Accessibility links

სირიაში აფეთქებებმა 28 ადამიანი შეიწირა


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ალეპოში მომხდარ აფეთქებებს. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მოეწყო ორი აფეთქება, რომლებიც მიმართული იყო სირიის სამხედრო და უშიშროების უწყებათა შენობების წინააღმდეგ. დაიღუპა, სულ ცოტა, 28, დაიჭრა 200 ადამიანი. სახელმწიფო ტელევიზიაში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს „შეიარაღებულ ტერორისტულ ბანდებს“. ოპოზიციონერი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ პარასკევს ალეპოში მოხდა სამი აფეთქება და მათგან ორი იყო მიმართული უშიშროების ძალების ობიექტების წინააღმდეგ. ორგანიზაცია „სირიის თავისუფალი არმიის“ ლიდერმა (ამ არმიაში ოპოზიციის მხარეს გადასული სამხედროები შედიან), რიად ალ-ასადმა ალეპოში აფეთქებასთან თავისი მეომრების კავშირი უარყო.
ალეპოში აქამდე შედარებით მშვიდი ვითარება იყო, სირიაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად. რაც შეეხება მმართველი რეჟიმისადმი წინააღმდეგობის ეპიცენტრს, ქალაქ ჰომსს, ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, ტანკები შეიჭრნენ რამდენიმე უბანში, რითაც გრძელდება ჰომსში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია.
XS
SM
MD
LG