Accessibility links

ომბუდსმენი: ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები


საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად რჩება ქუთაისის დაწესებულება, სადაც წინა მონიტორინგისას გამოვლენილი არასათანდო მოპყრობის ფაქტების გამო ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ დასმულა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ გამოძიება ეფექტურად და გონივრულ ვადებში წარიმართება. ქუთაისის საპატიმროში მყოფი მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ დაწესებულების თანამშრომლები როგორც წესი, უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად ექცევიან. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს ერთ საათზე მეტი ხნით აძლევენ გასეირნების უფლებას, უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ უფლებით სარგებლობას ერიდება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და მათ საკნებში აბრუნებენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ანალოგიური მდგომარეობაა საკნებში, სადაც პატიმრები იძულებულნი არიან დააწესონ მორიგეობა, მორიგე პატიმარს პასუხი მოეთხოვება სხვა მსჯავრდებულთა მოქმედების გამოც, მორიგეობაზე უარი კი, ფიზიკური შეურაცხყოფის, ან დასჯის მიზეზი ხდება. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შეწყდა პატიმრების მოთავსება ე.წ. ,,ბოქსებში,“ სადაც არც საწოლია, არც სკამი და იქ მოთავსებულ პირებს ძილი ბეტონის იატაკზე უწევდათ. რაც შეეხება გეგუთის დაწესებულებას, იქ მყოფ მსჯავრდებულებს არ გამოუთქვამთ პრეტენზია არასათანადო მოპყრობის თაობაზე. პატიმართა თქმით, მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებიდან არ იგზავნება არანაირი სახის საჩივარი და განცხადება.
XS
SM
MD
LG