Accessibility links

logo-print
იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით (2011 წლის 3 ნოემბერი), წელს პირველად აღინიშნება რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი. სწორედ 13 თებერვალს გავიდა პირველად ეთერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რადიო, რომელიც 1946 წლიდან მაუწყებლობს. ტელევიზიისა და ინტერნეტის ხანაში რადიო კვლავ რჩება ინფორმაციის ყველაზე ხელმისაწვდომ წყაროდ, რომ არაფერი ვთქვათ მის საგანმანათლებლო ფუნქციასა და შეუცვლელ როლზე სტიქიური თუ სხვა სახის უბედურებების დროს. რა როლს ასრულებს რადიო საქართველოში?

საქართველოს რადიო, რომელიც 1925 წლიდან მაუწყებლობს, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. 1925 წლის 23 მაისს პირველი საცდელი გადაცემით დაიწყო საქართველოში ხმოვანი ერა. მრავალი ათეული წლის განმავლობაში რადიო უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა საქართველოში, თუმცა ქართულმა რადიომ მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა. თინათინ მგალობლიშვილმა რადიოში მუშაობა შორეულ 1961 წელს დაიწყო:
რადიო გაცილებით იოლი მოსახმარია აუდიტორიისათვის, მსმენელისათვის, განსხვავებით ტელევიზიისა და გაზეთისგან ...

„რადიოს აქვს ისეთი ხიბლი, რომელიც თუ შეიგრძნე, ვეღარასოდეს დააღწევ თავს. ესაა საოცრება! მე ტელევიზიაშიც ვთანამშრომლობდი, მაგრამ რადიო იყო ჩემი სამშობლო! როცა ვიზუალურად ჩანხარ, გაცილებთი მეტი შესაძლებლობა გაქვს და როცა არ ჩანხარ, მაშინ მხოლოდ ხმის იმედად ხარ და ხმით უნდა მოახერხო მსმენელამდე მთავარი სათქმელის მიტანა... ცხადია, ეს გაცილებით რთულია და ამიტომ არის რადიო ყოველთვის უპირატესი.“

თინათინ მგალობლიშვილის მსგავსად, რადიოს უპირატესობას მედიისა და მუსიკის სპეციალისტებიც აღიარებენ. მედიის მკვლევარი ზურაბ ხრიკაძე მიიჩნევს, რომ რადიოს, სხვა ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებთან შედარებით, არაერთი უპირატესობა აქვს:

„რადიო გაცილებით იოლი მოსახმარია აუდიტორიისათვის, მსმენელისათვის, განსხვავებით ტელევიზიისა და გაზეთისგან. პრესას სჭირდება დაჯდომა და წყნარ გარემოში კითხვა, რათა სათანადოდ აღიქვა ინფორმაცია. ასევეა პრინციპში ტელევიზიაც... რადიოს კი შეიძლება უსმინო ყველგან: სახლშიც, ავტომობილშიც და სამსახურშიც. და კიდევ: იმავე ტელევიზიისა და პრესისაგან განსხვავებით, რადიო გაცილებთ მეტ შემეცნებით გადაცემას გვთავაზობს, რაც ასევე რადიოს სპეციფიკაა, რადგანაც ასეთი გადაცემის გასაკეთებლად ტელევიზიას მასშტაბური წინასწარი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, განსხვავებით რადიოსაგან.“

რადიო ასევე ინფორმაციისა და სიამოვნების მნიშვნელოვანი წყაროა მელომანებისთვის. ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი ამბობს, რომ რადიო მუსიკისა და მუსიკის შესახებ ინფორმაციის მიღება-აღქმის საუკეთესო საშუალებაა.

„ვიდეო-კლიპები არ მიყვარდა არასოდეს. ნახვას ყოველთვის მერჩივნა მომესმინა. კლიპებს მე ვუწოდებ ერთგვარ კოსმეტიკას, რომელიც მუსიკის აღქმაში ხელს მიშლის. გამოსახულებას მუსიკა მეორე პლანზე გადააქვს და წინ წამოსწევს იმას, რაც არაა აუცილებელი. ერთი ასეთი სიმღერაც კი არის Video Killed the Radio Star, რაც კარგად ახასიათებს შექმნილ ვითარებას“, უთხრა ბიძინა მაყაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რადიოს უმთავრეს კონკურენტად საქართველოშიც ტელევიზია ითვლება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა რამდენიმე თვის წინ ჩაატარა კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორის, თამუნა ხოშტარიას თქმით, ტელევიზია, როგორც ინფორმაციის წყარო, ბევრად აღემატება რადიოს.
როგორც კი ვიღვიძებ, რადიოს ვრთავ. შინ საქმეს ვაკეთებ, თან ინფორმაციას ვუსმენ. ტელევიზია ამის საშუალებას არ იძლევა ...

„კითხვაზე, რამდენად ხშირად იყენებთ შემდეგ საინფორმაციო წყაროებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, 8 პროცენტმა უპასუხა, რომ ამისათვის რადიოს იყენებს ყოველდღიურად; ასევე 8 პროცენტმა თქვა, კვირაში რამდენჯერმეო, 4 პროცენტმა კი - კვირაში ერთხელო. გარდა ამისა, 8 პროცენტის თქმით, რადიოს თვეში ერთხელ უსმენს, 70 პროცენტის თქმით კი, რადიოს არასდროს უსმენს.“

თუმცა მედიის მკვლევართა ნაწილი შენიშნავს, რომ ბოლო დროს ვითარება რადიოს სასარგებლოდ იცვლება, რასაც, გარკვეულწილად, რადიო თავისუფლების მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვაც ადასტურებს:

ქალი: „როგორც კი ვიღვიძებ, რადიოს ვრთავ. შინ საქმეს ვაკეთებ, თან ინფორმაციას ვუსმენ. ტელევიზია ამის საშუალებას არ იძლევა. თანაც, რადიო ტელევიზიასთან შედარებით მეტად ოპერატიულია.“

მამაკაცი: „რადიოს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სადაც წახვალ, შეგიძლია თან წაიღო. პირადად მე სრულად მიცვლის ტელევიზიას.“

ქალი: „დიდ პატივს ვცემ. რადიოთი გავიზარდე...“

მამაკაცი: „რადიოს გარეშე როგორ შეიძლება ცხოვრება!“

რადიოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია თბილისელ თამარ გამრეკელაშვილს, რადიოს სტაჟიან მსმენელს, რომლის ბავშვობის ყველაზე ძლიერი თშაბეჭდილება რადიოს უკავშირდება:

„1961 წლის 12 აპრილი იყო. სკოლიდან გამიშვა მასწავლებელმა სათვალის მოსატანად (სახლში დარჩა), რომ დავბრუნდი კლასში, ვთქვი, ადამიანი გაფრინდა კოსმოსში-მეთქი. მასწავლებელს ტყუილი ეგონა და გამაგდო გარეთ. არადა, ქუჩაში რომ გავედი, რადიოში მოვისმინე. მაშინ რუსთაველზე ბევრი რეპროდუქტორი იდგა და ცნობებს გადასცემდა.“

ცხადია, დღეს, ორმოცდაათი წლისწინანდელი თბილისისგან განსხვავებით, ბოძებზე მიმაგრებულ რადიორეპროდუქტორებს ვეღარ შეხვდებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადიო მნიშვნელოვან ახალ ამბებს აღარ ავრცელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG