Accessibility links

რუსეთის ბეჭდური მედია აქტიურად განიხილავს „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის „გაზპრომ-მედიის“ მოთხოვნას, გადადგეს პოპულარული რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭო და შეიცვალოს დამოუკიდებელ დირექტორთა შემადგენლობა. გაზეთი „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ერთ-ერთ დამოუკიდებელ დირექტორთან, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელ ევგენი იასინთან, რომლის თქმითაც, რადიოს მთავარი რედაქტორის ალეკსეი ვენედიკტოვის გათავისუფლებას „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალეკსეი მილერი ითხოვს. ცნობისათვის, „ეხო მოსკვის“ აქციათა 66 პროცენტს „გაზპრომი“, ხოლო დანარჩენ 34 პროცენტს რადიოსადგურის თანამშრომლები ფლობენ. ევგენი იასინის ვარაუდით, „გაზპრომის“ ხელმძღვანელობა ზემოდან მიღებული მითითებით ხელმძღვანელობს: „როგორც ჩანს, შედარებით დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლება გარკვეული სახის მოულოდნელ ქმედებას მოელის. ეს არის საარჩევნო პერიოდში მედიის ხარჯზე „ჭანჭიკების მოჭერის“ კლასიკური შემთხვევა.“

რუსული მედიის ცნობით, სწორედ მოახლოებული არჩევნები განსაზღვრავს რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის მოქმედების ლოგიკას. საქმე ისაა, რომ ვლადიმირ პუტინი განაგრძობს ბეჭდურ მედიაში თავისი საარჩევნო პროგრამის გამოქვეყნებას. „სამართლიანობის მშენებლობა. რუსეთის სოციალური პოლიტიკა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული პუტინის სტატიას, რომელიც „კომსომოლსკაია პრავდამ“ დაბეჭდა და რომელსაც კრიტიკულად გამოეხმაურა „ნეზავისიმაია გაზეტა“. წერილში გაზეთის რედაქცია, აანალიზებს რა პუტინის დაპირებული „საცხოვრებელი სამოთხის“ შესაძლებლობას, მკითხველს შეახსენებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი დაპირებები უწინაც უხვად გაუცია. კერძოდ, პუტინმა პირობა დადო ყოველწლიურად ჩაებარებინა 140 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი, თუმცა, როგორც რედაქცია შენიშნავს, ეს დაპირება დაპირებად დარჩა. სტატიის კრიტიკულ ტონს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ პუტინი ამომრჩეველს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას 2030 წლისათვის ჰპირდება.

საქართველოსა და უკრაინის ურთერთობას შეეხება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია, შემდეგი სათაურითა და ქვესათაურით: „ქართველმა პრემიერ-მინისტრმა იანუკოვიჩის საიდუმლო გაამხილა“. „კიევი, მოსკოვის პოზიციის მიუხედავად, განაგრძობს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას“. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ავტორი მთლიანად ეყრდნობა ინტერვიუს, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რუსულ გამოცემა „ზერკალო ნედელის“ მისცა. მართალია, გიორგი ბარამიძეს არაფერი უთქვამს უკრაინა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ ის კი შეუნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში რუსეთის პოზიციას არ იზიარებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო თანამეგობრობა და მათ შორის უკრაინის ხელისუფლებაცო.

სტატიის ავტორის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება უარყოფდა საქართველოსათვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომელთა შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო კომპანია „უკრსპეცექსპორტის“ ყოფილი გენერალური დირექტორის სერგეი ბონდარჩუკის აღიარება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინა, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, განაგრძობდა საქართველოსათვის იარაღის მიწოდებას. გიორგი ბარამიძის სიტყვების კომენტირებისას უკრაინელი და რუსი სამხედრო ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იარაღის მიწოდება კვლავაც ძველი კონტრაქტის შესაბამისად ხდება და რომ უკრაინა მოერიდებოდა საქართველოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთის გაღიზიანებას. ექსპერტები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აფიშირება ოფიციალურ კიევს რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ჭიდილში დასჭირდა.
XS
SM
MD
LG