Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 10 თებერვალი, 2012


მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან. ის, გვეუბნება გაზეთი, დუმილს არღვევს და ყველა უხერხულ კითხვას პასუხობსო. "სულ ურეიტინგოები ვართ, სულ ასე გვეძახიან - ამდენ ხანს როგორ ვარსებობთ? რატომ ხდება, რომ ყველა ახალი პოლიტიკური მოთამაშე მთავარ დასაყრდენად ირჩევს "რესპუბლიკელებს"? ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ არასდროს გადაგვიხვევია ჩვენი პრინციპებიდან და მეორე - არ არსებობს რეალური ფაქტები ჩვენს წინააღმდეგო”, - ამბობს თინა ხიდაშელი და პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს რესპუბლიკელების წინააღმდეგ ხშირად გამოთქმული პრეტენზიების თაობაზე, მათ შორის, თავად ხიდაშელის ფრაზაზე - „ქვეეყანა შეიძლება ვერ დაღუპოს ტერიტორიების დაკარგვამ, მაგრამ დაღუპავს კორუფციაო”. „ჩვენი ხიდი გადის აფხაზ დედებზე, რომლებმაც უნდა დაინახონ, რომ აქ, თბილისშია მათი შვილების მომავალი და არა სოჭში. - ვისაც ამის შინაარსი მართლა არ ესმის, თანავუგრძნობ, მაგრამ ვინც ამას სპეკულაციისთვის იყენებს, მას არ ველაპარაკები”, - უთხრა „ვერსიას“ თინა ხიდაშელმა.

”ახალი თაობა” დღეს კითხულობს - ”რა უნდა ებრალიძეს?” ასეთია გაზეთის სტატიის სათაური. თავად სტატიაში კი წერია ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსზე, რომელიც მესამე წელია დავით აღმაშენებლის დღეს ტარდება. "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" თბილისის ფილიალის ხელმძღვანელის, ნანა ჯაფარიძის განცხადებით, ლიტერატურულ კონკურსს, რომელსაც ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზაცია საქართველოში ატარებს, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, თუმცა თავად სპონსორი გამოჩენის დღიდან ამბობს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას აპირებსო, - წერს გაზეთი და დასძენს: „ებრალიძესთან პოლიტიკურ პარტნიორობას არ მალავს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა. მესამე ალიანსიც, რომლის შემადგენლობაშიც კუკავას პოლიტიკურ ძალასთან ერთად ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე მოიაზრებიან, ებრალიძის სახელსა და ფინანსებს უკავშირდებაო”.

”რეზონანსი” კი დღეს წერს სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შესახებ, რომელთა აღებაც თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს შესთავაზა. სამგზავრო ნეიტრალური დოკუმენტი მხოლოდ 6-მა აფხაზმა აიღო, ცხინვალში კი ინტერესი საერთოდ არ ფიქსირდებაო, - წერს გაზეთი და მოჰყავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომენტარი: ეს ცოტა არ არის, რადგან ამ დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჯარო განხილვა არ მომხდარაო. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ეუბნება „რეზონანსს“, ამ პროექტს იგივე ბედი ეწევა, რაც „კოკოითი ფანდარასტს“. თუ ყოველ ათას კაცში ათი ქართულ პასპორტს იღებდა, შეიძლება ამ ათიდან მხოლოდ ერთმა აიღოს ეს ნეიტრალური დოკუმენტიო”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG