Accessibility links

logo-print

საკანონმდებლო ცვლილებები - საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის


პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე დისკუსია მოეწყო გორში.

პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე დისკუსია მოეწყო გორში.

საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე დისკუსია არ წყდება. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მთელ საქართველოში დისკუსიებს მართავენ და როგორც პოლიტიკოსებს, ისე რიგით მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღებას თუ არ გამოიჩენენ, შესაძლოა მათით სამართალდამცავები დაინტერესდნენ. ამ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი; ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. ახალი კანონით შემოღებულია პარტიასთან კავშირში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების ცნება, რომლებზეც შეზღუდვების და რეგულაციების იგივე რეჟიმი ვრცელდება, რაც თავად პარტიებზე. კანონი მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს ფიზიკურ პირებს საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმისთვის, მაშინ როდესაც საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებზე მხოლოდ მინიმალური შეზღუდვები ვრცელდება აგიტაციის განხორციელებისას, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

გორში საჯარო დისკუსიის დროს დიდი ყურადღება სწორედ ფიზიკური პირების პოლიტიკური აქტივობების საკითხს დაეთმო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, კანონში შესული ცვილებები ადამიანის უფლებების შემლახველია.

დისკუსიას, პოლიტიკოსების გარდა, რიგითი გორელებიც ესწრებოდნენ. შალვა ტლაშაძის აზრით, ფინანსური რეგულაციები საჭირო იყო, მაგრამ ბევრი საკითხი ახალ კანონში ბუნდოვანია, რაც ნებისმიერ მოქალაქეს საფრთხეს უქმნის.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თამაზ შიოშვილი ამბობს, რომ ამიერიდან მოქალაქეებთან შეხვედრებზე თითოეული სიტყვის წარმოთქმისას მეტი სიფრთხილე მოუწევს, რათა არც თვითონ და არც შეკრებილი მოქალაქეები სამართლებრივი დევნის ობიექტები არ გახდნენ.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მცდელობა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა და საბოლოოდ იმაზე უარესი კანონმდებლობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე იყო.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით წესდება ამომრჩევლის პასუხისმგებლობა და გარკვეულ შემთხვევებში დგება მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება ის ამომრჩეველი, რომელიც პოლიტიკური პარტიის ან მასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირისგან ფულად ან სხვა საჩუქარს მიიღებს ან მოითხოვს. იურისტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რეგულაცია გაუმართლებლად მკაცრია და ნორმა საკმაოდ ბუნდოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებით ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზები საკანონმდებლო ცვლილებებით აღმოფხვრან.
XS
SM
MD
LG