Accessibility links

logo-print
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა პრეზენტაცია საგანმანათლებლო პროგრამისა ”საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები”. პრეზენტაცია მოეწყო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ეხილათ ქართველი ემიგრანტების - ნოე ჟორდანიას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი კვინიტაძის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვების - პირადი საარქივო მასალის, წერილებისა და ფოტოების ექსპოზიცია. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს აუდიოჩანაწერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუსი, რომელიც მან 1968 წელს მისცა რადიო თავისუფლებას.

ჩვენ გვინდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია არ იყოს პათეტიკური და მხოლოდ ემოციაზე დამყარებული, ჩვენ გვინდა მოსწავლეებს და საზოგადოებას ჰქონდეს რეალური ინფორმაცია საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, უთხრა რადიო თავისუფლებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნესტან ბაგაურმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის წევრთა პირად საარქივო მასალას აცნობდა. ის მასალა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფინა, ისტორიისა და ადამიანების სრულიად განსაკუთრებული აღქმის საშუალებას იძლევა. როგორც ნესტან ბაგაური ამბობს, ეს ადამიანები ცდილობდნენ ყველანაირი საშუალებით, რაზედაც მათ ხელი მიუწვდებოდათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გასაბჭოება ნებაყოფლობითი მოვლენა არ ყოფილა და იყო ოკუპაცია. ნესტან ბაგაურის თქმით, ამ ადამიანებმა იმ დროს იცოდნენ ის, რისი ცოდნაც აკრძალული იყო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ადამიანისთვის:

”აქ არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზღვარგარეთის პასპორტის ასლი წარმოდგენილი. ძალიან საინტერესოა გრიგოლ ფერაძის წერილი კორნელი კეკელიძისადმი. ის წერს, ბატონო პროფესორო, მე ჯერ კიდევ ვერ შევძელი პასპორტის მიღება ჩამოსასვლელად, მაგრამ იქნებ როგორმე გამომიგზავნოთ ქართული ლიტერატურის ისტორიის პირველი ტომი და ასევე პავლე ინგოროყვას ”რუსთველიანაო”. იცით რა არის საოცარი: რაც ჩვენ არ ვიცით, მათ იციან. საბჭოთა საქართველოში მოქალაქემ იცის ის, რაც უნდა იცოდეს, მაგრამ მათ იციან ისეთი ნიუანსები, ისეთი დეტალები, 37 წლის დახვრეტების შესახებ აქვთ ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენებს არ აქვთ, იქ კი ერთმანეთს უზიარებენ ამას სხვადასხვა ენაზე.”
აზიაში და ეგრეთ რუსეთში არასდროს არ არსებობდა, რასაც ჩვენ ვეძახით ფედერალიზმს, საქართველოში კი ჰქონდათ ყოველთვის ფედერალიზმი ...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი გამოფენის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს აუდიოჩანაწერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუსი, რომელიც მან 1968 წელს მისცა რადიო თავისუფლებას:

”ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, თქვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეების თავისუფალი ხმა. 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა დამოუკიდებელი საქართველოს არმიის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი გარდაცვალებიდან 40 დღის შესრულებასთან დაკავშირებით გადმოგცემთ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 50 წლისთავის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო ჩვენი რედაქციის წევრმა ოთარ კეთილაძემ გენერალ გიორგი კვინიტაძისაგან 1968 წლის მაისში. აი, ეს ინტერვიუც.”

ინტერვიუში ემიგრაციაში მყოფი უკვე ხანდაზმული გენერალი საკუთარი ცხოვრების დეტალებს იხსენებს, შემდეგ კი საკუთარ ხედვაზე საუბრობს მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისა და მოწყობის შესახებ:

”აზიაში და ეგრეთ რუსეთში არასდროს არ არსებობდა, რასაც ჩვენ ვეძახით ფედერალიზმს, საქართველოში კი ჰქონდათ ყოველთვის ფედერალიზმი, როგორც მთელ ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპელი და არა აზიური. როგორც გითხარით, რუსებს ჰქონდათ სხვა, იმათ ფედერალიზმი არასდროს არ ჰქონდათ. ამიტომაც იმათში იყო უფრო მიღებული, რომ უფროსი იყო საშინელი ძალით აღჭურვილი, ჩვენში კი არა”, ეუბნება 1968 წელს რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე და ინტერვიუს ლოცვის სიტყვებით ასრულებს, იმ სიტყვებით, რომელიც თურმე მას ბავშვობაში მოუსმენია მათთან ოჯახში მყოფი სტუმრისგან. ის თურმე ლოცვას სიმღერით და გიტარის თანხლებით ასრულებდა. გენერალი ამბობს, რომ დღესაც ამ სიტყვებით ლოცულობს საქართველოსთვის:
როცა ამ გარემოში კონკრეტულად ეხები ხელნაწერებს, ისმენ აუდიოჩანაწერებს და გესმის ხმა და აღიქვამ როგორც იყო და გექმნება შენი პროტოტიპი იმისა, ვინც ლაპარაკობს ...

” ღმერთო, საწყალი გლეხის შვილი ვარ, სოფლად დავდივარ ობოლი, ბედისგან განწირული... ღმერთო, მიეცი ჩემს ქვეყანას ბედი და ბედნიერება... ღმერთო, მიეცი ჩემს ქართველებს სწავლა და მეცნიერება. ღმერთო, ჩაუდე მათ გულში ძმობა და სიყვარულია, რომ გაუწიონ ერთამანეთს ერთგული სამსახურია. ეს ლოცვა ბავშვობიდან დამრჩა და არ დამავიწყდება.”

გამოფენის დათვალიერებისა და გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ 102-ე სკოლის მეთერთმეტეკლასელმა მარინა ყიფშიძემ გვითხრა:

”როცა ამ გარემოში კონკრეტულად ეხები ხელნაწერებს, ისმენ აუდიოჩანაწერებს და გესმის ხმა და აღიქვამ როგორც იყო და გექმნება შენი პროტოტიპი იმისა, ვინც ლაპარაკობს, ეს არის ძალიან სიანტერესო და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.”

ხელაწერთა ეროვნული ცენტრის მიზანიც, როგორც პრეზენტაციის ორგანიზატორებმა გვითხრეს, სწორედ ის არის, რომ მოსწავლეებს ცოცხალ ისტორიულ მასალასთან შეხებით კვლევითი უნარები განუვითარდეთ და მათ მხოლოდ ინტერნეტსივრციდან კი არ შეეძლოთ წარსულის აღქმა, არამედ პირველწყაროდან შეიგრძნონ ისტორია, როგორც ცოცხალი მოვლენა.

გამოფენა, სახელწოდებით ”საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები”, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 25 თებერვლამდე გასტანს. მსურველებს შეეძლებათ დაათვალიერონ მასალები ელისე პატარიძის, გიორგი კვინიტაძის, ნინო და კალისტრატე სალიების და სხვების პირადი საარქივო ფონდებიდან, ნახონ საფრანგეთში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გამომავალი პერიოდიკა, მათ შორის ჟურნალები ”ივერია”, ბედი ქართლისა”, ”მებრძოლი საქართველო” - გამოცემები, სადაც ემიგრაციაში მყოფი ქართველები საკუთარ ხედვაზე წერდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG