Accessibility links

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კოალიციის ახალი წევრები დაასახელა


მაია ფანჯიკიძე, ბიძინა ივანიშვილი

მაია ფანჯიკიძე, ბიძინა ივანიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 8 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ხედვაზე, და განაცხადა, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” საინიციატივო ჯგუფს მომდევნო კვირაში წარადგენს და ის პოლიტიკური ძალები დაასახელა, რომლებთან კონსულტაციაც მიმდინარეობს კოალიციაში გაერთიანების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ორი სიახლის შესახებ ამცნო საზოგადოებას - მან პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გააცნო ჟურნალისტებს და ასევე ისაუბრა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” გაფართოების პერსპექტივებზე. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შედიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. კოალიციას სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა ”ეროვნული ფორუმი”. ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარე კონსულტაციების შესახებ ისაუბრა:
მოლაპარაკებები გვაქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. პოზიციები აქაც გასაგებია, ქალბატონი სალომე მზად არის თანამშრომლობისთვის...

”ხვალ ან ზეგ მექნება შეხვედრა ქალბატონ გუგული მაღრაძესთან. შეთანხმება მიღწეულია. მე მას ვთავაზობ მთლიანად გაერთიანებას ჩემს მომავალ პარტიაში. ასეთივე მოლაპარაკებები გვაქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. პოზიციები აქაც გასაგებია, ქალბატონი სალომე მზად არის თანამშრომლობისთვის. მე მივიღე წერილი სოციალ-დემოკრატების ლიდერისგან, [გიორგი] ჟორჟოლიანისგან, რომელიც გვთავაზობს ცალკეულ რეგიონებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით თანამშრომლობას და ჩვენ ამას სიამოვნებით ვიღებთ. ასეთივე რანგში განვიხილავ ”მწვანეთა პარტიას”. თუ ჩვენ მოვახერხებთ და თუ ისინი ისეთ კანდიდატს წამოაყენებენ კონკრეტულ რეგიონში, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ და საერთო კანდიდატზე ვიზრუნოთ ერთად.”

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა კითხვას სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში, მათთან ვერ ითანამშრომლებს, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ასეთი ეჭვები არა აქვს არც კახა კუკავასა და არც ნინო ბურჯანაძის პარტიებთან და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა არ გამორიცხა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მათი მსოფლმხედველობა და იდეოლოგია განსხვავებულია:
თუ 30%-იანი და ამის მსგავსი გაყალბება მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ და კანონიერი გზით მოვახერხებთ ჩვენი კანონიერი ხმების დაცვას...

”მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ორიენტაციის და არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას, ქალბატონი ბურნჯანაძე და კუკავას პარტია პროდასავლურობას არ მიესალმებიან და, ამავდროულად, ცდილობენ ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ჩანს, ვერ მოვახერხებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას, გარდა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა, და ასეთ ტექნიკურ საკითხებზე მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ”

ბიძინა ივანიშვილი შეეხო არჩევნების თემასაც და დააზუსტა, თუ რამდენპროცენტიან გაყალბებას არ შეხვდება გულგრილი:

”5%-ს ჩვენ გადავიტანთ თავისუფლად, რაც დასაშვებია და ეს რეალურად ვერაფერს გვავნებს, მაგრამ თუ 30%-იანი და ამის მსგავსი გაყალბება მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ და კანონიერი გზით მოვახერხებთ ჩვენი კანონიერი ხმების დაცვას.”

ბიძინა ივანიშვილისვე განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” მომავალ კვირაში საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას გამართავს. მის კოალიციაში შემავალი ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, აღნიშნა, რომ კოალიციის გაფართოება იმ შინაარსით, რაზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, პრობლემა არ არის, რადგან სალომე ზურაბიშვილთან მსოფლმხედველობრივად სრული თანხვედრაა, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას გუგული მაღრაძესთან მიმართებითაც:
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი


”გარკვეულია პოზიციები, ნათელია დამოკიდებულებების ერთიანობა და თანხვედრა, ამ მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, იქნება კონკრეტული საუბარი, თუმცა პრინციპულ დონეზე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.”

”ქართული ოცნების” თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იდეურ თანხვედრაშია მათთან და რომელიც საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობს, შეიძლება იყოს კოალიციის წევრი:

”თუ მათ შეუძლიათ თუნდაც რამდენიმე ათასი ადამიანის პოზიცია გამოხატონ და დააფიქსირონ, მე მიმაჩნია, რომ მათი ადგილი არის პოლიტიკურ პროცესში.”

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე ”ქართული ოცნების” ბრიფინგები, სადაც ის კოალიციის სიახლეებს გააცნობს ჟურნალისტებს და შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG