Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავშესაფრები უსახლკაროებისათვის


უსახლკაროთა თავშესაფარი
უსახლკაროთა თავშესაფარი
დედაქალაქის ყველა რაიონში უსახლკაროებისათვის თავშესაფარი გაიხსნა. მიზეზი ყინვა და ყინვის შედეგად დაზარალებული და გარდაცვლილი ადამიანები არიან. არის შემთხვევები, როდესაც კიდურების მოყინვის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ექიმებს მათი ამპუტაცია უწევთ. რატომ მიიღო ქალაქის მთავრობამ თავშესაფრების გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებით და სად შეუძლიათ უსახლკაროებს ღამის გათენება?

66 წლის ლიანა უკვე წლებია ერეკლე მეორის ქუჩაზე ღია ფარდულში ცხოვრობს. მთელი მისი ქონება ერთი ტახტი, ხის პატარა მაგიდა, ახალგაზრდობის ფოტოები, შეშის ღუმელი, სამფეხა სკამი, ძველი ჭურჭელი და რამდენიმე საბანია. შემოსავლის ერთადერთი წყარო შემოწირულობაა. საჭმელს და წამალს ამ გზით მოგროვილი ფულით ყიდულობს. მისი ერთადერთი შვილი სასჯელს ციხეში იხდის. ამბობს, რომ სახლიც მის გამო გაყიდა. ახლად გახსნილი თავშესაფრების მისამართები პატარა ფურცელზე უწერია, თუმცა იქ წასვლას არ აპირებს. შეშის ღუმელზე პურს ათბობს, სამფეხა სკამზე სტუმარი უზის. ჭრელი კატა ზოლიან საბანზე თვლემს, ფარდულის წინ ყინულზე დგომა ჭირს, ფეხი სრიალებს.
აქ არის ღამის გასათენებელი ადგილი, იქით კი უფასო სასადილო გვაქვს ...
ვიქტორია კორნეევა

- ამ ყინვებს აქ ვატარებ.
- თავშესაფრების შესახებ არაფერი იცით?
- ვიცი, როგორ არა, აგერ მაქვს ფურცელი.
- მერე?
- ვერ წავალ.
- რატომ?
- შვილი მყავს ციხეში და აქ მაქვს მასთან კონტაქტი, რომ დამირეკოს და მისი ხმა გავიგო.
- აქ როგორ უნდა დაგირეკოს?
- აი, იმ მაღაზიაში მირეკავს ხოლმე, შეგიძლია იკითხო. დამხმარე არავინ მყავს. ეკლესიასთან მოწყალების სათხოვნელად ვზივარ ხოლმე. მამა მაკარის წყალობით მაქვს, აი, ეს ტახტი. ყინულზე დავვარდი, მკერდი დავარტყი და ახლა ცუდად ვარ.
- საჭმელს როგორ აკეთებ?
- აი, ამ ”ფეჩზე” ვაკეთებ საჭმელს, კვერცხს ვყიდულობ და ერბოკვერცხს ვწვავ ხოლმე. მეზობლები მეხმარებიან. ყველა მიცნობს. აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. აქედან სად წავიდე?
- ეს კატაც თქვენთან ცხოვრობს?
- ჩემი გაზრდილია ჩემი ფაშა. კნუტი იყო, რომ ვიპოვე.

უსახლკარო ქალი
უსახლკარო ქალი
სანამ სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვებისა და უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებდნენ და სანამ მედიასაშუალებებით გაისმოდა რჩევები თბილად ჩაცმისა და ქუჩაში ნაკლები დროის გატარების შესახებ, თბილისში ყინვამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სხეულის გადაციებისა და კიდურების მოყინვის შედეგად საავადმყოფოებში ათზე მეტი ადამიანი მკურნალობს. მათგან რამდენიმეს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ყინვის მსხვერპლთა უმეტესობა უსახლკაროა. დაახლოებით ორი კვირაა, რაც თბილისში ღამით ტემპერატურა მინუს - 5-დან - 8 გრადუსამდე მერყეობს. თბილისის მერიას ყინვების დაწყებიდან რამდენიმე დღე დასჭირდა იმისათვის, რომ ქალაქში უსახლკაროებისათვის თავშესაფრების გახსნის გადაწყვეტილება მიეღო. 13 თებერვლამდე დაწესებულება, სადაც ნებისმიერი ასაკის უსახლკაროს შეეძლო ღამის გათენება, არ არსებობდა. ისინი ყინვიან ღამეებს ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სადარბაზოებში ათენებდნენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული უფასო სასადილოები ყინვის პერიოდში ტრანსფორმირდება და იქ მსურველებს, გარდა დღეში ერთხელ სადილობისა, ღამის გათენებაც შეეძლებათ. ერთ-ერთი ასეთი სასადილო-თავშესაფარი პეტრიაშვილის 25 ნომერში მდებარეობს. იქ 4 საწოლი დგას. შესაბამისად, 14 თებერვლის ღამე იქ ოთხმა უსახლკარომ გაათენა. როგორც ძველი თბილისის გამგეობის თანამშრომელი ვიქტორია კორნეევა გვიხსნის, საჭიროების შემთხვევაში არის საშუალება, რომ თავშესაფარში კიდევ დაემატოს რამდენიმე საწოლი:
არავინ იცის, ყინვები რა რეჟიმით გაგრძელდება. ზოგჯერ ფაქტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილება ...
მამუკა ქაცარავა

”აქ არის ღამის გასათენებელი ადგილი, იქით კი უფასო სასადილო გვაქვს. არის სააბაზანო ოთახი და არის საპირფარეშო. თბილისის მერიამ გამოაცხადა თავშესაფრების მისამართები და, ამასთანავე, რაიონის გამგეობა და მუნიციპალიტეტი ასეთ ხალხს თავადაც ეძებს. თავშესაფრები ყინვების დასრულებამდე იმოქმედებს”, - ამბობს ვიქტორია კორნეევა.

თბილისის მერიამ უსახლკაროთათვის თავშესაფრის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყინვას მსხვერპლი მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღება არასდროს არის გვიან, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მამუკა ქაცარავა, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი:

”არავინ იცის, ყინვები რა რეჟიმით გაგრძელდება. ზოგჯერ ფაქტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილება. მძიმე შედეგის გამო, რომელიც სახეზე გვაქვს, სწორედ ამის გამო მივიღეთ თავშესაფრების გახსნის გადაწყვეტილება. ჯერჯერობით მომართვიანობა დიდი არ არის. დაახლოებით ხუთ-ხუთი ადამიანია ყველა თავშესაფარში მიღებული, მაგრამ თუ იქნება მოთხოვნა, შესაძლოა, რომ კიდევ დაემატოს თავშესაფრები”, - ამბობს მამუკა ქაცარავა.

უსახლკაროთა თავშესაფარი
უსახლკაროთა თავშესაფარი
დღეისათვის თბილისში ექვსი სასადილო-თავშესაფარი მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ უსახლკაროებს ინფორმაციამდე ხელი თითქმის არ მიუწვდებათ, თბილისის მერია მოსახლეობას სთხოვს, ვისაც აქვს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათენებენ, თბილისის მერიას აცნობოს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში იგეგმება უსახლკაროთა სპეციალური თავშესაფრის აშენება.

სინოპტიკოსები კი 20 თებერვლის ჩათვლით კვლავაც არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ყინვები განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG