Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას საწვავის ხელოვნურად გაძვირებაში ადანაშაულებენ


საქართველოს ხელისუფლება საწვავის ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა პარტიამ ”თავისუფალი დემოკრატები,” რომლის შეფასებით, ქვეყანაში ბენზინის ფასი რეალურზე 20-25 თეთრით მეტია. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ერთპიროვნული მართვის რეჟიმი ელიტური კორუფციით, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს საწვავის ბიზნესიც. იზორიამ ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია, თუ როგორ ვნებს ელიტური კორუფცია და ფასთა კარტელური შეთანხმება ქართულ ბაზარს და მომხმარებელს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თვითღირებულების, კერძოდ, ტრანსპორტირების თანხის, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და მოგების გაანგარიშებით, საწვავი დღეს საქართველოში უნდა ღირდეს მაქსიმუმ 1 ლარი და 85 თეთრი და არა დღევანდელის მსგავსად 2 ლარზე მეტი. ”თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, საწვავის ბიზნესში დომინირებს 5 კომპანია, რომელთაგან ერთის, "გალფის" მფლობელია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ლევან იზორიას თქმით, კეზერაშვილი ფლობს ”ლუკოილის” საწვავის დისტრიბუტორი კომპანია "უნი გრუპის" 50%-საც. იზორიას განცხადებით, სწორედ ამ 5 კომპანიას შორის ხდება ბაზარზე კარტელური შეთანხმება მონოპოლისტური მდგომარეობის შესახებ და არა მხოლოდ ფასზე, არამედ იმაზეც, თუ რა რაოდენობის საწვავი უნდა შემოიტანონ ქვეყანაში. ლევან იზორიას ინფორმაციით, 2005 წლამდე საქართველოში არსებობდა საწვავის შემომტანი 100-ზე მეტი კომპანია.
XS
SM
MD
LG