Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა ხარჯების შემცირების რეფორმები დაამტკიცა


საბერძნეთის პარლამენტი

საბერძნეთის პარლამენტი

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მომჭირნეობის პროგრამა, რომლის გატარებას ამ ქვეყანას კრედიტორები, ევროპის კავშირი, სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი აიძულებენ. იმისთვის, რომ საბერძნეთი არ გაკოტრდეს, საჭიროა გაისტუმროს ვალები, მათ დასაფარად კი კვლავ კრედიტი უნდა აიღოს.

კენჭისყრას პარლამენტში საბერძნეთის მმართველი ფრაქციისთვის დანაკარგის გარეშე არ ჩაუვლია. 40-მდე დეპუტატი, რომლებიც არ მიემხრნენ თავიანთი პარტიების ხაზს და მხარი არ დაუჭირეს პროგრამას, კონსერვატორებმა, მემარჯვენე ახალმა დემოკრატებმა და სოციალისტურმა პარტიამ ფრაქციებიდან გარიცხეს. დოკუმენტს არ მიემხრნენ კომუნისტები და მემარცხენეები, ოპოზიციის წარმომადგენლები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა კენჭისყრის წინ დეპუტატებს ასე მოუწოდა:
მომავალი არჩევნების დროს მოსახლეობა დასჯის ახალ დემოკრატებს და სოციალისტურ პარტიას ...

„თქვენზე და თქვენს ხმაზეა დამოკიდებული, საბერძნეთი ევროზონაში დარჩება თუ უმართავი გაკოტრების გზას დაადგება. ამ ეკონომიკური პროგრამისთვის მხარის დაჭერით და სესხის შესახებ შეთანხმებისთვის კარის გახსნით, თქვენ საფუძველს ჩაუყრით ეკონომიკის რეფორმირებასა და აღდგენას. ესაა საუკეთესო გზა, ვემსახუროთ ხალხის ინტერესებს.“

„ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ჩვენი მოქალაქეები არ გვაპატიებენ, თუ ამას არ გავაკეთებთ“, ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ევანგელოს ვენიზელოსმა კანონმდებლებს.

ქვეყნის გადარჩენას კი საბერძნეთის ხელისუფლება კრედიტის - მისი ერთი ნაწილის, 130 მილიარდი ევროს - სასწრაფოდ აღებაში ხედავს, რადგან თუ ვერ დაფარა ადრე აღებული ვალი, მას დეფოლტი, გაკოტრება მოელის.

არეულობა ათენის ქუჩებში

არეულობა ათენის ქუჩებში

პარლამენტში კენჭისყრა როცა მზადდებოდა და უკვე გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ათენის ქუჩებში მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობდა. ხალხი მომჭირნეობის ზომებს არ ეთანხმება. ამ ქვეყანაში უმუშევრობა უკვე 18 პროცენტს აღწევს და ახლა, როცა რეფორმა ამოქმედდება, კვლავ მოხდება ხარჯების რადიკალური შემცირება. ეს კვლავ გულისხმობს სამუშაო ადგილების მკვეთრ შემცირებას კერძო სექტორში, ასევე საჯარო სფეროში, სადაც 2015 წლამდე 150 ათას სახელმწიფო მოხელეს დაითხოვენ სამსახურიდან. ორშაბათ ღამით მოხდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, დაშავებულია 80 ადამიანი, მათ შორის - 30 პოლიციელი. ათენის მერმა გიორგოს კამინისმა განაცხადა, რომ ქალაქმა „უზომო ზარალი“ ნახა. იუწყებიან, რომ დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს 40-მდე შენობას, ათეულობით მაღაზია და ბანკი დაარბიეს. პარლამენტში კენჭისყრამდე დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მისი მონაწილეები დაგეგმილი მომჭირნეობის რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდნენ. 13 თებერვლის კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგნელმა დიმიტრიოს პაპადიმულისმა მმართველ ძალას განაჩენი გამოუტანა:

„დღევანდელი დღე მმართველობის იმ მცდარი მეთოდის დასასრულს ნიშნავს, რომელმაც ათწლეულების შემდეგ ამ უბედურებაში ჩააგდო საბერძნეთი. მომავალი არჩევნების დროს მოსახლეობა დასჯის ახალ დემოკრატებს და სოციალისტურ პარტიას“.

მოკლედ, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. საბერძნეთს გაუჩნდა კარგი შანსი, თავი დააღწიოს დეფოლტს. შანსი იმიტომ, რომ ახლა, ამ რეფორმები გატარების ცხადი ნიშნის გარეშე, კრედიტორები კვლავ თავს შეიკავებენ. ახლა საბერძნეთს მოსთხოვენ მომჭირნეობის ამ პაკეტის განხორციელებას, რაც უფრო ძნელია, ვიდრე მისი დამტკიცება. საქმე ისაა, რომ საბერძნეთს ადრეც ჰქონია რეფორმები დამტკიცებული, მაგალითად, გადასახადის შესახებ, მაგრამ მათი გატარება სათანადოდ არ მოხდა. შესაბამისად, პარლამენტის გადატყვეტილება ითვლება „სწორ გზაზე პირველ არსებით ნაბიჯად“, თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ, რომელიც დამტკიცებული რეფორმების გატარებას მიიჩნევს ათენისთვის სამომავლო კრედიტების მიცემის პირობად. კენჭისყრის შემდეგ საფინანსო ბაზრებზე ევროს კურსი გაიზარდა, მაგრამ ძალიან თავშეკავებულად. კრედიტორებმა 16 თებერვალს უნდა გადაწყვიტონ, საკმარისია თუ არა საბერნეთის პარლამენტის თანხმობა მეორე საკრედიტო ტრანშის - 130 მილიარდის - გადასარიცხად. პირველი თანხა, დახმარების კრედიტის სახით, 110 მილიარდი ევრო, საბერნეთმა შარშან მაისში მიიღო.
XS
SM
MD
LG