Accessibility links

logo-print
”არა" - დიდ ჰესებს! - ამ ლოზუნგით გარემოს დამცველები საქართველოში დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. საჯარო დისკუსია ამ თემაზე 11 თებერვალს, ”კინოს სახლში” გაიმართა. დისკუსიაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ”მწვანე ალტერნატივისა” და ”კავკასიური სახლის” მიერ ერთობლივად გადაღებული ფილმი ენახათ, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას შეეხებოდა, ფილმში საუბარი იყო იმაზე, რომ ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში 27 სოფელს წყალი დაფარავს.

”15 ახალი ჰესი იმისათვის, რომ აღარასდროს დავბრუნდეთ წარსულში” - ამ სიტყვებით სრულდება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სარეკლამო რგოლი, რომელიც სატელევიზიო ეთერში ტრიალებს.
ხელისუფლების ეს ამბიციური გეგმა ბევრ კითხვას უჩენს გარემოს დამცველებს და ისინი რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ, რატომაც ამბობენ უარს დიდ კაშხლებზე: წყლის ქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი ტყის მასივი, სოფლები; ათასობით ადამიანს მოუწევს საკუთარი სახლ-კარის დატოვება; განადგურდება ფლორისა და ფაუნის უმნიშვნელოვანესი სახეობები, შეიცვლება მიკროკლიმატი... ასევე, არ შემცირდება მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი და ხელი არ შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
მხოლოდ ხუდონჰესის მაგალითზე საუბრისას ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი, ჰესის მშენებელ კომპანია Trans Electrica Limited-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველო სარგებლის მაგივრად ვალდებულებებს იღებს:
დარიალის ჰესის მშენებლობა დაიწყო სექტემბრის ბოლოს, როცა მათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ ჰქონდათ ...

” სახელმწიფო ამ კომპანიებს გაყიდული ელექტროენერგიიდან არ სთხოვს არც წილს, არც ბონუსს, არც როიალტის, არ სთხოვს არც შეღავათიანი ტარიფით ამ ელექტროენერგიის საქართველოში დატოვებას. ერთადერთი პირობა, რაც ინვესტორს უდევს, არის ის, რომ პირველი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას ზამთრის სამი თვის მანძილზე მოეწოდოს ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მინიმალურ ტარიფად - 5, 84 ამერიკულ ცენტად, მაქსიმალური ტარიფი კი არ უნდა აღემატებოდეს იმ დროისთვის და იმ მომენტისთვის თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ტარიფს”,-ამბობს დავით ჭიპაშვილი.

”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე ქეთევან ქოჩლაძე კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჰესების მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე იწყება, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს:

”დარიალის ჰესის მშენებლობა დაიწყო სექტემბრის ბოლოს, როცა მათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ ჰქონდათ. ჩვენ მაშინვე მივმართეთ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს და მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაეწყოთ. ამის ნაცვლად, მათ 26 ნოემბერს გასცეს გარემოზე ზემოქმედების დასკვნა და 2 თვის შემდეგ ჩვენ წერილი მოგვწერეს, რას ერჩით ამ პატიოსან ხალხს, ყველაფერი წესრიგში აქვთო, ანუ თუ ეს არის კანონის დაცვა, მე არ ვიცი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რასაც ორივე სამინისტრო ერთად ახორციელებდა.”

ამის გამო ”მწვანე ალტერნატივას” სასამართოლშიც აქვს სარჩელი შეტანილი.

დღევანდელ საჯარო დისკუსიაზე კიდევ ერთ ფაქტს გაესვა ხაზი, რომ ხელისუფლება არ ცდილობს გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები და ამის ნაცვლად იყენებს რესურსს, რომელიც, საერთაშორისო შეფასებით, არაგანახლებადია. სწორედ ამაზე საუბრობდა ”მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. როგორც მან თქვა, გაერო-ს ეკონომიკური კომისიის შეფასებით, კავკასიის სამ ქვეყანაში, - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, - ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, მტკნარი წყლის რესურსს 2030-50 წლისთვის შემცირება ემუქრება .სწორედ ამიტომ ნინო ჩხობაძეს აფიქრებს ჰესების რენტაბელობის საკითხი:

”რა გვინდა ჩვენ, კაშხლები დავიტოვოთ ცარიელი ბეტონებით, დანგრეული ხეობებით? თუ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ წყლის რესურსი შეიძლება მოგვაკლდეს და მაშინ აზრი არ აქვს არანაირ მშენებლობას. ნურავინ ნუ იტყვის და ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ წყლის რესურსი გვეყოფა ამდენი ელექტროსადგურისთვის.”

საჯარო დისკუსიას ესწრებოდა სვანეთის სოფელ მექვენას მკვიდრი მაკა სულაძე. მისი სოფელი ერთ-ერთია იმ 27 სოფელს შორის, რომელიც ჰესების მშენებლობის შედეგად ნაწილობრივ ან სრულად დაიტბორება:
თუ თითოეული ოჯახი იცხოვრებს ჰაერით, ელექტროენერგიის გარეშე, კი ბატონო, სახლში რომ მიბრძანდებით, ნუ აანთებთ შუქს ...

”აქ ადამიანები ცხოვრობენ, აქ მოსახლეობაა და ყოველ ადამიანს თავისი ტკივილი აქვს, ტკივილი, რომელსაც ვერანაირი მატერიალური ანაზღაურება ვერ შეუმსუბუქებს. აქ წინაპართა თუ ახლობელთა საფლავებია და ამათი მიტოვება და აყრა ასეთი იოლი არ არის, ბატონებო.”

ხელისუფლებას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. გასული წლის 11 ნოემბერს ხუდონჰესის მშენებლობის გამო გამართულ საჯარო დისკუსიაზე ეს პოზიცია გამოხატა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა. მაშინ სასტუმრო ”რედისონში” საჯარო განხილვა საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა:

”არავინ არსად არ იძირება. ერთი წუთით, რა... სვანეთზე გული თუ შეგტკიოდათ, სწორედ უშუქობისა და უბედურების პერიოდში განადგურდა იქ ყველაფერი. ეს არის რეალობა.“

„ახლა ხომ აღარ არის უშუქობა?“

მარიამ ვალიშვილი: „მართლა? და როგორ ფიქრობთ, მაგიური ჯოხით აღმოჩნდა ის, რომ დღეს სვანეთში 24-საათიანი შუქია? აქ ისეთი განცდაა, რომ არ უნდა აშენდეს ჰესი. ენერგიის მოთხოვნა იზრდება. თუ თითოეული ოჯახი იცხოვრებს ჰაერით, ელექტროენერგიის გარეშე, კი ბატონო, სახლში რომ მიბრძანდებით, ნუ აანთებთ შუქს.“

საჯარო დისკუსიაზე კი, რომლის დევიზიც იყო ”არა - დიდი ჰესებს”, გარემოსდამცველებმა თქვეს, რომ ისინი მცირე ჰესების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც, უმთავრესად, ეროვნული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG