Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდა თუ არა დევნილთა შეღავათი ელექტროენერგიაზე?


წეროვანის დევნილთა დასახლება
წეროვანის დევნილთა დასახლება
იმ დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 2012 წლის იანვრიდან მოეხსნათ, ამტკიცებს საპარლამენტო უმცირესობა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დევნილებს შეღავათები არ გაუქმებიათ, უბრალოდ, ინდივიდუალური გამრიცხველიანების დასრულების გამო, სახელმწიფო სახსრების გადაანგარიშება მოხდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას სიტყვებით, იმ დევნილებს, რომელთაც სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართები და სადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა, ელექტროენერგიის შეღავათი კი არ გაუუქმდათ, როგორც ამას საპარლამენტო ოპოზიცია, მისი თქმით, ზედაპირულად ამტკიცებს, არამედ სახელმწიფომ სახსრები გადაიანგარიშა. თუ აქამდე 28-ლარიან შემწეობას ის დევნილები იღებდნენ, რომლებიც არაორგანიზებულად იყვნენ ჩასახლებული, ხოლო 22-ლარიან შემწეობას იღებდნენ კომპაქტურად ჩასახლებულები, ამ უკანასკნელთათვისაც შემწეობა 28-ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 6 ლარი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას მოხმარდება:
100 კილოვატი ელექტროენერგია ჩვენს ქვეყანაში 17 ლარი ღირს. შესაბამისად, 6 ლარი ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი. თანაზომიერი კომპენსაცია 17 ლარია...
გიორგი ახვლედიანი

”მას შემდგომ, რაც ამ ადამიანებს სახელმწიფომ გადასცა კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი სადგომები, რაც მოხდა ამ სახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მას შემდგომ მოხდა სახსრების გადათვლა და ამ ადამიანებს პირდაპირ გადაეცემათ ეს თანხები, ანუ 22 -ლარიანი შემწეობა, რომელიც ჰქონდათ მათ დანიშნული, გახდა 28 ლარი, რაც აქამდეც ჰქონდათ კერძო სექტორში ჩვენს დევნილებს.”

ლაშა თორდიას ამ არგუმენტს არ იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ახვლედიანი. რადგან აქამდე სახელმწიფო დევნილებს თვეში ერთ სულზე 100 კილოვატ/ საათ უფასო ელექტროენერგიის მოხმარების საშუალებას აძლევდა, მისი სიტყვებით, სწორედ ეს შეღავათი გაუუქმა სახელმწიფომ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, 100 კილოვატი ელექტროენერგია 17 ლარი ღირს, რაც 6 ლართან თანხვედრაში ვერ მოდის:
გიორგი ახვლედიანი
გიორგი ახვლედიანი

” მათ გამოაცხადეს, რომ 28 ლარი იქნება 22 ლარის ნაცვლად დევნილთა კომპენსაცია, ანუ 6 ლარი, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა ყოველთვიურად, დევნილისთვის ელექტროენერგიის კომპენსაციას აღარ გადაიხდის და გადასცემს ამას დევნილს, მაგრამ, უკაცრავად და,100 კილოვატი ელექტროენერგია ჩვენს ქვეყანაში 17 ლარი ღირს. შესაბამისად, 6 ლარი ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი. თანაზომიერი კომპენსაცია 17 ლარია.”

გიორგი ახვლედიანის სიტყვებით, იმ დევნილებისთვის, რომელთაც სახელმწიფომ ახალი საცხოვრებელი ფართები გამოუყო, ასეთი შეღავათის გაუქმება დიდ პრობლემებს ქმნის, რადგან ახალი ჩასახლებები მეტწილად გაზიფიცირებული არ არის და გათბობის ერთადერთ საშუალებად სპირალიანი ელექტროღუმელი რჩება, რაც ძალიან ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავს.

ამ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას საპარლამენტო სესიაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაიაც:

” ჩვენ ვხედავთ ერთ რაღაცას: დევნილს მისცეს საცხოვრებელი სახლი, მაგრამ არ მოხდა ამ დევნილის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილით, არ მოხდა მისი საბოლოო ინტეგრაცია საზოგადოებაში და ეუბნებიან, არც დახმარებას მიიღებ, არც სამსახური გაქვს და არც ელექტროენერგია გექნებაო. რითი დაფაროს ის ხარჯები, რომლებიც მას აქვს?”
არავინ არ მუშაობს, ოჯახიდან ერთი წევრი მუშაობს მარტო, ორი პატარა ბავშვი მყავს და სიცივით ხომ არ მოვკლავ...
წეროვანში ჩასახლებული დევნილი

იმ დევნილების განცხადებით, რომელთაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში აქვთ გადაცემული, ელექტროენერგიის შეღავათის შემცირება მართლაც რეალური პრობლემაა. ამ საკითხთან დაკავშირებულ გულისტკივილზე საუბრობენ წეროვანში ჩასახლებული დევნილებიც:

”დევნილები ვართ, გაჭირვებული ხალხი ვართ. ეს დენის შეღავათი გვქონდა, არა გვიშავდა. ისიც მოგვიხსნა თუ რა ქნა... ნება იბოძოს და ისევ ისე მოგვცეს.”

”არავინ არ მუშაობს, ოჯახიდან ერთი წევრი მუშაობს მარტო, ორი პატარა ბავშვი მყავს და სიცივით ხომ არ მოვკლავ. ჭორი გავარდა, რომ 6 ლარს გიმატებენო თითო სულზე. 13 ლარი იყო და სად 13 ლარი და სად 6 ლარი. თუმცა ამ მთავრობისგან ეგეც რაღაცაა. ჩვენც ცოდოები ვართ და ვინმემ მოგვხედოს. ”


რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს პოზიციის გაგება ვერ მოახერხა, რადგან ვერც ერთ პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება ვერ შევძელით - ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG