Accessibility links

logo-print

„ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭო პუტინის კრიტიკას გადაჰყვა


ალექსეი ვენედიქტოვი და ვლადიმირ პუტინი

ალექსეი ვენედიქტოვი და ვლადიმირ პუტინი

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ლიბერალური რადიოსადგურის - „ეხო მოსკვის“ -დირექტორთა საბჭო, მედიის მესაკუთრის „გაზპრომ-მედიაჰოლდინგის“ გადაწყვეტილებით, დაიშალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა რადიო „ეხო მოსკვი“, რომელიც, პუტინის თქმით, მას დღე და ღამე ლაფს ასხამს.

რადიო „ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა მარტის ბოლოს დასახელდება, მანამდე კი „გაზპრომ-მედიაჯგუფმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია დირექტორთა საბჭოში „ბიზნეს-მენეჯერის“ შეყვანის აუცილებლობით. თუმცა რადიოსადგურის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ საბჭოს დაშლა არის „გაზპრომ - მედიაჯგუფის“ რეაქცია პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე. გასულ თვეს რუსეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა „ეხო მოსკვი“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რადიო მას განუწყვეტლივ ჩირქს სცხებს:

„მე ხომ თქვენზე არ ვბრაზდები, როდესაც ათას სიბინძურეს ამბობთ ჩემზე. თქვენ კი ბრაზდებით, ორი სიტყვა ვთქვი და უკვე გაბრაზდით.“
იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას ეშინია მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებებისა ...

ასეთი მძიმე საუბარი ვლადიმირ პუტინსა და რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვს შორის გასულ თვეში კრემლში გაიმართა. მაშინ პუტინმა რადიო აშშ-ის „საერთაშორისო პოლიტიკის“ მომსახურებაშიც კი დაადანაშაულა. ალექსეი ვენედიქტოვი რადიოს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრია და, „გაზპრომ -მედიაჰოლდინგის“ გადაწყვეტილებით, თანამდებობა მანაც დატოვა, თუმცა შეინარჩუნა რედაქტორის პოსტი და სარედაქციო თავისუფლება. ვენედიქტოვმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა კომენტარი, რომელშიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ირონიულად გაზპრომის „ვალენტინის დღის“ საჩუქარი უწოდა.

დირექტორთა საბჭოდან დაითხოვეს მისი კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრი, ევგენი იასინი, რომელმაც ჰოლდინგის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიის მიმართ კრემლის შიშით ახსნა:

„ახლა, როგორც ჩანს, იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას ეშინია მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებებისა და მიმართავს ზომებს, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო უსიამოვნებები.“

რადიოსადგურის ჟურნალისტები და აქციონერები დირექტორთა საბჭოდან მათ გაყვანას უსამართლოდ მიიჩნევენ. „გაზპრომ-მედიაჰოლდინგი“, რომელიც საინფორმაციო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რადიო „ეხო მოსკვის“ აქციათა 66 პროცენტს ფლობს, დანარჩენი 34 პროცენტი კი ჟურნალისტების ხელშია. კომუნიკეში, რომელიც რადიოსადგურის ჟურნალისტებმა გაავრცელეს, დირექტორთა საბჭოს ვადამდელი დათხოვნა სწორედ ხელისუფლების უმაღლესი პირების კრიტიკით არის ახსნილი. თუმცა ამ აზრს არ იზიარებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჰოლდინგის ხელმძღვანელებს ბიზნესინტერესები ამოძრავებთ და არა პოლიტიკური მოტივები.
XS
SM
MD
LG