბებიაჩემი პირველად აკვანში ნახა. 22 წლით უფროსი იყო... წავიდა, იომა და 24 კაცით აიღო ყარსი. ოქროს იარაღით დააჯილდოვეს! სად არის ის ოქროს იარაღი, ახლაც არ ვიცი: ბებიაჩემი სულ მალავდა - ეშინოდა...

უფროსი შვილი, ილუშა, რომ წამოიზარდა, პეტერბურგში გააგზავნა, იმანაც пажский корпус-ი დაამთავრა. მერე, გიმნაზია რომ დაამთავრა, მამაჩემი გაიქცა მოსკოვში, კადეტთა კორპუსში ჩააბარა და გახდა არტილერისტი. მაშინ ბაბუაჩემს პირველად უტირია თავის სიცოცხლეში: არ მინდოდა, სამხედრო გამოსულიყოო.

ბებიაჩემი ეწეოდა ძალიან დიდ ქველმოქმედებას. თავადიშვილი ქალები საღამოებს აწყობდნენ, ფულს აგროვებდნენ და უგზავნიდნენ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც რუსეთში და საზღვარგარეთ სწავლობდნენ.

ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მზრდიდნენ დედაჩემის და, ბიძაჩემი ილუშა და ბებიაჩემის ძმა. ის შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას ბაკურციხეში: მეორე იდგა დასახვრეტთა რიგში, დახვრიტეს პირველი, მესამე და მეხუთე. ასე გადარჩა, დაბრუნდა და 23 წელიწადი ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში. აი, ეს ბებია, პაპა გიგო, ილია და ეკატერინე მზრდიდნენ. გვიჭირდა, ომი იყო, დაჭერები იყო ოჯახში, ოთხი სული დაგვიხვრიტეს. დედაჩემი შემთხვევით გადარჩა (მეან-გინეკოლოგი იყო და იმან, ვისაც დასახვრეტთა სიები ჰქონდა, ჩუმად წაშალა, რადგან მისი ოთხი შვილი „მიიღო“, ანუ ცოლი ამშობიარა). ასე გავიზარდეთ და, ალბათ, ამიტომ გამოვედით ასეთები. სტუმართმოყვარე ოჯახი ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ყველას ვაფასებთ, ყველას პატივს ვცემთ, ვეხმარებით. ალბათ, ამიტომაც, ფული არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ფული რა არის, ადამიანობაა მთავარი!

30 იანვარი, ორშაბათი
სამსახურში წავედი. რაც პედიატრიული ფაკულტეტი დაიხურა, ახალი კლინიკის კონსულტანტი ვარ. ეს არის ბავშვთა კლინიკა. ჩვენი დიდი კლინიკა, რომელიც აქამდე გვქონდა, სამედიცინო ინსტიტუტს გადავეცით და ახალ შენობაში გადმოვედით. აქ ყველა საჭირო განყოფილება გვაქვს: რეანიმაციით და ყველაფრით. 80 საწოლი ცოტა არ არის. მე კონსულტაციებს ვატარებ ახალშობილთა განყოფილებაში, რეანიმაციაში თუ სხვა განყოფილებებში - ყველა ასაკის ბავშვებში. ასევე, საქართველოს პედიატრიის აკადემიის პრეზიდენტი ვარ. ეს ორი თანამდებობა მაქვს ამჟამად. ჯერჯერობით პენსიაზე არ გავდივარ, მაგრამ ვაპირებ ასაკთან დაკავშირებით.

ამ ერთი კვირის წინ, 24 იანვარს, გაიხსნა ჩემი სახელობის „ვარსკვლავი“. ეს არის პირველი „ვარსკვლავი“, რომელიც ექიმს გაუხსნეს. ჩვენივე თანამშრომლის წინადადება იყო: თუ არტისტებსა და წარმატებულ ხალხს უხსნიან, ჩვენ რა დავაშავეთო?! და ეს „ვარსკვლავიც“ გაიხსნა - ჩვენი კლინიკის მთავარი შესასვლელის წინ.

31 იანვარი, სამშაბათი
სამსახურში ვერ წავედი. დიდი თოვლი მოვიდა და მანქანა მთლად გაყინული დამხვდა. ვერ გადავწმინდე და სახლში დარჩენა მომიხდა. მერე, 3 საათზე, 3 გრადუსი რომ გახდა, ისევ ჩავედი, გავწმინდე მანქანა, მოვაწესრიგე ყველაფერი და ამოვედი სველი.

836 ათასი ბავშვი მყავს რეგისტრირებული, აქედან დაახლოებით 3000-ზე მეტი გადარჩენილი მყავს - ვინც თითქმის განწირული და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ერთი მაგალითი: ავადმყოფი გაწერეს და მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო. მარნეულიდან იყვნენ – მაჭარაშვილები. საინტერესო შემთხვევაა. გაუგიათ, რომ კარგი პრაქტიკული ექიმი ვიყავი და მომიყვანეს სახლში. მუცელი ჰქონდა ძალიან შებერილი. დედამ მითხრა: ჩვენ გამოგვწერეს, ჯობია, სახლში მოკვდეს, ვიდრე საავადმყოფოშიო. გავსინჯე და ვუთხარი: წადი ახლა სახლში, დააწვინე აივანზე, ასხი პირში პიპეტით ან კოვზით წყალი (ხშირად გადიოდა კუჭში, დიარეა ჰქონდა, ტოქსიკური, საშინლად მძიმე), ბრინჯის ნახარში გააკეთე-მეთქი. ვასწავლე, როგორ უნდა გაეკეთებინა. აუცილებლად მიეცი ნისტატინი-მეთქი, სოკო რომ არ გაჩენილიყო... არანაირი წამალი არ დავუნიშნე. ოთხი დღის შემდეგ მომიყვანა: ცოტა ჭამა დაიწყო და თვალები გაახილაო. კიდევ ოთხ დღეში დავუნიშნე წამლები და ეს ბავშვი გადარჩა. სასწაულად გადარჩა! მერე დავმეგობრდით, მოჰყავდა ხოლმე დედას. ერთხელ, მახსოვს, ყველი მომიტანა და მითხრა, იცით როგორ ვწვალობო? ორი სული ძროხა მყავს, დილის 6 საათზე ვდგები, 4 საათი მძინავს დღე-ღამეშიო...

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი ის არის, რომ ხალხის სიყვარული მოვიპოვე. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ახლო ურთიერთობაში შევდიოდი ოჯახებთან, დავუჯდებოდი ხოლმე, არ მეჩქარებოდა. ერთი დოცენტი გვყავდა, გვარად მაჩაბელი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და მისგან ვისწავლე, რომ ავადმყოფი კარგად უნდა გამოკითხო, არ უნდა იჩქარო, დინჯად უნდა გასინჯო, ყველაფერი უნდა დაუთვალიერო და მერე უნდა მისცე დანიშნულება. და თუ სხვა ექიმს ნანახი ჰყავს, ძალიან დიდ შესწორებებს და კოლეგების ლანძღვას ნუ დაიწყებ, იმიტომ რომ ეს ჩვენი კოლეგიალური ამბავია და არ შეიძლებაო. არ შეიძლება, ადგე და უთხრა, ეს რა დაუნიშნავსო?! არ არის ეგ სწორი. შეგიძლია უთხრა: „იცით რა, ქალბატონო, ხომ ხედავთ, რომ სამი დღეა მკურნალობთ, მაგრამ შედეგი არ არის. 72 საათი ხომ ველოდებით, რომ რაღაც შედეგი მოგვცეს? რაკი არ არის, მოდი, შევცვალოთ უფრო ძლიერი წამლით, ან ეს წამალი დავუმატოთ, ან კიდევ ის გამოვაკლოთ“ და ა.შ.

1 თებერვალი, ოთხშაბათი
დილიდან წავედი სამსახურში. 9 საათზე უკვე იქ ვიყავი. წავიყვანე ჩემი თანამგზავრები: ორი ადამიანი მიმყავს ყოველ დილით. შევედი კაბინეტში, ამოვიღე ინგლისური პედიატრიის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რაღაცები გადავათვალიერე. მერე ერთი ავადმყოფი გავსინჯე. გოგიმ შემომიყვანა, მერე მეორე შემომიყვანა... გოგი ჩახუნაშვილი მოადგილეა სამკურნალო დარგში, დოქტორი, აკადემიკოსი. ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან მაგარი ორგანიზატორი. რაც მთავარია, კარგ ოჯახში გაზრდილი. ამას აქვს მნიშვნელობა!

მე ყველაფრით ხელს მიწყობდა ოჯახი და, განსაკუთრებით, მეუღლე. არ შემიძლია დოდოზე არ ვთქვა. ეს იყო ულამაზესი ქალი, არაჩვეულებრივად გაზრდილი ბებიის მიერ, „ძველებურად“ გაზრდილი. ყველაფერი გულთან მიაქვს, ყველაფერზე ღელავს, ყველაფერზე ნერვიულობს. არ შეუძლია, გაჭირვებულს არ დაეხმაროს. ყოველთვის ხელს მიწყობდა. 20 წელიწადი იმუშავა გეპეიში, უცხო ენების კათედრაზე. მე სულ ვამბობ ხოლმე, ვისი მეუღლეც არ უნდა ყოფილიყო, ის ბედნიერი ადამიანი იქნებოდა. ხუთი წელიწადი დავდევდი, 13 წლისა გავიცანი. მისი და მომიყვანეს - მოვარჩინე. მერე მითხრა: და მყავს, რომელიც ცუდად ჭამს, გამხდარიაო... მართლა 46 კილო იყო! მოიყვანა, გავსინჯე, ანალიზები გავუკეთე. მომეწონა, მერე დამპატიჟეს და დავიწყე მათ ოჯახში სიარული... მოკლედ შევირთე!

ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს: არაჩვეულებრივი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, სიძეები. ბედი უნდა გქონდეს... ეტყობა, მაინც, ადამიანი რომ ხარ ყველაფერში, მართალი ადამიანი - ღმერთი გფარავს.

გაჭირვებაც მინახავს და ათასი უბედურებაც. ციხეც ვნახე... სულ ახალგაზრდა ვიყავი, როცა შევედი ორგანიზაციაში „ოთხთა კავშირი“ - ჩვენ ასე დავარქვით. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა გვინდოდა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა - მეტი არაფერი. მერე ჩამიწერეს, ვითომ საბჭოთა კავშირის დამხობა მინდოდა. რის დამმხობი ვიყავი 15 წლის ბიჭი?! ვიმუშავეთ 6-8 თვე, მაისში დაგვიჭირეს. ილუშა ურუშაძემ. მან მერე ჩემი ჯგუფელი შეირთო ცოლად. ახალგაზრდა ბიჭი იყო – გამომძიებელი. არ ვუცემივარ, მაგრამ ფანქრებს მიდებდა თითებს შორის, მაჩვენებდა, როგორ სცემდნენ სხვებს. ფანჯრები ჰქონდათ ეგეთი: გახედავდი და ჩანდა, როგორ სცემენ ხალხს. ბრიგადა ურტყამდა... თოფის საწმენდი „შომპოლები“ რომ არის, იმით ურტყამდნენ, განსაკუთრებით ზურგში და ქვევით. საშინელება იყო! და ამას გვაჩვენებდნენ: აი, შენც ეს გელის თუ იმას არ იტყვი, რაც საჭიროაო. ხუთი ბიჭი ვიყავით. მხოლოდ მე დავრჩი.

ასეთი იყო ჩემი ცხოვრება.

2 თებერვალი, ხუთშაბათი
დღესაც სამსახურში ვარ. მოვიდა კომისია, რომელიც ამოწმებს ისტორიებს. მონაწილეობა მივიღე ამ ისტორიების განაწილებასა და გასწორებაში.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, 60 წელიწადი პედაგოგადაც ვმუშაობდი. ჩემს ხელში გაიარა პედიატრების მთელმა თაობებმა. რვა ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა! მაშინ ლაბორანტებიც არ გვყავდა, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ანალიზებს, გამოკვლევებს - ყველაფერს, რაც კი გვჭირდებოდა ბიოქიმიური განხრით.

ბევრი ცვლილების მოწმე ვარ ამ წლების განმავლობაში. მახსოვს, კლინიკაში რომ მივედი, ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევებს ყველა მე მაძლევდა - ხშირად, ლეტალურად მთავრდებოდა ეს შემთხვევები. ამ სენის მკურნალობა რომ დავიწყეთ, 1948 წლიდან 1958 წლის ჩათვლით, 886 ავადმყოფი გავატარეთ ტუბერკულოზური მენინგიტით და მათგან 850 მოვარჩინეთ.

3 თებერვალი, პარასკევი
დილას, სამსახურში მისულმა, გაზეთებს გადავხედე. მოსახლეობის მატების ამბებზე წერდნენ: სად როგორია შობადობა.

საქართველო ძალიან მიყვარს. მთლიანადა მაქვს შემოვლილი. 14 წელიწადი სამედიცინო ინსტიტუტის ბრიგადა მყავდა, სვანეთში დავდიოდით. ბრიგადები დამყავდა ყველა სპეციალობის. ჩვენი კათედრა 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა დუშეთის რაიონს და მის სოფლებს. შატილში ოთხჯერ ვიყავი და მოვიარე მთელი ხევსურეთი: არხოტი და გუდანი. სად არ გამისინჯავს ბავშვები!..

ჰოდა, ქვეყნის გამრავლება მინდა! საქართველოს მოსახლეობა უნდა გამრავლდეს. 1,3 ნამატი არ არის. ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდა ოჯახებს, შვილები უნდა გავაჩენინოთ. სოციალური პირობები და ბევრი რამ ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ, დაზღვევაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

მე თუ მკითხავს კაცი, 18 წლამდე ყველა ბავშვი დაზღვეული უნდა იყოს. დღეს გაზეთში წავიკითხე, რომ 6 წლის ასაკამდე ყველა ბავშვს ექნება დაზღვევა. რატომ 6 წლამდე?! რა დააშავა 8 წლისამ, 12 წლისამ, 15 წლისამ? დააზღვიე ბავშვები - ეს მაინც გააკეთე! დაზღვევის გარეშე მედიცინას ვერ აუვა ოჯახი!

დღეს მეცნიერებათა აკადემიაში ვლადიმერ ასათიანის 110 წლისთავია. იქ ვარ წასასვლელი. ბიოქიმიკოსი იყო, ჩვენი კათედრის გამგე, აკადემიკოსი, არჩილ ასათიანის მამა. იმ ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავი, არჩილი ჩემი გაზრდილია, მისი შვილებიც და შვილიშვილებიც.

5 თებერვალი, შაბათი
დღეს აუცილებლად უნდა დავისვენო, ვიღლები უკვე... ახლახან კარდიოგრამა გავიკეთე და გულზე, ცოტა, ასაკობრივი ცვლილებები მაქვს...

ახალი თაობა მოდის, ძალიან კარგი თაობა, და მე მათ ვუსურვებ, არ მოეშვან საქმეს. მედიცინა ისეთი რამეა, რომ მუდამ უნდა სდიო, უნდა ეცნობოდე სიახლეებს, ახალ-ახალი მონაცემები უნდა იცოდე, ახალი წამლები უნდა იცოდე, ყველაფერი კარგად უნდა იცოდე!
XS
SM
MD
LG