Accessibility links

logo-print
თებერვლის დასაწყისში მოულოდნელი განვითარება პოვა ისრაელის თავდაცვითი კომპანია „ელბიტ სისტემისა“ და საქართველოს ხელისუფლების დავამ, რომლის გადაჭრას თბილისი, ერთი პირობა, ფულითა და აღჭურვილობით დასთანხმდა. საქმის ასეთმა შემობრუნებამ ისრაელის კომპანია შეიძლება დააზარალოს, სამაგიეროდ, ცოტა ხნით ამოისუნთქავს საქართველოს სამხედრო მრეწველობა, რომელიც ჰაერივით საჭიროებს ახალ შეკვეთებს.

„საქართველოს საქმე არათუ ტრაგიკულად, არამედ სასიხარულოდაც აქვს,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ იმ ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებისაგან მოითხოვენ მიეცეს შეფასება საქართველოსა და ისრაელის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანია „ელბიტ სისტემს“ შორის დაწყებულ დავას, წინაისტორიას და შემდგომ შეთანხმებას.

სასიხარულო ამბები კი, გივი თარგამაძის თქმით, შემდეგში მდგომარეობს: ქართული მხარე კომპანია „ელბიტს“ გადაუხდის მხოლოდ 35 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელს, უსარგებლო უპილოტო თვითმფრინავების სახით, ხოლო საქართველოს ცაზე მალე იფრენენ სამამულო უპილოტო თვითმფრინავები, რომლის წარმოება, საქართველოს უკვე თავადვე დაუწყია.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამწუთში არანაირი პრეტენზია და დავა „ელბიტსა“ და საქართველოს შორის არ არსებობს ...
საქართველოს კანონმდებლობით, იარაღის წარმოება კლასიფიცირებული ინფორმაციაა და მსგავსი რამის გამჟღავნების ექსკლუზიური უფლებით აქამდე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა. მაგრამ გივი თარგამაძემ, საპარლამენტო „ნდობის ჯგუფის“ თავმჯდომარემ, რომლის მიმართ ნდობაც საზოგადოებაში ბოლო ხანს საკამოდ შეირყა,საზოგადოებრივი აზრის დასაშოშმინებლად გულახდილობა აუცილებლად ჩათვალა. ასეთი ინიციატივა კი, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის, მისასალმებელია და სასიხარულოც - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სალაპარაკო აღარ ექნება საქართველოს არაკეთილმოსურნეს და, რაც მთავარია, ქვეყნიდან აღარ გავა 35 მილიონი დოლარი, რაც საქართველოს წლიური თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის 10 პროცენტია.

ასე რომ, „მშვიდად შეგვიძლია დავუბრუნოთ უპილოტო თვითმფრინავები „ელბიტს“ და ეს კონფლიქტი ამოვწუროთო,“ - განუცხადა გივი თარგამაძემ სააგენტო „პირველს“.

თუმცა რამდენად იძლევა თვითდამშვიდების უფლებას გივი თარგამაძის სიტყვები, ძნელი სათქმელია. უფრო მეტიც, თუკი საპარლამენტო „ნდობის ჯგუფის“ თავმჯდომარის განცხადება მიუღებელი იქნება კომპანია „ელბიტისათვის“, ამას შეიძლება მოჰყვეს მორიგებული დავის ისევ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში დაბრუნება, სადაც ისრაელის კომპანიას ამ საქმის მოგების დიდი შანსი ჰქონდა.

ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, საქართველოს მხარემ მოთხოვნილი 100 მილიონი დოლარის ნაცვლად მოდავე კომპანია „ელბიტ სისტემს“ გონივრული გარიგება - 35 მილიონი დოლარის გადახდა და აღჭურვილობის ნაწილის უკან დაბრუნება შესთავაზა.

სადავო საქმე რომ სწორედ კომპრომისული მორიგებით დასრულდა, ეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იანვრის ბოლოს საერთაშორისო დავებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმაც დაადასტურა:

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამწუთში არანაირი პრეტენზია და დავა „ელბიტსა“ და საქართველოს შორის არ არსებობს. ეს დავა მოგვარებულია და ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. პირველ რიგში, ვადასტურებთ იმას, რაც „ელბიტმა“ თქვა - რომ 35 მილიონი დოლარი და გარკვეული მოწოდებული პროდუქციის ნაწილი ბრუნდება უკან.“

უპილოტო თვითმფრინავი ხალთაში არ დაიმალება


საუბარია დაახლოებით 40 ერთეულ უპილოტო მზვერავ თვითმფრინავ "ჰერმეს-450"-სა და „სკაილარკებზე“, რომელთა დემონსტრირებაც არაერთ საჯარო ღონისძიებაზე მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ 2008-2009 წლებში.

თბილისის ამ პირობით დაიმედებულმა კომპანია „ელბიტმა“ საიტზე უმალვე გამოაქვეყნა შესაბამისი პრეს-რელიზი და საქართველოს ხელისუფლებასთან დავის მორიგება ოფიციალურად აცნობა თავის კლიენტებსა და პარტნიორებს. ასეთი მორიგება კი სრულიად მისაღები იყო ისრაელის კომპანიისათვის, რომელმაც, ალბათ, ჩათვალა, რომ დაბრუნებული „ჰერმეს 450“-ტიპის თვითმფრინავების უკეთ გამოყენებას შეძლებდა.

სულ მალე გამოჩნდება, თუ რამდენად სანდოა საქართველოს პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ თავმჯდომარის განცხადება ...

მაგრამ ისრაელის მედიამ უცებ აღმოაჩინა ის სხვაობა, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს შორის არსებობს. ისრაელში გამომავალმა რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტო „იზრუსმა“ 1 თებერვალს გივი თარგამაძის განცხადებას სტატია მიუძღვნა, სათაურით „საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააცრუოს ისრაელელები“.

როცა მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა, ეს ცუდია, მაგრამ პირადად მე მოქალაქეობრივად მირჩევნია, რომ მართალი იყოს გივი თარგამაძე და არა თინა ბურჯალიანი, რომლის სიტყვებს იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი აზის.

თანაც, რაკი აქამდე „ელბიტ სისტემს“ არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ამ კომენტარზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისრაელის კომპანია ნატურით გადახდაზეც თანახმაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მშვიდად შეუძლია დაიტოვოს თავისთვის 35 მილიონი დოლარი საქართველოში და დააბანდოს იგი სამამულო სამხედრო მრეწველობაში.

რაც შეეხება ქართულ უპილოტო თვითმფრინავებს, სულ მალე გამოჩნდება, თუ რამდენად სანდოა საქართველოს პარლამენტის „ნდობის ჯგუფის“ თავმჯდომარის განცხადება, რომ „საქართველოს მხარემ თავად დაიწყო სადაზვერვო მფრინავი აპარატების წარმოება.

შუბისა არ იყოს, ხალთაში არც უპილოტო თვითმფრინავები დაიმალება!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG