Accessibility links

logo-print
5 თებერვალი, კვირა
დილიდან მაგისტრანტების ნაშრომებს ვასწორებ. საოცარია - ყველა კარგია, ნათელი თავები აქვთ ამ ბავშვებს! ერთი რამე კი ცხადია: ჩვენზე ბევრად უკეთესი თაობა მოდის. ამ თაობის პრივილეგია ნამდვილად არის მეტი ინფორმაციის, საერთაშორისო კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა და პრაგმატული მოტივაცია, რაც ჩვენს დროში დიდი დეფიციტი იყო. მახსოვს, დისერტაციის დაცვის წინ მოსკოვის ბიბლიოთეკებში სიარული და სამეცნიერო ჟურნალების რიგში დგომა – ქვის ხანა! მოკლედ, ქვის ხანა იყო.

ისიც მახსოვს, რომ კვირაა. ვის გაუგია კვირას მუშაობა?! მაგრამ ორშაბათი ხომ შაბათს იწყება - გენიალურია სტრუგაცკების ეს ნაწარმოები! ამას წინათ, ლექციაზე, „ბებერი ბლუმენტალი“ ვახსენე. არც ერთს ჯგუფში წაკითხული არ ჰქონდა რემარკი (მოსალოცია – ეს წინ აქვთ). ამავე დროს, მართლაც კარგად იციან ფროიდი და მასლოუ. ცოდნის სპეციფიკა და არეალი იცვლება, ვიწრო სპეციალისტების ხანა დგება. ალბათ, ასე ჯობია. რად გვინდა ექიმი, რომელიც ლიტერატურის კრიტიკოსის დონეზე ერკვევა მწერლობაში და ბრმა ნაწლავის ნაცვლად, ნაღვლის ბუშტს ამოგჭრის?

განათლება ძალზე მნიშვნელოვანი სფეროა. სათუთი და გონივრული მიდგომა სჭირდება. რეტროგრადი ამ სფეროში საქმეს დაღუპავს. რევოლუციონერიც.

როგორ გარბის დრო! დღე, თვე, წელი - ეს ცხოვრებაა. წინა კვირას 63-ის გავხდი. სულ არ მაქვს ამ ასაკის განცდა (სიბერის თქმაც კი მეუხერხულება). რეალობაში ხანდახან მაბრუნებს ახალგაზრდა გამყიდველის მომართვა: „ბიძაჩემო“. ასეა, დრო ის მარადიული კატეგორიაა, რომელშიც ყველაფერი მიედინება და რომელსაც დასასრული არ გააჩნია.

6 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეა. კაცმა არ იცის, რატომ. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი საქმეა, მაგრამ თუ საქმე საინტერესოა და მნიშვნელოვანი, დადებითი შედეგი მოაქვს, ამ შემთხვევაში დრო სწრაფად გარბის. სწორედ ამაში მდგომარეობს „დროის ემოციონალური დეტერმინაციის კანონი“.

და, პირიქით, უსიამოვნო „მოლოდინის“ დრო უსასრულოდ იწელება. დღეს განცდისეულად სიცოცხლეს „გავიხანგრძლივებ“ - დაძაბული საუბარი მელოდება. დროში იწელება ორგანიზაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც სასწრაფოდ მისაღებია; ასე რომ, დაძაბული საუბრის მოლოდინი მოაქვს. საინტერესო ფენომენია ორგანიზაცია, განსაკუთრებით პირველ, „პიონერულ“ ფაზაში, ლიდერის ადგილი და როლი, პიროვნული თვისებები. არანაკლებ საინტერესოა ორგანიზაციული დივერსიფიკაცია სტრუქტურების თვალსაზრისით. აუ, რა საინტერესო სპეციალობა მაქვს!

ყველაფერი კარგად წარიმართა. ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბევრს ნიშნავს ლიდერის ნიჭი და უნარი, დაინახოს მოვლენები მომავალში.

7 თებერვალი, სამშაბათი
სამშაბათი „მსუბუქია“, განსაკუთრებით, თუ წინ მძიმე ორშაბათი უსწრებს. დღეს ემოციური რელაქსაციის დღე მაქვს. საინტერესო მოსაზრება წავიკითხე მემარცხენეობაზე. ავტორსაც, მგონი, ვიცნობ. როგორ არიან დარწმუნებული თავიანთ სიმართლეში, როგორი მაღალი ხარისხია შინაგანი რწმენა, როგორი ტონი! ასე დარწმუნებულად, მგონი, ლიბერტარიანელების მამა არ მსჯელობდა. შეიძლება, ეს მეთოდია, პოზაა, რომ დაგიჯერონ, გაღიარონ, ეფექტური დარწმუნების ხერხი, მაგრამ ჭეშმარიტება ხომ ჩემთვის „სუბიექტურია“, რადგან აბსოლუტური მხოლოდ სწრაფვაა მისკენ. გავფილოსოფოსდი, რას არ ჩაიდენ ადამიანი დღიურის წერისას?! ისე, მაგარი რამეა ეს „თავისუფლების დღიურები“! არ ვიცი, ვისი იდეაა, მაგრამ მაგარია (მიშასავით არა)!

პიროვნების, მიმდინარე მოვლენების, ცალკეული პერიოდის, საზოგადოებრივი კლიმატის ანალიზისათვის საუკეთესო თვისობრივი მასალაა. გარკვეულწილად, მისი განხილვა შესაძლებელია, როგორც სპეციფიკური ფოკუსჯგუფის. უნდა ჩავინიშნო და ვცადო, პროგრამულად წარმოვიდგინო. ჩემი ბავშვებისთვის ფასდაუდებელი მასალა იქნება, განსაკუთრებით მედიასკოლის სტუდენტებისათვის. როგორც რომანი, ისე იკითხება. ვერ მოვწყდი, თან ძირითადად, ავტორების უმეტესობას ვიცნობ, ესეც დამატებითი ინტრიგაა. მოკლედ, სასიამოვნო ემოციებით სავსე დრო გავატარე და დღემაც სწრაფად გაირბინა. დღეც დამთავრდა, მგონი...

თუმცა, არა! ფეისბუკის დრო მოსულა. ჯერ მეილებს გადავხედე. ძალიან ბევრია. ავტორების მიხედვით დავახარისხე, ძირითადი წავიკითხე, დანარჩენი მოვიტოვე შემდეგისათვის. პასუხები მოკლე და კონკრეტული. ახლა „ფრენდები“... ერთი წლის წინ, მხოლოდ გაგონილი მქონდა ამის შესახებ. რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს როგორც ექსპერტი (ეს წოდებაც ხომ დიდი გაუგებრობაა ჩვენთან!) კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებზე სასაუბროდ. რომ ვუთხარი, „არ ვარ ფეისბუკის მომხმარებელი“, ისე გაიკვირვეს, თითქოს მეთქვა, არ ვარ ჟანგბადის მომხმარებელი-მეთქი. პროდიუსერი არ დაიბნა და მითხრა, აი, ეს იქნება სწორედ საინტერესოო. პიროდაქტილის როლში ვიგრძენი თავი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, მაგრამ დავიღუპე – გავხდი ფეისბუკის მომხმარებელი. აი, ფსიქოლოგიური კვლევის კიდევ ერთი ობიექტი.

რამდენიმე ძალზე საინტერესო შრომა წავიკითხე ფეისბუკის მომხმარებელთა პიროვნული ტიპოლოგიის კლასიფიკაციის მიმართულებით – ფეისბუკის გამოყენების შესახებ საარჩევნო ტექნოლოგიებში. ისე, ერთი საინტერესო მომენტიც დავაფიქსირე. როგორც კი ჩემი გვარი ივანიშვილთან მიმართებაში გაჟღერდა, „ფრენდების“ მსურველთა რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზარდა. ეს ერთდროულად საინტერესოც არის და სასაცილოც. ასე თუ ისე, ფეისბუკი ჩემი ყოველდღიური ყოფის ატრიბუტად იქცა. სხვათა შორის, ქართულ პრესაშიც, რომელსაც გამონაკლისის გარეშე ვეცნობი, არის რაღაც „ეგზისტენციალური“, როგორც ზაზა ფირალიშვილი იტყოდა.

ქართული პრესა ცალკე განხილვის თემაა. პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების მესიჯები ერთმანეთის მიმართ, ცოტა ინფორმაცია, ბევრი ჭორი და შემდგომი ეფექტური პროგნოზები, ძირითადად, უპასუხისმგებლო, როგორ განვითარდება მოვლენები. ან რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული მსოფლიოს მმართველი მატრიცის მიერ საქართველოსთან მიმართებით. დღეს სწორედ ასეთი პროგნოზების განხილვას ვესწრებოდი. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს უკვე სატირალია.

8 თებერვალი, ოთხშაბათი
ოთხშაბათი აბანოს დღეა. გოგირდის აბანო, აბანოთუბანში, ფიზულა – ინტელექტუალური ქისა, დილის თოვლის შედეგად გასუფთავებული ჰაერი. ხაშს აღარ ვჭამ – ნახარში საზიანოა სისხლძარღვებისათვის. სხვათა შორის, არაყიც. გულოს აბანო თბილისის განუყოფელ ატრიბუტად აღიქმება, გარკვეული ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ჯგუფისათვის.

ერთხელ მაინც თუ არ შეგივლია იქ და არ წარმოგითქვამს კმაყოფილებით აღსავსე „საღოლ!“, „ზნაჩიტ შენ თბილისელი არა ხარ“ - ასე ამბობს ფიზული. მორჩა, სიგარეტის მოწევას თავი უნდა დავანებო.

დღეს ბევრი შეხვედრა მაქვს, ძირითადად - შინ. უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი, საგამოცდო უწყისია შესავსები. კათედრა აღარ არსებობს, არსებობს ადმინისტრაცია, სადაც შემთხვევით შეიძლება, კოლეგები ვნახო. მგონი, დიდი სისულელეა კომუნიკაციის დადებითი გარემოს გაუქმება მასწავლებლებისთვის, რომელთაც ბევრი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი და გასაზიარებელი. კომუნიკაციის გარეშე არ არსებობს საზოგადოება და არც პროგრესი. ცოცხალ კომუნიკაციას ვგულისხმობ, თორემ ინტერნეტ-კომუნიკაცია იცოცხლე – მაგრად მოდაშია! იცოცხლე, კარგი გამოგონებაა სკაიპი – შორს მყოფი, მონატრებული ან საჭირო ადამიანებთან კონტაქტისათვის, მაგრამ ცოცხალი, უშუალო ურთიერთობის უპირატესობა სრულიად ეჭვს გარეშეა. ადამიანი ხომ სხვა ადამიანს „სხეულითაც გრძნობს“, უამრავი შეგრძნების არხი, რომელთა არსებობაზე მიახლოებითი წარმოდგენა გვაქვს, ხელმისაწვდომი აღარ არის, იკარგება ინფორმაცია, ღარიბდება ემოცია. შეიძლება ვცდები, მაგრამ, მგონია, კონტაქტები ამ მხრივ რაღაც გაუკუღმართებულია. ნუ შემჭამთ, ვაღიარებ პროგრესული საინფორმაციო საშუალებების უდიდეს მნიშვნელობას!

შეხვედრა შედგა. ძალზე საინტერესოდ წარიმართა. ხვალისთვის პროექტი იქნება. და მაინც, „ცოცხალი“ შეხვედრის ფასი არაფერია...

9 თებერვალი, ხუთშაბათი
წუხელ გვიან დავიძინე. სამამდე საინფორმაციოების გამეორებებს ვუყურე. გუშინ, დილიდან, მხოლოდ მედიამონიტორინგის მონაცემებს ვეცნობოდი, მაგრამ ყველაფრის თვალის მიდევნება ვერ მოვასწარი და სინდისის დასამშვიდებლად გამეორებები ვნახე. ასეთი ყურადღება სექსს ჰგავს, ვნების გარეშე, გზავნილების ე.წ. „მესიჯების“ ანალიზის პროცესში შინაარსები სიმძაფრეს კარგავენ. როგორც ჩანს, არა მარტო პროფესიონალებისათვის. საზოგადოებაც მიეჩვია „მესიჯების ომს“, მკვეთრ დებულებებს და შეფასებას. ჯერ სად არის „ომები“ - სამი-ოთხი თვის შემდეგ ნახე, წელს ხომ მორიგი გზის გასაყართან ვდგავართ, სადაც ქვეყნის ბედი ისევ ჩვენს ხელშია. ხანდახან მეჩვენება, რომ გავგიჟდით და ამის გამო აღვიქვამთ გარემოს არაადეკვატურად. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ნორმალურები, სიმცირის გამო, პათოლოგებად მიიჩნევიან და თითქმის ვერასდროს ახერხებენ საზოგადოების აქტივობის დეტერმინაციას. მეორე მხრივ, შეიძლება სწორედ ეს არის ნორმა.

გიორგი მირეკავს, პროდიუსერი, ძალიან ზრდილობიანი და კეთილი ბიჭი. უარი ვუთხარი, არავითარი „საუბრები“, ინტერვიუები, კომენტარები ამ პერიოდში, ამგვარი აქტივობა ჯანმრთელობისთვის და საქმისთვის საზიანოა.

10 თებერვალი, პარასკევი
პარასკევიც მოვიდა. კვირა ისე გადის, თითქოს საათია. დედაჩემი ამბობდა – ხანში რომ შეხვალ, დროს მაშინ დააფასებო. დედა ყოველთვის მართალია.

დღეს მნიშვნელოვანი პროექტების პილოტები უნდა გავიაროთ. მგონი, კარგი გამოდის. პილოტების განხილვის პროცესში დაბარებულივით, მობილური ტელეფონები ყველამ სხვა ოთახში გავიტანეთ. გამეცინა, ყველაფერი, რაც პროექტშია მოცემული, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება პრესითა და ტელევიზიით. არაფერი საიდუმლო და კრიმინალური არ თქმულა მთელი გარჩევის განმავლობაში. მაშ რატომ არის ეს ყოვლისმომცველი შიში – ტელეფონების მალვა, უნდობლობა და დაძაბულობა? მხოლოდ ასეთი გარემოს შექმნისათვის უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. შიშის სინდრომის დანერგვა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განზრახული ქმედებაა. მათ მოსახლეობის უმრავლესობა დამნაშავედ მიაჩნიათ, რაც ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიის განსაზღვრებას. შიში არ შეიქმს სიყვარულს – ბოდიში რუსთაველთან!

11 თებერვალი, შაბათი
მე მიყვარს შაბათი, ჩემს შვილებს - პარასკევი. შაბათს ან სათევზაოდ მივდივარ, ან ანანურში – აგარაკზე. ჩემები პარასკევს გვიანობამდე ფხიზლობენ, შაბათს კი შუადღემდე სძინავთ. ხანდახან ქალიშვილი სათევზაოდ მომყვება ჩემს შვილიშვილთან ერთად. ხან ვაჟი გამომივლის და ანანურს დახედავს. თითქოს, პირიქით უნდა იყოს, მაგრამ რა არის დალაგებული ჩვენს დროში? შუა თებერვალი – ყინვა და თოვლი მთელ საქართველოში. ასე რომ, ჩაიშალა თევზაობაც და ანანურიც. ის კი არა და, ტელევიზორიდან ისეთი შეშფოთებული ტონით გვაცნობებენ, თოვლი და ქარია მოსალოდნელიო, თითქოს ჟამთასვლა ამათ აღმოაჩინეს პირველად და ზამთარი რომ თოვლს და ქარს მოიტანს, დიდი ალბათობით, დღეს გახდა ცნობილი.

ერთი ძალიან კარგი შეხვედრა მაქვს ნახევრად საქმიანი, ერთი შეხვედრა, რომელზეც წასვლას არ ვაპირებ, რადგან უაზრო დროის ფლანგვა იქნება. დღევანდელ დღეს დადებითი ენერგიის შევსებას მოვანდომებ. წავიკითხავ წიგნს, რომელიც დიდი ხანია, მელოდება ჩემს საწერ მაგიდაზე და დავხატავ. ვთქვი ეს სიტყვა და იდეურად გავწითლდი, ისე, როგორც წითლდება პატარა ბიჭი სიყვარულზე საუბრის დაწყების დროს.

მე პატარა აღარ ვარ, მაგრამ ხატვა ჩემი ინტიმური სფეროს ნაწილია და, რადგან არანაირი ცოდნა ამ სფეროში არ გამაჩნია, თავს იმ ბავშვივით ვგრძობ, რომელიც მალულად კაკლის მურაბას ჭამს, როდესაც ვინმე ფუნჯით ხელში დამინახავს. ასე, რომ დღეს სეზანი ვხდები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG